სიკვდილმისჯილი

შორიდან ვხედავდი, როგორ ადიოდა ამაყი კაცი კიბეზე.

ხელზე ბორკილები ედო, თავი მაღლა ჰქონდა აწეული

Continue reading სიკვდილმისჯილი

ალერგია

დილის 6 საათი იყო. სასწრაფოდ წამოვხტი ლოგინიდან. ვცდილობდი უხმაუროდ მემოძრავა. ნელ ნელა დავიწყე ჩაცმა. მზის პირველი სხივები ეპარებოდა ცას. ძალიან ლამაზი იყო, ან არ იყო. Continue reading ალერგია

მზე და მთვარე

გაზაფხულდა. ისევ ატყდნენ მარტის კატები.

ისევ ატყდა გული შენს მიმართ. ვზივარ და ვფიქრობ.

რა იქნებოდა? რა იქნებოდა რომ…

მაგრამ არ მინდა ამაზე ფიქრი. მე ჩვენი ბოლო შეხვედრა მახსენდება.

ჩახუთულ ოთახში ორნი ვიყავით. მე ფეხზე ვიდექი, შენ ჩემს წინ იჯექი.

ცრემლებისგან იხრჩობოდი, მე კიდევ ცრემლებს ძლივს ვიკავებდი.

Continue reading მზე და მთვარე

უთხარი!!!

“რამდენი რამის თქმა მინდა, რომ იცოდე გაგიჟებოდი. გულში სევდა მაქვს. სახეზე კი ღიმილი გადამფენია. რა პატარა სიტყვაა და რა რთულია ამის თქმა. “მიყვარხარ”. ყოველთვის ღიმილით წარმოვიდგენ იმ მომენტს, როდესაც ყველაფერს მოგახლი. თუმცა მეშინია. ძალიან მეშინია. შენი დაკარგვის და შენს გარეშე ყოფნის. ყველა ამბობს, რომ ძლიერი უნდა ვიყო და გითხრა ყველაფერი…”

– ჰა, რა იყო ბიჭო კიდე რაღაცეებს დღაბნი?

– არ ვდღაბნი… ვწერ. და საერთოდაც რა შენი საქმეა.

– “აბიჟაეშ”.

– ჰა? რა არის ეგ იჭმევა?

– ატრაკებთ თქო. წამო წამო აწიე ერთი ადგილი. ხო ხედავ მაღაროელს გავხარ უკვე. სახეზე ფერი არ გადევს.

– ვინ შემოგიშვა საერთოდ.

– კარები უნდა ჩაკეტო ხოლმე ჭკვიანო.

– ჩემი ძმა, რო არ იყო დაგკოდავდი. ან რა კარები უნდა ჩავკეტო ერთ ოთახში ვცხოვრობთ.

– ფეხები არავისთვის მოგეჭამა მარა… ადე რა გარეთ გავიდეთ. თორე შენ გოგოსაც მე შევხვდები. ხო იცი როგორ ვგავართ ერთმანეთს.

– შენნაირი მახინჯი არ ვარ.

– სარკეში ჩაიხედე. – გიო მივიდა და სახე სახესთან მიუტანა.

– ხო ვიცი რო მგავხარ.

– ხო შენც მგავხარ. ტყუპისცალო ნაბოზარო. აწიე ეგ ჩემსავით სექსუალური ტრაკი და გავიდეთ სადმე.

– მიდი მოვდივარ. – ლევანიც მოვიდა ხასიათზე. თან არ უნდოდა ტყუპისცალისთვის ეწყენინებინა.

სახლიდან გამოვიდნენ. ორივეს ერთნაირი ჩვევა ჰქონდა. სადარბაზოდან პირველი ნაბიჯის შემდეგ სახლის ფანჯრისკენ იყურებოდნენ. “დედა არ იყურება” გაიფიქრებდნენ და სიგარეტის მყრალ ბოლს აფუილებდნენ.

– რაო იმ გოგომ რა გითხრა. შეგხვდება? – გიომ გახედა ძმას.

– …

– ესე იგი არა.

– აირტყავ. არ მითქვამს შემხვდი თქო. – თავი დახარა ლევანმა. ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და თავის ძმას გზად მყოფი სკამისკენ მიანიშნა.

– ჯიგარ. მესამე ღერს ეწევი უკვე რა იყო. დაელაპარაკე და დაპატიჟე სადმე. თუ გინდა მე წავალ შენს მაგივრად.

– ხუთი წუთიც ვერ გაუქაჩავ. გაგაგიჟებს.

– მიყვარს აღვირახსნილების დამორჩილება. ეე. რას აკეთებ. მეტკინა. – გიომ ერთი წამოარტყა თავში თავის ძმას.

– ხო იცი მომწონს. ნუ ამბობ ეგრე.

– მერე შე ქლიბო მიდი და უთხარი.

-უარი რომ მითხრას. მერე რა ვქნა.

– ბებიაჩვენისამ. ჯერ არ მიგიღია უარი.

– ეს სხვაა ძმაო. კი არ მომწონს მიყვარს კიდეც.

– ატრაკებ… რა ქვია?

– გ… – გიოს ხმა ჩაუწყდა.

– რა გ? გ ქვია?

– არა გენო. გენო მოდის.

-გენო ვინღაა.

– მამამისია. – გიომ თავი გაიქნია. ლევანის მიანიშნა საით უნდა გაეხედა.

– გენო? ვლადიმეროვიჩის გოგო მოგწონს ბიჭო? დედა არ გეცოდება? კოჭებს დაგიხვრიტავს. უფრო სწორედ ეგ და მამა ერთად დაგიხვრეტენ კოჭებს. ხო იცი არ ევასებათ ერთმანეთი.

– ერთი მაგათიც.

– ჰაა ბიჭო.. მამას ნუ აგინებ- გადაიხარხარა ლევანიმ.

– შენც მიყევი თუ გინდა.

– არა იყოს. სისხლი რო დაგჭირდეს ვინმემ ხო უნდა გადმოგისხას.

– რა ჭკვიანი ხარ. პირდაპირ მიკვირს როგორ ხარ ჩემი ძმა. მარა მიყვარხარ შე ჩათლახო – გიომ ერთიც წამოარტყა თავში ძმას და გაიცინა.

– აბა რას აპირებ. ერტვი თუ არა გენადიევნას.

– კაი რა. ნუ ღადაობ.

– ე… “აბიჟაეშ”. არ ვღადაობ.

– ზაფხულამდე ვეტყვი… მერე გერმანიშიც წავალთ და იქნებ იფიქროს ამ ყველაფერზე. ეხლა აწიე ერთი ადგილი და გავიაროთ სადმე.

რეალობა????

ხანდახან გონება საფერფლესავით მევსება. ათასი სახის ნაგვით მაქვს სავსე. ზემოთ სიგარეტის ნამწვავია. ქვემოთ ფერფლი. ფერფლი დიდხანს რჩება გონებაში. ხოლო ის ნაგავი, რომელსაც სიგარეტი ქვია, ხშირად მივარდება გონებიდან.

ყოველ დილით ვდგები და ისევ ვარღვევ წინა დღისით დადებულ პირობას, რომ აღარ მოვწევ. ყოველ დილას ვდებ პირობას, რომ უფრო ადრე დავიძინებ. თუმცა ყოველ საღამოს ირღვევა ეს ყველაფერი. ყოველდღე ვუახლოვდები სიკვდილს და ყოველი დღე სიბნელის შიშით მთავრდება. სასაცილოა. ადამიანს იმისი ეშინია, რისი გარღვევაც ხელის ერთი მოსმით შეუძლია. მეც შემიძლია დავარღვიო სიბნელე, თუმცა არ მინდა. თითქოს სადღაც გონების ერთ ადგილას ჩაბუდებული მაქვს, რომ არ ღირს ამის გაკეთება. თითქოს ვიღაც მკარნახობს, რომ უნდა მეშინოდეს.

არის საღამოები, როდესაც არ მეშინია. ამ დროს უბრალოდ მარტო არ ვარ. ჩემი აზრით, სიბნელის შიში მარტოობაა. სიბნელე გვაგრძნობინებს ჩვენი სხეულის თითოეულ ნაწილს და ვგრძნობთ, რამდენად მარტოები ვართ. რამდენად უსუსურები და დაუცველები ვართ. სიკვდილის და სიბნელის შიში ერთმანეთს ძალიან ჰგავს. ორივე ჩვენი ცხოვრების აჩრდილია. ყოველთვის უკან დაგვდევს და თითქოს შიგნიდან გვჭამს. მე მათ ყვავებს ვეძახი. (რომანტიკოსების გავლენაა).

ერთი “ბიჩოკი” გადავაგდე ჩემი საფერფლედან. მეორის ჯერი დგება. თუმცა სანამ მეორეზე გადავალ კიდევ ერთ ღერს მოვუკიდებ.

ვფიქრობ, რომ ზედმეტად ვიზღუდებით მწეველები. ყველა გარშემო თანასწორობაზე საუბრობს, როდესაც ჩვენ ვინც ვეწევით გვზღუდავენ. გვიშლიან იქ მოწევას სადაც, რატომღაც ვიღაც ტვინიკოსმა დაასკვნა, რომ არ შეიძლება მოწევა. არა არ ვგიჟები ამ ჩვევაზე თუმცა ვერ ვხვდები, სუნთქვას რატომ არ უშლიან არამწეველებს. ხშირად ზოგი მწეველი სიგარეტით სუნთქავს. ბევრს არ ვითხოვ, უბრალოდ გაგვიშვით. საკუთარი შეზღუდვებიც გვეყოფა. რომელიც ყოველ დილით იწყება. ალბათ ყველა (მათ შორის მეც) ყოველ დილას ერთიდაიგივე პირობას დებს, რომ აღარ მოწევს დღის განმავლობაში. მაგრამ ეს უბრალოდ ჩვევაა. უნებისყოფოებს გვეძახიან. აბა სცადონ და მთელი დღე ნებისყოფიანად ქაჩონ ეს “ძაღლისგაგდებული” სიგარეტი. თუმცა ვაღიაროთ. არც კი ვცდილობთ.

ისევ მოვისროლე ერთი “ბიჩოკი”. რა დამღლელია ეს გრძნობებისგან დაცლა. ყველაზე არასასიამოვნო პროცესია. თუმცა ერთი რამ მახარებს ხოლმე. მიხარია როდესაც ჩემს დაწერილს ვინმე კითხულობს. თუნდაც არ მოეწონოს. წაიკითხეთ. იქნებ რამე მეშველოს და უფრო ხშირად ამოხეთქოს ხოლმე გრძნობებმა. დაძლიოს ეს მკვლელი მელანქოლია, რომელიც სხეულს თითქოს გარედან შემოჰკვრია და განძრევის საშუალებას არ მაძლევს. არა მე არ ვწუწუნებ, არც უკმაყოფილო ვარ ყოფით. პირიქით, ვფიქრობ, რომ ეს რეალობაა. და ამას უნდა შევეგუოთ. რა საჭიროა იმასთან ბრძოლა, რაც მოგვწონს. ხშირად ვფიქრობ, ხოლმე ამაზე. ვუსმენ ხალხს და თითქოს დაღწევა უნდათ იმ რეალობიდან, რომელშიც მთელი ცხოვრება გალიეს. თუ უკმაყოფილო ხარ სხვა რეალობა მოირგე და შეეშვი წუწუნს. ეს ყველაფერი ზემოთხსენებული არ იყო წუწუნი. პირიქით მიხარია, რომ ასეა. ცხოვრება თუ უინტერესოა არის მასში რაღაც მიმზიდველი.

ხშირად არ მესმის ვინ დაადგინა რა არის საინტერესო და რა უინტერესო. თუ მე ვცხოვრობ ამ რეალობაში მაშინ როგორ არის ეს უინტერესო. ჩემთვის სულაც არაა ჩემი ცხოვრება უინტერესო. ყოველი ჭიქა ჩაი, ყოველი ღერი სიგარეტი, ყოველი ახალი ადამიანი, რომელსაც გავიცნობ ჩემთვის სიხარულის მომტანია. თუმცა არა, სიგარეტი არ მახარებს ხოლმე მაინცდამაინც.

ჩრდილები

ყოველ ამოსუნთქვას ნაცრისფერი ორთქლი მოყვებოდა. ტუჩი ოდნავ გიკანკალებდა და მთლიანად ჩემზე იყავი მოკრული. შენს თმებს ვეთამაშებოდი და მთელი სხეულით შენს სურნელს შევიგრძნობდი. შენი თმის ფერი კუპრივით შავი იყო. შენი ტუჩები კი წითელი. ჩემი ტუჩებიც მოთხვრილი იყო შენი საცხით, თუმცა ვის აღელვებდა ეს.

ვიწექით და მთლიანი მსოფლიო ჩვენს ქვეშ იყო. ოთახი ცარიელი იყო. თუმცა მაინც იყო რაღაც რაც სიჩუმეს არღვევდა. ეს იყო ჩვენი სუნთქვა, რომელიც თითქოს ერთი ადამიანის სუნთქვა იყო. შენ ჩემს მკერდზე გედო ხელი. და ჩემს გულისცემას ტლაქ ფეხს აყოლებდი. შენი მეორე ხელი კი სადღაც უსასრულობაში გადაგეგდო.

არ გვყოფნიდა ერთმანეთი. საოცარი ლტოლვა იყო. საოცარი გრძნობა არღვევდა სიბნელეს. შენგან წამოსული სინათლე კი მაბრმავებდა. სხეულის თითოეულ წერტილში შეჭრილი შენი სიყვარულის გრძნობა მათბობდა. თუმცა მაინც მციოდა. ვკანკალებდი და მეშინოდა. მეშინოდა ეს სათუთი გრძნობა ერთი ხელის მოსმით არ დამსხვრეულიყო.

უცნაურია ადამიანის გონება, ასეთ კარგ მომენტებში ყოველთვის რაღაც ცუდზე ვფიქრობთ. თუმცა ეს ალბათ ე. წ. მეექვსე გრძნობაა, რომელიც ყოველთვის სადღაც იმალება და მუდამ გვაშფოთებს. უცებ ვენებში სიძულვილმა დამიარა. მთელი სხეულით თითქოს შენს გაგდებას ვცდილობდი. თვალწინ სხვა დამიდგა შენს გვერდით. ალბათ წარსული დავინახე. ის წარსული, რომელიც მომავლად მექცა.

მომავალი კი ახლა სვავივით დამსდევს უკან. რომელსაც გულმკერდი არ უნდა ანახო, თორემ დაგიფლითავს და შენი სხეულიდან სულს ამოძირკვავს.

მაგრამ მაშინ არ მადარდებდა ეს. ისევ დამიარა სიყვარულმა. ისევ დაგეწაფე და ალბათ უკანასკნელად შენი სითბოც ვიგრძენი.

ბავშვობის ღამის კოშმარები

ჩემს საწოლში ვიწექი. ვიწექი ჩუმად და სახლის სუნთქვას ვუსმენდი. დიახ, სახლი თითქოს სუნთქავდა. გარშემო გამეფებულ სიბნელეს, თვალს ვაჩვევდი და ამ სიბნელეში თითქოს სხვადასხვა არაბუნებრივი ქმნილებები მესახებოდნენ. ამ ეფექტს, კედლიდან მომავალი ხმა ამძაფრებდა, თითქოს მილებში რაღაც დაბოდიალობდა, გამუდმებით აკაკუნებდა და ხანდახან სახელითაც მომმართავდა.

ცოტა არ იყოს და მართობდა ეს ყველაფერი. შემცივდა და გადავწყვიტე რაიმე დამეფარებინა. წამოვდექი თუმცა ბავშვობის შიში გამახსენდა, რატომღაც მეგონა, რომ ჩემი საწოლის ქვეშ პატარა არსებები იყვნენ, რომლებიც დამესეოდნენ. ამაზე გამეღიმა და წამოვდექი. თუმცა მაინც გული შემიქანდა, როდესაც იატაკს ფეხი შევახე. თუმცა წამიერმა ელდამ გადამიარა და ღიმილით გავაგრძელე გზა, შუქის ასანთებად.

შუქი აინთო თუ არა მაშინვე გადაიწვა ნათურა, ნათურიდან გადმოვარდნილი ნაპერწკალმა წამით გაანათა ოთახი და ჩემს წინ ისევ ჩრდილების ცეკვა დაიწყო. თავი საშინელებათა ფილმში მეგონა. მაგრამ ეს ნაკლებად მადარდებდა. ერთი ნაპერწკალი აინთო ჩემს წინ. კარგად დაკვირვების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ფანჯარაში ვიყურებოდი, ოთახიდან გასვლის თავი არ მქონდა. გადავწყვიტე ხელის ცეცებით მომეძებნა საბანი. მალე მივაგენი, კარადის, რომელიღაც განყოფილებაში.თითქოს უსასრულოდ დიდი მომეჩვენა სიცარიელე კარადის შიგნით.

საწოლს დავუბრუნდი, უკვე აღარ მციოდა და გადავწყვიტე დამეძინა. თუმცა ეს უფრო ძილმა გადაწვიტა. თვალები მეხუჭებოდა და ჩემს წინ მოძრავი ჩრდილები უკვე აღარც მადარდებდა. სიზმარი ვნახე, მინდორში ვიყავი. მზით იყო განათებული მინდორი, თავი ვიღაცის კალთაში მედო, მისი სახე ვერ დავინახე, მის უკან მზე იყო და სახე არ ჩანდა. გრძელი წითელი თმა ჰქონდა, და თითქოს მხოლოდ მის ღიმილს ვხედავდი. თავზე ხელს მისვამდა და მეც საოცარ სიმშვიდეს ვგრძნობდი. თითქოს მეორედ დავიძინე სიზმარში.

წამიერად თითქოს რაღაც შეიცვალა, მზე ღრუბლებმა დაფარა, ბალახი წამერად დაჭკნა, ზემოთ ავხედე გოგონას, მისი სახე ჩამოჭკნა. ყურისწამღებად დაიწივლა, კანი თითქოს მტვრად იქცა, მხოლოდ ძვლები დარჩა. მისი ჯერ კიდევ კიოდა, უცებ თავზე დამეცა.

ამ დროს გამეღვიძა, საკუთარ ოფლში ვცურავდი. მძიმედ ვსუნთქავდი და გული სწრაფად მიცემდა. სული მოვითქვი და სიგარეტს მოვუკიდე.

-ეს მხოლოდ სიზმარია. – ხმამაღლა შევუძახე საკუთარ თავს. (თითქოს ეს გამბედაობას შემმატებდა).

სიგარეტის კვამლი არ ჩანდა და გამუდმებით თვალებში მხვდებოდა. გაცრემლიანებულ თვალებში კი სულ ჩონჩხები მელანდებოდა. საკმაოდ მალე ჩავაქრე სიგარეტი და ისევ წამოვწექი. ზემოთ ვიხედებოდი, ვგრძნობდი, რომ ვმშვიდდებოდი.

თვალებს ვხუჭავდი და ახლა უკვე მშვიდად ვიყავი, უცებ შუბლზე ხელის შეხება ვიგრძენი, მაშინვე წამოვხტი. ელდას კიდევ არ გადაევლო. მოვათვალიერე ოთახი და ისევ სიზმარს დავაბრალე, თუმცა ჩემს წინ, კედელზე, სინათლე აკიაფდა. თითქოს ცეცხლის ენები იფრქვეოდა. ნელ ნელა გაიზარდა, ვხედავდი როგორ ცვიოდა საღებავი კედლიდან. მუხლებზე წამოვხტი და პირდაპირ სინათლისკენ გავიწიე. თუმცა ჩემს გარშემო უკვე რამოდენიმე ასეთი წერტილები აენთო. უცნაური იეროგლიფებით მოიხატა მთელი ოთახი. ეს იეროგლიფები კი ნელ ნელა მიახლოვდებოდა, ახლა უკვე ჩემს საწოლს მოედო. ვერ ვარჩევდი რა იყო. თითქოს უკვე სხვაგან ვიყავი. კარი უკვე აღარ იყო, მის ადგილას იეროგლიფების ნაცვლად ცეცხლოვანი ცხოველები იყვნენ გამოსახულყვნენ. მათი თვალები თითქოს სულში მიცქერდა და შიგნიდან მწვავდა.

იეროგლიფების მთელი არმია თითქოს ყველა მხირდან მიტევდა და უკვე ჩემს სხეულზეც აცოცებულიყვნენ. მთლიანად დამფარეს. განძრევა, რომც შემძლებოდა ალბათ ვერც გავინძრეოდი ასე დამუნჯებული და გაშეშებული ვიდექი და საკუთარ ხელებს დავყურებდი, სადაც უკანასკნელი ირეოგლიფები იკავებდნენ ადგილს. თითქოს მწვავდა კიდეც, თუმცა ცხელი არ იყო. ოთახის კედლები თითქოს მთლიანად გაქრა, და გარშემო წითლად აინთო ყველაფერი. ცეცხლისფერი თვალებს მიბრმავებდა და დახუჭული თვალებიდანაც ვხედავდი გარშემო მოძრაობას. მუხლებზე დაჩოქილი და ხელებ აპყრობილი ვიყავი გაშეშებული. გარშემო ვგრძნობი მოძრაობას. მაგრამ არ ვიმჩნევდი არაფერს. მეშინოდა და თითქოს ცრემლებიც მომდიოდა. თვალის უპეზე ცივი და ბასრი რაღაც მომედო. მწველი ტკივილის ვიგრძენი და სახეზე ჩამოღვრილი სისხლის სუნი მეცა. თვალები გავახილე და “ის” ვიხილე. ჩემსკენ ზურგშექცევით იდგა, გრძელი თმა წელამდე ჩამოშლოდა. მთლიანად შიშველი იყო. და ამ წყეული სიცხის მიუხედავად საოცარ კანკალს აეტანა. ხმის ამოღებას ვერ ვბედავდი. მისი სხეულიდან გამომავალ წვრილ ძაფებს გავაყოლე თვალი, სადღაც ზემოთ კი თითქოს დიდი ხელი მოჩანდა, რომელიც მარიონეტივით მართავდა გოგონას. ეს არაბუნებრივი კანკალიც ალბათ ამის ბრალი იყო. საკუთარ ხელს დავაკვირდი და  დავინახე(მიუხედავად იმისა, რომ სისხლი მდიოდა) თავს ზემოთ აღმართული ხელი, თითქოს მის გარეშე ვერ გავმოძრავდებოდი. უცებ ჩემს წინ გოგონა შეირხა, მოტრიალდა და წინ საშინელი გამომესახა. გოგონას სახის ნაცვლად თავის ქალა უჩანდა. თმა კი პირდაპირ ამ თავის ქალიდან ამოზრდოდა. ყბა დაეღო და თითქოს კიოდა. ალბათ კიოდა კიდეც, თუმცა შოკისგან არაფერი მესმოდა. სწრაფად გამოქანდა ჩემსკენ, მიწისთვის არც შეუხია ფეხი. დაჯახების წინ თითქოს მისი თვალის ბუდეებიდან გადმომდინარი ცრემლი დავინახე, თუმცა ალბათ მომეჩვენა, რადგან შემდეგ არაფერი მახსოვს.

ისევ ჩემს საწოლში ვიწექი, კანკალს ავეტანე, გარშემო არაფერი ჩანდა. წამოვხტი და შუქი ავანთე, ყველაფერი ადგილზე იყო, ნათურა, კარები, კარადა და საწოლი. ოთახის ფერიც უცვლელი იყო. მხოლოდ ერთი რამ მაღელვებდა, მე სხეულს აღარ ვეკუთვნოდი. ჩემს სხეულს ზემოდან დავცქეროდი, რომელიც მთლიანად წითელი იეროგლიფებით იყო მორთული.

სურათი, ოთახი

ოთახებით მოჭედილ სურათში ვიდექი… უფრო სწორედ სურათებით მოჭედილ ოთახში ვდგავარ, გარშემო მხოლოდ სურათებია, არაფერი სურათების გარდა. ჩემს ყურადღებს ერთი სურათი იპყრობს. მასზე მხოლოდ ორი ადამიანია გამოსახული, ორივე ზურგით დგას. ერთი გოგოა მეორე ბიჭი. თითქოს მეცნობა სიტუაცია, მაგრამ არაფერი მახსოვს.

ახლა სხვა სურათზე გადამაქვს ყურადღება, აქ უკვე ორი ბავშვია გამოსახული, ორივე მხიარულად იცინის, ერთს წითური თმა აქვს. თუმცა სურათზე არ ჩანს. რადგან შავ-თეთრია. თუმცა უბრალოდ ვიცი. საიდან ვიცი? არ ვიცი. უბრალოდ ვიცი, რომ ვდგავარ და სურათებს ვათვალიერებ. ისევ სხვა სურათზე გადამაქვს ყურადღება, აქ მხოლოდ ერთი ადამიანია, რომელიც კუთხეში არის მიყუჟული და ალბათ ტირის კიდეც. ხელში წერილი უჭირავს, ალბათ არც ისე სასიამოვნო საკითხავი იყო წერილი. გულის სიღმეში ტკივილი ვიგრძენი. ღალატი! პირველი აზრი იყო რამაც თავში გამიელვა. თუმცა მაშინვე მიიმალა ეს აზრი.

ახლა სხვა სურათს ვუყურებდი, წყვილი ერთმანეთს ჩახუტებოდა. ვნება და სიყვარული ჩქეფდა სურათიდან. ბიჭი ფეხზე იდგა, გოგო მის წინ მაგიდაზე იჯდა და ორივე ხელი წელზე შემოეხვია. თვალები მიენაბა და მთლიანად ბიჭის სხეულს იყო მიკრული. ბიჭიც იგივე მდგომარეობაში იყო, ოღონდ მისი სახე სიყვარულთან ერთად ტკივილს ასხივებდა. ვინ უყვარდა? ან რა ტკიოდა? აპატია! ახლა მხოლოდ ეს მიტრიალებდა თავში. ისევ იცვლეობდა სურათები. თითქოს გაფუჭებული ფირი მიდიოდა ჩემს წინ. ამჯერად გოგო იჯდა კუთხეში. მის უკან დიდად ეწერა: “აღარ მიყვარხარ! (გატყუებ მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია)”. გული დამწყდა ამ ყველაფერზე. დანაშაული და სინანული! ჯანდაბა. რა აზრები მომდის თავში.

ველოდი სურათის შეცვლას, თუმცა აღარ იცვლებოდა. ვიყავი ასე გაშეშებული ერთი სურათის წინ. სურათის წინ, რომელიც ყველაზე მეტად მანაღვლიანებდა. გოგოს მიმართ სიბრალულს ვგრძნობდი, თუმცა ჩემს წინ კედელი აღიმართა, სახელად ღალატი. თვალები დავხარე და ჩემს ფეხებთან კიდევ ერთი სურათი შევნიშნე, მზი მოძრაობა იყო გამოსახული, მისი მოძრაობა დილიდან საღამომდე. თუმცა ჩასვლისას მეწამული ფერი უფრო მუქი მეჩვენა, სისხლისფერი. თითქოს პულსირებდა და  სისხლი ჩქეფდა. ისევ მაღლა ავიხედე, სურათის ნაცვლად ორი სურათი მომეჩხირა თვალში. ერთი ბიჭის მეორე გოგოსი. ორივე ზურგით იდგა. ორივე გამართული იდგა, თავი მაღლა აეწიათ და ზურგზე ფურცლები ეკრათ., ორივე ფურცელზე ეწერა, მაპატიე!. თუმცა არცერთი არ აპირებდა პატიებას. ალბათ ორივე თავისი გზით წავა. გავიფიქრე ისევ და მინდოდა სხვა სურათი მენახა. ახლა მხოლოდ ერთი სურათი იყო. ბიჭი იყო, თუმცა მარტო არ იყო. გოგოც იყო. თუმცა სხვა გოგო იყო. ალბათ განსხვავებულიც, მინდოდა ის გოგო მომეძებნა, მაგრამ ვერ ვიპოვე. ბიჭის ცხოვრებიდან გამქრალიყო. ბიჭის ზემოთ კი ისევ ტრიალებდა ფურცლების მთელი დასტა. მიუწერელი წერილები! რეებზე ვფიქრობ. ბიჭის ისტორია გრძელდებოდა, უხაროდა, სწყინდა და უყვარდა. ამჯერად უკვე სხვა. გამეღიმა, მიხაროდა. ზურგზე ჩხვლეტა ვიგრძენი, თითქოს რამეს მარჭობდნენ, მოვიხედე, არავი იყო. ზურგზე ხელი მოვიკიდე და ყველაფერს მივხვდი. ეს ბიჭი მე ვიყავი, მე მიყვარდა და ახლაც მი…

– გუგ… გუგაა. გაიღვიძე. სურათების თვალიერებისას ჩაგეძინა. – უპასუხა ვიღაცამ ჩემი დაბნეული მზერის საპასუხოდ.

მუხლებზე დავიხედე სურათების ალბომი მედო. ალბომზე კი ბიჭი იყო, რომელსაც არც უყვარდა არც სძულდა, ის უბრალოდ ძალიან პატარა იყო.

ქალაქში…

პატარა ქალაქი იყო. ლამაზი, მაგრამ მოძველებული. დიდებული, მაგრამ პატარა. დავეხეტებოდი უმიზნოდ, არეულად. მხოლოდ ერთი რამ მადარდებდა. ქალაქი ცარიელი იყო. თითოეული ქუჩა, თითოეული შუკა ცარიელი იყო. აქ არ იყვნენ უსაქმურები ან საქმიანები. მათხოვრები ან მდიდრები. ეს უბრალოდ ცარიელი ქალაქი იყო. მხოლოდ ერთი რამ მამოძრავებდა, ვიცოდი რომ ის იქ მელოდა. სად? ალბათ სადმე სადგურზე.

ასე მივყვებოდი ქუჩას, გაოცებული ვუსმენდი ქალაქის სუნთქვას, რომელიც მხოლოდ ერთ ადამიანს იტევდა. ვათვალიერებდი შენობებს, ძეგლებს და ეკლესიებს. თითქოს ყოველი ქვა ნაცნობი იყო, მაგრამ მაინც უცხოდ გამოიყურებოდა ყველაფერი. ჰაერში სიძველის სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა. არც ციოდა, არც თბილოდა. უჰაერობა არ მაწუხებდა, მაგრამ მაინც მძიმედ ვსუნთქავდი. მივდიოდი და ჩემი ნაბიჯის ხმას ვუსმენდი. საით? მე, არ ვიცოდი. ალბათ ქუჩამ იცოდა.

წინ დიდი შენობა შემეჩეხა, მაღალი და ლამაზი. დიდი ხის კარები ჰქონდა. ვუყურებდი და საოცარი გრძნობა მეუფლებოდა. ეს, ადამიანმა ააგო? ალბათ ღმერთის საჩუქარი უფრო იყო. საოცარი ნაგებობა იყო.  სადღაც იქ ზემოთ, ქვის გარგულიები იყვნენ მცველებად. მათ ზემოთ კი ადამიანები იყრიდნენ თავს. კარები კი, უბრალოდ ხის იყო. ღია არ იყო. მეგონა , რომ დაკეტილი არც არასდროს იქნებოდა. ხის კარის ზემოთ საოცარი სანახაობა იშლებოდა, ადამიანთა და ცხოველთა ხის სხეულები ერთმანეთში არეულიყვნენ. ვცდილობდი ამ სანახაობისთვის თვალი არ მომეშორებინა, მაგრამ ფეხებმა და ქუჩამ გამომაცალეს ეს სულის ამაფორიაქებელი სანახაობა. თითქოს კინოკადრივით გაქრა ჩემი მხედველობის არიდან ეს დიადი სანახაობა,

ახალ უკვე შადრევნის წინ ვიდექი, წყალი არ მოდიოდა, მაგრამ საიდანღაც წყლის, წვრილი , შხეფები მეცემოდა სახეზე. შადრევნის უკან მდინარე მოჩანდა, მდინარეზე კი ხიდი იყო, ისევ წამიერად გავჩნდი მდინარის პირას, თითქოს არც გავმოძრავებულვარ. ვიცოდი, რომ ხიდს იქით მელოდა. დაბლა დავიხედე და ისევ შეიცვალა ყველაფერი, უკვე ხიდს იქით ვიყავი და მწვანე ბალახზე ვიდექი, სიმწვანეში ჩარგულ პატარა პარკს გავდიოდი. ბალახის საამური სურნელით იყო სავსე ჩემი ფილტვები, ვგრძნობდი ვიგვიანებდი. გული დარჩენას მთხოვდა, გონება კი წინ მიიწევდა, სადღაც წინ ხეების რიგს იქით, გასასვლელი დავინახე, სწორედ იქით მივიჩქაროდი, საოცარი სისწრაფით დავფარე დარჩენილი მანძილი, მივქროდი და თან უკან ვტოვებდი ბალახის სურნელს და საოცარ სიმშვიდეს, რომელიც სიმწვანეს მოაქვს.

უაზარმაზარი შენობის წინ აღმოვჩნდი, უკან მოვიხედე, ხეების რიგი გამქრალიყო, უკან მხოლოდ უდაბნო იყო, ჩემი ნაკვალევი კი ამ უდაბნოს ცხელ ქვიშაზე მკაფიოდ მოჩანდა.

ისევ წინ მიიწევდა მთელი ჩემი სხეული. უკან მოხედვის დრო აღარ იყო, კარების ზღურბლზე გადავაბიჯე. წინ ვრცელი ჰოლი იყო, უამრავი გასასვლელი შემეჩეხა წინ, უამრავი ფერის კარები გადაიშალა ჩემს თვალწინ. ზუსტად ჩემს წინ წითელი ფერის კარები იყო ღია, თითქოს წითური თმის ფრიალიც დავინახე კარს მიღმა. ნაბიჯი გადავდგი და უკვე კარის სახელური მქონდა ხელში, ჩაბღუჯული. ბოლომდე გავაღე და ბაქანზე აღმოვჩნდი, იქვე სკამზე ერთი გოგონა იჯდა. გოგონას წითელი თმა, წელამდე ჩამოზრდოდა. ჩემსკენ ზურგშექცევით იჯდა, ნაბიჯის ხმაზე უკან არ მოუხედავს, ლურჯი ფერის კაბიდან მხრები მოუჩანდა, მის წინ დავდექი, თავი დაეხარა და თავის ხელებს დაყურებდა.

ამომხედა, თითქოს დენიმა დამარტყა, საოცარი ტუჩები ჰქონდა. წამოდგა და თეთრი კბილებით თვალი მომჭრა, იღიმოდა. მის სითბოს ვგრძნობდი, არ ვიცნობდი, მაგრამ მეცნობოდა. გამახსენდა წითელი და გამახსენდა ლურჯი. გამახსენდა სითბო და გამახსენდა სიცივე. ნაბიჯი გადავდგი და მთელი სხეულით ჩავეხუტე, ვცდილობდი მეკოცნა ამ მადისაღმძვრელ ტუჩებში, მაგრამ არაფერი გამომდიოდა, ერთ ადგილას ვიყავი გახევებული. თითქოს მივეყინე ამ წყეულ ბაქანს, რომელიც ხელს მიშლიდა მიზნის მიღწევაში. ისევ დავხედე ტუჩებზე, ამჯერად მისი ბაგეები ამოძრავდა. მოვიდა…

– ლევ… გაიღვიძე. ლევ. მატარებელი მოვიდა.

ისევ ბაქანზე აღმოვჩნდი, გოგონას ნაცვლად ნაცრისფერ ჩანთას ვეხუტებოდი, რომელიც საოცრად რბილი და თბილი იყო. თავი ავწიე და დავინახე, როგორ დაიკარგა წითელი ვაგონის, წითელ კარებში, გოგონას წითელი თმა.

სილურჯე

ცივა, ო როგორ ცივა. ისევ შევდივარ ოთახში, არ ვიცი რა ოთახია. თუმცა ისევ ვიცი, რომ ისევ იქ მელოდება ის. თითქოს დეჟავუ მემართება. თითქოს ვიცი ეს ოთახი, თუმცა მაინც სხვაა. თითქოს მახსოვს ის ყველაფერი მაგრამ მაინც სხვაა. გადავდგი პირველი ნაბიჯი, მეორე და ლურჯკედლებიან ოთახში აღმოვჩნდი. აღარ ბნელა, თუმცა სინათლის წყარო არსაიდან ჩანს. მაგიდა ისევ თავის ადგილზეა, ისევ მეცა ნიკოტინის სუნი, ისევ მეძგერა და თითქოს უკან გადმომაგდო კიდეც. მაგრამ ამჯერად აღარ მეშინია, ვიცი, რომ სავარძლის უკან დამხვდება ის ვინც დამამშვიდებს და გადამეხვევა. მაგრამ მცივა, ვიყინები. კანკალმაც ამიტანა.

ეს ცივი ლურჯი მეძგერა სულში და სხეულიანად ამაკანკალა. ამჯერად უკვე მეშინია და მცივა. ნაბიჯის გადადგმას ვეღარ ვახერხებ. ხელის მტევნებს ვუყურებ, ისიც გალურჯებულა, თითქოს იატაკის სილურჯეზე ქრება კიდეც. ვენები შემივიწროვდა და ხელები დამისკდა.

მეშინია, გაქცევა მინდა, მაგრამ ამის ნაცვლად გულში ჩამდგარი სიცივე, ნაბიჯის გადადგმის საშუალებას არ მაძლევს. თითქოს მივეყინე კიდეც იატაკს ფეხებით. ტუჩებიც აღარ მიმოძრავებს. ვიკეცები და ვცდილობ გაყინული ხელები ტანზე შემოვიხვიო, არაფერი გამომდის. უმწეოდ ვუშვებ ხელებს დაბლა და მუხლებზე დაჩოქილი თავს უკან გადავაგდებ. უდაბნოში დაკარგულ მწყურვალე ადამიანს ვგავარ, თუმცა ახლა სულაც არ მცხელა. მუხლებით იატაკს შევეზარდე და სიცივე სხეულს მიფლეთს. მტანჯავს, კანკალიც აღარ შემიძლია. დაჩოქილი ვოცნებობ,რომ დათბეს. სინათლე თვალს მჭრის, თუმცა არსაიდან ანათებს.

ვცდილობ კანკალი შევწვიტო, მაგრამ უშედეგოდ. თხემით ტერფამდე კანკალს ავუტანივარ, არადა ვიცი, წინ უნდა წავიდე. ადგომა მინდა. არ გამომდის. უფრო მეტად მინდა, მაინც არ გამომდის. ფეხებში ძალა აღარ შემრჩა, ხელებს ვეყრდნობი. და ვცდილობ ავიწიო, თუმცა ხელებითაც ვეკრობი დაწყევლილ იატაკს. ყვრილი მინდა მაგრამ არა!

ვგრძნობ, როგორ ვიძირები და ვგრძნობ როგორ მიმაგრდება სხეული. მთლიანად ვეკრობი იატაკს. ცივს და დაუნდობელს. ლუჯრს და სასტიკს. ლურჯს, რომელიც მიზიდავს და თითქოს მიხმობს კიდეც. თუმცა ჩემი სხეული გაქცევისკენ მომიწოდებს. უმწეო ვარ, ჩვილი ბავშვივით უმწეო და უძლური ვარ.

ახლა უკვე მთლიანი სხეულით იატაკზე ვარ. ვგრძნობ, როგორ მიფარავს სახის ნაწილს ლურჯი, ახლა მეც ოთახის ნაწილი ვხდები. ოთახის, რომელიც ლურჯია. ვეღარაფერს ვარჩევ, მხოლოდ ლურჯი ფერი მიდგას თვალწინ. ალბათ თვალებიც დამეფარა სილურჯით. გულიც თითქოს აღარ მიცემს, სხვისი გულის ფეთქვას ვგრძნობ, ის ჩემზე მშვიდია. ხელის შეხებას ვგრძნობ ზურგზე. თითქოს თბილიც კი არის.

შეხების ადგილიდან ტანში ჟრუანტელი მივლის. სითბოს ვგრძნობ, ეს ჟრუანტელი მთელს სხეულს ედება და ვხვდები, წამოდგომა შემიძლია, წამოვიწიე და გავსწორდი. სწორედ ამ წამს გაქრა ლურჯი ჩემი თვალიდან და მისი ადგილი გოგომ დაიკავა. ძირს ვიხედები, ჩემს გარშემო რკალურად ოთახში წითელი ფერი შემოდის. გოგო იღიმის,თუმცა არაფერს ამბობს. ოთახს ვათვალირებ, აღარ ცივა. ამჯერად დათბა კიდეც. ოთახში ისევ სანთელი ანათებს, და ისევ ვდგავარ მის წინაშე, ისევ მოკლე კესანესფერი კაბა აცვია, კაბა ეკვრის მის სხეულს და ჩემში რაღაც გრძნობას აღვივებს, ვცდილობ შევეხო თუმცა უკან დგამს ნაბიჯს.

იღიმის და პირს ამოძრავებს, მისი დიდრონი და წითელი ტუჩებიდან კი ხმა არ ამოდის, ან მე არ მესმის. ამჯერადაც ვგრძნობ ზურგზე შეხებას, უკან ვიხედები და საწოლში ვწევარ.

– აუუ… ფანჯარა დაკეტე რა ცივა.

ვდგები და ვკეტავ ფანჯარას, ისევ ვუბრუნდები ჩემს საწოლს და ლურჯ გადასაფერებელს, სადაც წითელთმიანი გოგონა წევს, რომელსაც ….