Category Archives: ჩანაწერები

რეალობა????

ხანდახან გონება საფერფლესავით მევსება. ათასი სახის ნაგვით მაქვს სავსე. ზემოთ სიგარეტის ნამწვავია. ქვემოთ ფერფლი. ფერფლი დიდხანს რჩება გონებაში. ხოლო ის ნაგავი, რომელსაც სიგარეტი ქვია, ხშირად მივარდება გონებიდან.

ყოველ დილით ვდგები და ისევ ვარღვევ წინა დღისით დადებულ პირობას, რომ აღარ მოვწევ. ყოველ დილას ვდებ პირობას, რომ უფრო ადრე დავიძინებ. თუმცა ყოველ საღამოს ირღვევა ეს ყველაფერი. ყოველდღე ვუახლოვდები სიკვდილს და ყოველი დღე სიბნელის შიშით მთავრდება. სასაცილოა. ადამიანს იმისი ეშინია, რისი გარღვევაც ხელის ერთი მოსმით შეუძლია. მეც შემიძლია დავარღვიო სიბნელე, თუმცა არ მინდა. თითქოს სადღაც გონების ერთ ადგილას ჩაბუდებული მაქვს, რომ არ ღირს ამის გაკეთება. თითქოს ვიღაც მკარნახობს, რომ უნდა მეშინოდეს.

არის საღამოები, როდესაც არ მეშინია. ამ დროს უბრალოდ მარტო არ ვარ. ჩემი აზრით, სიბნელის შიში მარტოობაა. სიბნელე გვაგრძნობინებს ჩვენი სხეულის თითოეულ ნაწილს და ვგრძნობთ, რამდენად მარტოები ვართ. რამდენად უსუსურები და დაუცველები ვართ. სიკვდილის და სიბნელის შიში ერთმანეთს ძალიან ჰგავს. ორივე ჩვენი ცხოვრების აჩრდილია. ყოველთვის უკან დაგვდევს და თითქოს შიგნიდან გვჭამს. მე მათ ყვავებს ვეძახი. (რომანტიკოსების გავლენაა).

ერთი “ბიჩოკი” გადავაგდე ჩემი საფერფლედან. მეორის ჯერი დგება. თუმცა სანამ მეორეზე გადავალ კიდევ ერთ ღერს მოვუკიდებ.

ვფიქრობ, რომ ზედმეტად ვიზღუდებით მწეველები. ყველა გარშემო თანასწორობაზე საუბრობს, როდესაც ჩვენ ვინც ვეწევით გვზღუდავენ. გვიშლიან იქ მოწევას სადაც, რატომღაც ვიღაც ტვინიკოსმა დაასკვნა, რომ არ შეიძლება მოწევა. არა არ ვგიჟები ამ ჩვევაზე თუმცა ვერ ვხვდები, სუნთქვას რატომ არ უშლიან არამწეველებს. ხშირად ზოგი მწეველი სიგარეტით სუნთქავს. ბევრს არ ვითხოვ, უბრალოდ გაგვიშვით. საკუთარი შეზღუდვებიც გვეყოფა. რომელიც ყოველ დილით იწყება. ალბათ ყველა (მათ შორის მეც) ყოველ დილას ერთიდაიგივე პირობას დებს, რომ აღარ მოწევს დღის განმავლობაში. მაგრამ ეს უბრალოდ ჩვევაა. უნებისყოფოებს გვეძახიან. აბა სცადონ და მთელი დღე ნებისყოფიანად ქაჩონ ეს “ძაღლისგაგდებული” სიგარეტი. თუმცა ვაღიაროთ. არც კი ვცდილობთ.

ისევ მოვისროლე ერთი “ბიჩოკი”. რა დამღლელია ეს გრძნობებისგან დაცლა. ყველაზე არასასიამოვნო პროცესია. თუმცა ერთი რამ მახარებს ხოლმე. მიხარია როდესაც ჩემს დაწერილს ვინმე კითხულობს. თუნდაც არ მოეწონოს. წაიკითხეთ. იქნებ რამე მეშველოს და უფრო ხშირად ამოხეთქოს ხოლმე გრძნობებმა. დაძლიოს ეს მკვლელი მელანქოლია, რომელიც სხეულს თითქოს გარედან შემოჰკვრია და განძრევის საშუალებას არ მაძლევს. არა მე არ ვწუწუნებ, არც უკმაყოფილო ვარ ყოფით. პირიქით, ვფიქრობ, რომ ეს რეალობაა. და ამას უნდა შევეგუოთ. რა საჭიროა იმასთან ბრძოლა, რაც მოგვწონს. ხშირად ვფიქრობ, ხოლმე ამაზე. ვუსმენ ხალხს და თითქოს დაღწევა უნდათ იმ რეალობიდან, რომელშიც მთელი ცხოვრება გალიეს. თუ უკმაყოფილო ხარ სხვა რეალობა მოირგე და შეეშვი წუწუნს. ეს ყველაფერი ზემოთხსენებული არ იყო წუწუნი. პირიქით მიხარია, რომ ასეა. ცხოვრება თუ უინტერესოა არის მასში რაღაც მიმზიდველი.

ხშირად არ მესმის ვინ დაადგინა რა არის საინტერესო და რა უინტერესო. თუ მე ვცხოვრობ ამ რეალობაში მაშინ როგორ არის ეს უინტერესო. ჩემთვის სულაც არაა ჩემი ცხოვრება უინტერესო. ყოველი ჭიქა ჩაი, ყოველი ღერი სიგარეტი, ყოველი ახალი ადამიანი, რომელსაც გავიცნობ ჩემთვის სიხარულის მომტანია. თუმცა არა, სიგარეტი არ მახარებს ხოლმე მაინცდამაინც.

მზე, მთვარე, ვარსკვლავები.

ვზივარ ჩემთვის და ვითვლი ვარსკვლავებს. საოცარია, ყოველთვის რაღაც ახალს ხედავ. ზემოთ იყურები და უსასრულობაში სასრულს ხედავ. ალბათ ეს ჩვენი გონების ჩახშულობის ბრალია. თუმცა მე მინდა, რომ ერთ დღესაც გავარღვიო ეს საზღვარი და დავინახო იმის იქით. თუმცა იქნებ არც მჭირდება ეს ყველაფერი. იქნებ სულაც უნდა ვიჯდე და უბრალოდ ვითვალო. უბრალოდ ვიყო რეალისტი. დავინახო ისე, როგორც არის და არა ისე, როგორც უნდა იყოს ჩემი აზრით.

ასე, რომ ისევ ვზივარ და ვითვლი ვარსკვლავებს. ალბათ უკვე ჰობად მექცა. ყოველთვის მაოცებს. ყოველთვის განსხვავებულია. ხანდახან მათი რიცხვი უბრალოდ ჭკუიდან მშლის. ყველაზე მეტად კი მზე მაოცებს. ასეთი დიიდებული და ხანდახან მატყუარაც. ახლა ზამთრის ცივ დღეს, როდესაც ასე შორსაა ყოველთვის მას მაგონებს. ისე ანათებს თითქოს დაწვავს შენს გარშემო ყველაფერს, თუმცა მაინც არ გათბობს. უბრალოდ შორიდან გიქნევს ხელს. ჩასვლისას გვემშვიდობება და მეწამულ ცაზე თავის ადგილს უკვე მთვარეს უთმობს. დედამიწის მეორე მხრიდან მთვარეს კვებავს. აძლიერებს მას და მეც მასთან ერთად. მთვარე უკვე ჩემს თავს მაგონებს. ასე ცივს და ხშირად მიუწვდომელს.

მთვარის მიზიდულობით კი ჩემი ფიქრები ზღვასავით იმღვრევა. ზღვასავით დიდდება და მისკენ მიისწრაფვის. თუმცა, როდესაც მგონია , რომ ხელს შევახებ მთვარეს მაშინვე სარკედ იქცევა და სარკეში ჩემს უკან ჩრდილს ვხედავ. ეს სინათლე უფროა ვიდრე ჩრდილი, მაგრამ ჩემთვის სინათლე აღარაა. ჩემთვის ის ჩრდილად იქცა. ეს მზე არის. ეს ის მზე არის, რომელიც მაბრმავებდა. თავისი დიდებული სხივებით მზერას მიბნელებდა, და მთლიანი სურათის დანახვის საშუალებას არ მაძლევდა. თუმცა თავიდან მთვარესავით მკვებავდა და მანათებდა. მაგრამ შემდეგ ჩაქრა. ალბათ, რომელიმე სხვა პლანეტა ჩადგა ჩვენს შორის. უფრო დიდი და მიმზიდველი, უფრო ძლიერი და თან მზაკვარი.

მე ვიბრძვოდი, თუმცა შემდეგ დადგა ჩემი ფაზის დასასრული, და ახლა მხოლოდ ზურგს მინათებს. წინა მხარეს კი მხოლოდ ჩრდილი სდევს. წინა მხარე აღარ არსებობს. მე ჩემს, თავს მთვარის ჩვენთვის უხილავ მხარეს ვადარებ, სადაც მზის სხივები არ წვდება და ცივია. გაყინულია და საკუთარ ყინულში აქვს დამალული ბირთვი. ელოდება, ან უბალოდ ეშინია. ის უკვე საკუთარ თავს იცავს ამ ყინულით და თითქოს ვერანაირი სითბო მას ვეღარ გაათბობს. თუმცა ვიცი, რომ ერთხელაც ლავა ამოხეთქვას. ეს წითელი და მწველი ლავა იქნება. ეს ის ლავა იქნება, რომელიც გადაყრის და დალეწავს ლურჯ ყინულს. წითელი ლურჯს შეებრძოლება და თუნდაც დამარცხდეს, მაინც გატეხს ყინულს. და თუ ყინული გატყდება, რატომაც არა. ისევ გამოჩნდება მთვარის დაფარული მხარე, ისევ განათდება და მთვარის ახალი ფაზა დაიწყება.

ბედობა

2 იანვარი 00:00, სიგარეტი, კომპიუტერი, კოკა-კოლა. ჯანდაბაა… ისევ იგივე უნდა დამებედოს? თუმცა რატომ მხოლოდ ეს? დღისით კაი დღე მექნება. ის უნდა ვნახო… ვინ ის? რავიცი ერთია რა. უბრალოდ რაღაცნაირად კარგად გამახსენდება ეს დღე. ახალი წელია მაინც. თუმცა ბევრიც არ მახსოვს პირველი იანვრის ღამიდან. თუმცა ვიცი,რომ გავერთე. ამას ჩემს ტელეფონში მესიჯები, სურათები და დაღლილ დაქანცული სახე მეუბნება.

რატომღაც მჯერა, რომ 2 იანვარი ჯადოსნური დღეა. ახალი წლის მეორე დღეა. ყოველთვის ახალი წლის მესამე დღედ მეჩვენებოდა ბედობა. 🙂 სულელური ბავშვური წარმოდგენა იყო ალბათ. ახლა ვხვდები, რომ მესამე კი არა უფრო მეტია. პირველი დღეა. დასაწყისია. ხოდა მეც ვიწყებ. რას ვიწყებ? თავიდან ცხოვრებას. სიგარეტის მოწევას დავანებებ თავს, აღარ დავლევ(კოკა-კოლას). წვერის გაპარსვას დავიწებ… კაი კაი ვიტყუები. ვიქნები ის რაც ვარ. თუმცა თუ ჩემს ცხოვრებაში მოხდება გარკვეული ცვლილებები მზად ვარ მეც ხელგაშილილი შევეგებო ამ ყველაფერს. მაგრამ წინასწარ მეზარება. ან უბრალოდ მინდა ვიყო ის რაც ვარ.

ისევ ბედობაზე ვფიქრობ. რას მომცემს მე ეს დღე? თუმცა მე რას მივცემ ამ დღეს, ისიც საფიქრალია. 2014 წელი მახსენდება. შავი წელი იყო ჩემთვის. ბევრი ტკივილი, სიხარულიც იყო. მაგრამ ტკივილი ახლაცაა. ერთი წლის შემდეგაც. საშინელებაა. თუმცა ვუმკლავდები. ცხოვრებას თავს არ დავუხრი და წინ დავიწყებ ყურებას. მოთხრობასაც დავწერ ალბათ, ოდესმე. თუმცა რაც მთავარია დავწერ, აღარც გაგიხსენებ. თუმცა როგორ არ გაგიხსენო. მაგრამ მაინც. დაგივიწყებ და სხვას შევიყვარებ. ამას შენ ჯინაზე არ გავაკეთებ. ამას ისე ჩემთვის ვიზამ. ჩემი ბედნიერი კუთხე მინდა მქონდეს გულის ნაწილში. იმ გულის ნაწილში, სადაც საპირისპირო სქესისთვის არის ადგილი. თუმცა მოგონებებში დარჩები. მაგრამ ოდესმე უკვე მინდა, რომ სახეზე ღიმილით გამახსენდე. ისევ ბედობა. ისევ შენზე ვფიქრობ.

მორჩა წარსული. მომავალზეა ფიქრი საჭირო. და ვიყურები კიდეც წინ. გზა ნათელი არაა. მზის ჩამავალი შუქი მიშლის ხელს წინ გახედვაში. წინ ჰორიზონტზე მხოლოდ წითელ ცას ვხედავ. წითელი ცა ვარსკვლავებითაა მოჭედილი. უკან მთვარე მომყვება. ეს მოგონებების ნაცრისფერი მთვარეა. შეიძლება ეს მთვარე ოდესღაც მე ვიყავი. ცივი და მიუკარებელი. ძლიერი თან ამავდროულად სუსტი. ვიღაცის შუქი მჭირდებოდა. ერთ დღესაც მივიღე მე შუქი. ეს მზის შუქი იყო. თუმცა დავბრმავდი, ახლა სწორედ ეს ჩამავალი მზე მიშლის ხელს წინ გახედვაში. მაგრამ მზეს მხოლოდ 24 საათი აქვს თავიდან ამოსასვლელად. ეს 24 საათი მჭირდება. ახლა 2 იანვარია 00:00 ვნახოთ ხვალ ამ დროს რა იქნება. მაინტერესებს მზე რა მდგომარეობაში იქნება. გილოცავთ ყველას ახალ წელს. ❤

უაზრო სიტყვები

უამრავი სიტყვა მომდის თავში. უბრალოდ უაზრო სიტყვები. საიდან მოდის ეს სიტყვები, რატომ არ მიფიქრია ამაზე აქამდე. ადამიანებს “სიტყვების სამყარო” გაგვაჩნია.  ეს ის სიტყვებია, რომლებიც ოდესმე მოგვისმენია. ჩვენი დედა-ენა კი უბრალოდ საშუალებას გვაძლევს გადმოვცეთ ეს სიტყვები. მადლობა მას ამისთვის. მაგრამ რატომ არ შეგვიძლია შევქმნათ ერთი ენა, რომელიც ყველასთვის გასაგები იქნება. იქნებ არსებობს კიდეც და ვერ ვხვდებით. ეს ალბათ ხელის, გულის და სიყვარულის ენაა. ეს ენა ყველას ესმის, ყველა ლაპარაკობს ამ ენაზე. და ზოგჯერ ამ უაზრო სიტყვებსაც გამოთქვამენ.

ზოგადად რა არის უაზრო და რა არის სიტყვა? არაფერი. თუმცა ისევ ერთიანდება ეს რაღაცის ქვეშ. ეს რაღაცა ჩვენი აზროვნებაა. თუმცა რაღაცის ქვეშ კი არა ზემოთ ერთიანდება. სიტყვა სიტყვაა. თუმცა არსებობს სიტყვა, რომელიც დაუვიწყარია. არსებობს სიტყვა, რომელიც იარაღია, ძალაა და მკვლელია. მუსიკაც უბრალოდ სიტყვაა. თუმცა რამდენი გრძნობაა ამ სიტყვაში. რამდენი ადამიანის სიტყვა და სული დევს.

ყველაფერი სიტყვებია. ყველაფერი სიტყვაა. სიტყვაც სიტყვაა. პარადოქსია. თუმცა ეს პარადოქსიც სიტყვაა და საბოლოოდ ყველაფერი უაზროდ მეჩვენება. მაგრამ ამ უაზრობაშიც არის რაღაც. უაზრობაშიც არის სიტყვები, რომლებიც უაზრობას “გააპრავებს” და უაზრობის აზრობრივობას გადმოგვცემს. რამდენი ვილაპარაკე და ჩემს სიტყვაზე არაფერი მითქვამს.

ჩემი სიტყვა ერთია, მარტივია. ჩემი სიტყვა კი ასე ჟღერს: გილოცავთ დამდეგ ახალ წელს.. ❤

დაკარგული ქალაქი, დაკარგული ქუჩები

დაკარგული ქალაქის, დაკარგული ქუჩები, ეს ის ქალაქია, ეს ის ქუჩებია,  სადაც არაფერი არ არსებობს. აქ არ არსებობს საზღვრები. აქ არ არსებობს სიკეთე, აქ არ არსებობს ბოროტება. აქ არავის უყვარს. და აქ არავის ეზიზღება. აქ არ არის ომი და აქ არ არის მშვიდობა. აქ არავის უყვარს, აქ არვის ეზიზღება. აქ არავისი შურთ და არავისი უხარიათ. ეს დაკარგული ქალაქია. ეს ის დაკარგული ქუჩებია სადაც ადამიანი თავისუფლებას ჰპოვებს. თუმცა თავისუფლებაც არარსებულია, როცა არაფერი არ არსებობს.

არავითარი საზღვრები, გესმით ეს რას ნიშნავს? და საერთოდ ვინ დააწესა ეს საზღვრები, ან საერთოდ არსებობს კი ეს ზღვარი? ალბათ კი. თუმცა აქ არ არსებობს საზღვრები. თქვენ იტყვით თუ არ არსებობს ბოროტება, მაშინ სიკეთე იქნებაო. არა ეს ასე არ არის. ეს უბრალოდ ქალაქია. ეს ის ქალაქია სადაც უბრალოდ არ არსებობს არაფერი.

თუმცა არაფერიც რაღაცაა. თუმცა აქ არ არის არაფერი. ანუ არაფერი არის. აქ არავის უყვარს. აქ არავის ეზიზღება. ეს ხომ მშვიდობააო თქვენ იტყვით. ასეა კი ეს? თუ არ გიყვარს როგორ შეიძლებოდეს გეზიზღებოდეს. თუ არ გეზიზღება, როგორ შეიძლება გიყვარდეს. თუ არ გიყვარს არც გეზიზღება ეს მშიდობა აღარაა. ეს უბრალოდ თავისუფლებაა. აქ ომი არაა, თუმცა არც მშივიდობაა. რადგან უბრალოდ არ უყვართ და არ ეზიზღებათ.

აქ არ არსებობს შური, აქ არ არსებობს სიხარული. ეს დაკარგული ქალაქია. ეს დაკარგული ქუჩებია. სადაც ადამიანი არ იკარგება, რადგან უბრალოდ არაფერი არ არსებობს. როგორ შეიძლება გშურდეს თუ არ გიხარია. როგორ შეიძლება გიხაროდეს თუ არ გშურს. არ არსებობს შურიანი ადამიანი. არ არსებობს გახარებული ადამიანი. მაგრამ რა არსებობს? არაფერი.

თუმცა არაფერიც რაღაცაა. და ეს რაღაცა არის…