Category Archives: ფერები

სილურჯე

ცივა, ო როგორ ცივა. ისევ შევდივარ ოთახში, არ ვიცი რა ოთახია. თუმცა ისევ ვიცი, რომ ისევ იქ მელოდება ის. თითქოს დეჟავუ მემართება. თითქოს ვიცი ეს ოთახი, თუმცა მაინც სხვაა. თითქოს მახსოვს ის ყველაფერი მაგრამ მაინც სხვაა. გადავდგი პირველი ნაბიჯი, მეორე და ლურჯკედლებიან ოთახში აღმოვჩნდი. აღარ ბნელა, თუმცა სინათლის წყარო არსაიდან ჩანს. მაგიდა ისევ თავის ადგილზეა, ისევ მეცა ნიკოტინის სუნი, ისევ მეძგერა და თითქოს უკან გადმომაგდო კიდეც. მაგრამ ამჯერად აღარ მეშინია, ვიცი, რომ სავარძლის უკან დამხვდება ის ვინც დამამშვიდებს და გადამეხვევა. მაგრამ მცივა, ვიყინები. კანკალმაც ამიტანა.

ეს ცივი ლურჯი მეძგერა სულში და სხეულიანად ამაკანკალა. ამჯერად უკვე მეშინია და მცივა. ნაბიჯის გადადგმას ვეღარ ვახერხებ. ხელის მტევნებს ვუყურებ, ისიც გალურჯებულა, თითქოს იატაკის სილურჯეზე ქრება კიდეც. ვენები შემივიწროვდა და ხელები დამისკდა.

მეშინია, გაქცევა მინდა, მაგრამ ამის ნაცვლად გულში ჩამდგარი სიცივე, ნაბიჯის გადადგმის საშუალებას არ მაძლევს. თითქოს მივეყინე კიდეც იატაკს ფეხებით. ტუჩებიც აღარ მიმოძრავებს. ვიკეცები და ვცდილობ გაყინული ხელები ტანზე შემოვიხვიო, არაფერი გამომდის. უმწეოდ ვუშვებ ხელებს დაბლა და მუხლებზე დაჩოქილი თავს უკან გადავაგდებ. უდაბნოში დაკარგულ მწყურვალე ადამიანს ვგავარ, თუმცა ახლა სულაც არ მცხელა. მუხლებით იატაკს შევეზარდე და სიცივე სხეულს მიფლეთს. მტანჯავს, კანკალიც აღარ შემიძლია. დაჩოქილი ვოცნებობ,რომ დათბეს. სინათლე თვალს მჭრის, თუმცა არსაიდან ანათებს.

ვცდილობ კანკალი შევწვიტო, მაგრამ უშედეგოდ. თხემით ტერფამდე კანკალს ავუტანივარ, არადა ვიცი, წინ უნდა წავიდე. ადგომა მინდა. არ გამომდის. უფრო მეტად მინდა, მაინც არ გამომდის. ფეხებში ძალა აღარ შემრჩა, ხელებს ვეყრდნობი. და ვცდილობ ავიწიო, თუმცა ხელებითაც ვეკრობი დაწყევლილ იატაკს. ყვრილი მინდა მაგრამ არა!

ვგრძნობ, როგორ ვიძირები და ვგრძნობ როგორ მიმაგრდება სხეული. მთლიანად ვეკრობი იატაკს. ცივს და დაუნდობელს. ლუჯრს და სასტიკს. ლურჯს, რომელიც მიზიდავს და თითქოს მიხმობს კიდეც. თუმცა ჩემი სხეული გაქცევისკენ მომიწოდებს. უმწეო ვარ, ჩვილი ბავშვივით უმწეო და უძლური ვარ.

ახლა უკვე მთლიანი სხეულით იატაკზე ვარ. ვგრძნობ, როგორ მიფარავს სახის ნაწილს ლურჯი, ახლა მეც ოთახის ნაწილი ვხდები. ოთახის, რომელიც ლურჯია. ვეღარაფერს ვარჩევ, მხოლოდ ლურჯი ფერი მიდგას თვალწინ. ალბათ თვალებიც დამეფარა სილურჯით. გულიც თითქოს აღარ მიცემს, სხვისი გულის ფეთქვას ვგრძნობ, ის ჩემზე მშვიდია. ხელის შეხებას ვგრძნობ ზურგზე. თითქოს თბილიც კი არის.

შეხების ადგილიდან ტანში ჟრუანტელი მივლის. სითბოს ვგრძნობ, ეს ჟრუანტელი მთელს სხეულს ედება და ვხვდები, წამოდგომა შემიძლია, წამოვიწიე და გავსწორდი. სწორედ ამ წამს გაქრა ლურჯი ჩემი თვალიდან და მისი ადგილი გოგომ დაიკავა. ძირს ვიხედები, ჩემს გარშემო რკალურად ოთახში წითელი ფერი შემოდის. გოგო იღიმის,თუმცა არაფერს ამბობს. ოთახს ვათვალირებ, აღარ ცივა. ამჯერად დათბა კიდეც. ოთახში ისევ სანთელი ანათებს, და ისევ ვდგავარ მის წინაშე, ისევ მოკლე კესანესფერი კაბა აცვია, კაბა ეკვრის მის სხეულს და ჩემში რაღაც გრძნობას აღვივებს, ვცდილობ შევეხო თუმცა უკან დგამს ნაბიჯს.

იღიმის და პირს ამოძრავებს, მისი დიდრონი და წითელი ტუჩებიდან კი ხმა არ ამოდის, ან მე არ მესმის. ამჯერადაც ვგრძნობ ზურგზე შეხებას, უკან ვიხედები და საწოლში ვწევარ.

– აუუ… ფანჯარა დაკეტე რა ცივა.

ვდგები და ვკეტავ ფანჯარას, ისევ ვუბრუნდები ჩემს საწოლს და ლურჯ გადასაფერებელს, სადაც წითელთმიანი გოგონა წევს, რომელსაც ….

ფერები..

ისევ ფერთა პალიტრა, ისევ თეთრი სხივი, რომელიც 7 ფერად იშლება. ხშირად მინდა დავივიწყო ეს ფიზიკის კანოკები და აღარ ავირეკლო შუქი. ალბათ სულ გავშავდები. თუმცა თუ ფიზიკის კანონს დავეყრდნობით, შავი ფერი ბუნებაში არ ასებობს. თუმცა რატომ არ შეიძლება ვიყო ის რაც შიგნიდან მოდის. ეს სიშავე, ეს სიბლანტე.

ხანდახან ეს სიშავეც იკარგება და სიცარიელე იბუდებს შიგნით. ხანდახან კი უბრალოდ სული წითლად ინთება. ეს ის მომენტია,როცა შენ ჩემთან ხარ. არა არ მიყვარხარ. არც არავისით შენს ჩანაცვლებას არ ვცდილობ. უბრალოდ წითლად ინთება ყველაფერი. ხე, ფოთოლი, ცა, მზე, თვალები…  ყველაფერი უფერულდება წითლად.ყველა ფერი უფერულდება შენთან შედარებით.  შენი სიწითლე ვენებში დამივლის და წითლად ვანათებ.

საკუთარ თავს კრისტალს ვამსგავსებ. ეს ის კრისტალია, რომელიც შეიძლება სულაც არ მაჩუქო. შეიძლება სულაც დაგესიზმროს, მაგრამ არ ვაჩუქებ. მიზეზი უბრალო და მარტივია, ჯერ ლურჯია და ჯერ კიდევ არ შეღებილა ალისფრად. არ გაშავებულა მეწამულად და არ აბიბინებულა ყაყაჩოსფრად.

ისევ სიცარიელე, ისევ სიშავე… მაგრამ ხშირად შენს ადგილს ყვითელი იკავებს. გაცვეთილი, ძველი ყვითელი. ეს ყვითელი ძველ შეყვარებულს გავს, რომელიც შენს მოგონებეში ცხოვრობს და თავს ვერ ანებებ. ეს ყვითელი მელანქოლიაა. ეს ყვითელია მთვარეა, რომელიც მზის სხივების მიერ არის დატყვევებული. ხშირად ძალიან ძლიერია ეს ყვითელი. მაგრამ ძალიან მინდა, რომ გაქრეს ჩემი ცხოვრებიდან და წითლად შემეღებოს ყველაფერი. თუნდაც დავკარგოთ ერთმანეთი მაინც მინდა წითელი სათვალე მოვირგო ცხვირზე.

ხანდახან ამ სიგარეტის კვამლიც კი მისი ნაკვერჩხალივით წითელია. ხანდახან კი მუგუზალივით შავია. თუმცა მინდა ესეც წარსულში დარჩეს. ყვითლად იქცეს და ორთქლივით აორთქლდეს ჩემი ცხოვრებიდან. წითელმა ქარბუქმა წაიღოს და გაანადგუროს.

მზე, მთვარე, ვარსკვლავები.

ვზივარ ჩემთვის და ვითვლი ვარსკვლავებს. საოცარია, ყოველთვის რაღაც ახალს ხედავ. ზემოთ იყურები და უსასრულობაში სასრულს ხედავ. ალბათ ეს ჩვენი გონების ჩახშულობის ბრალია. თუმცა მე მინდა, რომ ერთ დღესაც გავარღვიო ეს საზღვარი და დავინახო იმის იქით. თუმცა იქნებ არც მჭირდება ეს ყველაფერი. იქნებ სულაც უნდა ვიჯდე და უბრალოდ ვითვალო. უბრალოდ ვიყო რეალისტი. დავინახო ისე, როგორც არის და არა ისე, როგორც უნდა იყოს ჩემი აზრით.

ასე, რომ ისევ ვზივარ და ვითვლი ვარსკვლავებს. ალბათ უკვე ჰობად მექცა. ყოველთვის მაოცებს. ყოველთვის განსხვავებულია. ხანდახან მათი რიცხვი უბრალოდ ჭკუიდან მშლის. ყველაზე მეტად კი მზე მაოცებს. ასეთი დიიდებული და ხანდახან მატყუარაც. ახლა ზამთრის ცივ დღეს, როდესაც ასე შორსაა ყოველთვის მას მაგონებს. ისე ანათებს თითქოს დაწვავს შენს გარშემო ყველაფერს, თუმცა მაინც არ გათბობს. უბრალოდ შორიდან გიქნევს ხელს. ჩასვლისას გვემშვიდობება და მეწამულ ცაზე თავის ადგილს უკვე მთვარეს უთმობს. დედამიწის მეორე მხრიდან მთვარეს კვებავს. აძლიერებს მას და მეც მასთან ერთად. მთვარე უკვე ჩემს თავს მაგონებს. ასე ცივს და ხშირად მიუწვდომელს.

მთვარის მიზიდულობით კი ჩემი ფიქრები ზღვასავით იმღვრევა. ზღვასავით დიდდება და მისკენ მიისწრაფვის. თუმცა, როდესაც მგონია , რომ ხელს შევახებ მთვარეს მაშინვე სარკედ იქცევა და სარკეში ჩემს უკან ჩრდილს ვხედავ. ეს სინათლე უფროა ვიდრე ჩრდილი, მაგრამ ჩემთვის სინათლე აღარაა. ჩემთვის ის ჩრდილად იქცა. ეს მზე არის. ეს ის მზე არის, რომელიც მაბრმავებდა. თავისი დიდებული სხივებით მზერას მიბნელებდა, და მთლიანი სურათის დანახვის საშუალებას არ მაძლევდა. თუმცა თავიდან მთვარესავით მკვებავდა და მანათებდა. მაგრამ შემდეგ ჩაქრა. ალბათ, რომელიმე სხვა პლანეტა ჩადგა ჩვენს შორის. უფრო დიდი და მიმზიდველი, უფრო ძლიერი და თან მზაკვარი.

მე ვიბრძვოდი, თუმცა შემდეგ დადგა ჩემი ფაზის დასასრული, და ახლა მხოლოდ ზურგს მინათებს. წინა მხარეს კი მხოლოდ ჩრდილი სდევს. წინა მხარე აღარ არსებობს. მე ჩემს, თავს მთვარის ჩვენთვის უხილავ მხარეს ვადარებ, სადაც მზის სხივები არ წვდება და ცივია. გაყინულია და საკუთარ ყინულში აქვს დამალული ბირთვი. ელოდება, ან უბალოდ ეშინია. ის უკვე საკუთარ თავს იცავს ამ ყინულით და თითქოს ვერანაირი სითბო მას ვეღარ გაათბობს. თუმცა ვიცი, რომ ერთხელაც ლავა ამოხეთქვას. ეს წითელი და მწველი ლავა იქნება. ეს ის ლავა იქნება, რომელიც გადაყრის და დალეწავს ლურჯ ყინულს. წითელი ლურჯს შეებრძოლება და თუნდაც დამარცხდეს, მაინც გატეხს ყინულს. და თუ ყინული გატყდება, რატომაც არა. ისევ გამოჩნდება მთვარის დაფარული მხარე, ისევ განათდება და მთვარის ახალი ფაზა დაიწყება.

შავ-თეთრი

შავი და თეთრი. თუ არ იყო შავი მაშინ არ იყო თეთრი. თუ არ იყო შავი მაშინ არ იყო თეთრი. ისევ პარადოქსი. ისევ გაურკვევლობა. ისევ უმედო შავი. ისევ იმედისმომცემი თეთრი. და მაინც რომელი ვარ? ალბათ არცერთი. მე უფრო ნაცრისფერი ვარ. ნაცრისფერი მაინც საშუალოა. თუ შავი ბოროტია და თეთრი კეთილი მე მაშინ ნაცრისფერი ვარ.

ეს უბრალო ნაცრისფერი არაა. ეს ის ნაცრისფერია, რომელიც იბრძვის. შუაშია გაჭედილი. და ვერც წინ მიდის, ვერც უკან. თუმცა მაინც იბრძვის. თუ სადმე საზღვარი არსებობს მაშინ ეს საზღვარი ნაცრისფერზე გადის. მე მჯერა, რომ ეს ნაცრისფერი ჩემია. ეს ნაცრისფერი მე ვარ. შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩემი დემონია. იმედია არ ვცდები. არ მიყვარს როდესაც ვცდები.

დავახასიათებ ნაცრისფერ დემონს. რთული დემონია. ხან შავია, ხან თეთრი. ალბათ ორივეა ერთად აღებული, ვიდრე ცალცაკე რომელიმე. ძლიერია? როგორ შეიძლება ნისფერი ძლიერი იყოს. უფრო სუფლიორია ვიდრე მსახიობი. ანუ ურჩევნია საგოლე გადაცემა გააკეთოს ვიდრე გაიტანოს. საინტერესოა რატომ ხდება ასე. სიბოროტე და სიკეთე. შეიძლება ითქვას ნაცრისფერშია გაერთიანებული. ალბათ იმიტომ,რომ არ არსეობს საზღვრები. და თუ არსებობს ეს ნაცრისფერზე გადის.

ისევ საზღვრები, ისევ ფერები, დემონები. უნდა შევწყვიტო ასე ფიქრი და წინ გავიხედო. თუმცა წინაც ყველაფერი დაფარულია. ნისლით. ნისლი კი რა ფერია? ჩემთვის ნაცრისფერია. კვამლივით არის ნაცრისფერი. ხან შავია, ხან თეთრი. ნაცრისფერის შავი ნაწილი, იმ სიგარეტის კვამლს გავს, რომელსაც ფილტრი არ აქვს და ვერ აკავებს იმ მავნე თვისებებს და ფილტვები იწოვს ამ სიშავეს. თეთრი ნაწილი პირიქით. ფილტრიანი სიგარეტის კვამლია.

მატყუარაა? ვინ არ არის მატყუარა. ყველაფერი და ყველა ფერი იტყუება. მაგრამ ზოგთან უბრალოდ ვერ იტყუება. ან არ სჭირდება. ცუდია ტყუილი ხანდახან ისეთი უწყინარი და საყვარელია. მაგრამ არა. არ მოიტყუება. პრინციპულია და ძლიერია. თუმცა როგორც მელანქოლიურ ფერს მაინც ახასიათებს წარსულში ყურება. მარტოა, სჭირდება მაგნიტური ფერი.

ფერი წითელი

ფერი წითელი, ეს შენი ფერია. ფერი წითელი ეს შენი თმებია. ფერი წითელი შენი ხელია. ფერი წითელი ჩემი გულია.

რა შუაშია, ფერი. თუმცა რას გაუგებ ამ ცხოვრებას. ხან წითელია, ხან წითელი. აბა სულ წითელი ხო არ იქნება. და მაინც შენი ფერია. რა ვქნა უბრალოდ წითელი შენია. ჩემი? ჩემი შავია. რატომ? უბრალოდ შავია. შავს რას გაუგებ. შავია რა…

არაფერს გთხოვ, ამის გარდა. იყავი წითელი როგორც ახლა. არ გახდე შავი და მელანქოლიკი, როგორც მე. აქ არ დავსვამ წერტილს. კიდევ გთხოვ იყავი ის რაც ხარ. შენი გრძნობაც წითელია. მინდა გიყვარდეს ეს გრძნობა. აღიარე გრძნობა. ენდე და მიყევი როგორც მდინარეს. მაგრამ ლურჯ მდინარეს არა, მხოლოდ წითელი. თუ გვირაბის ბოლოს სინათლე დაინახე დამიჯერე, ეს წითელი იქნება.

კიდევ ერთს გეტყვი, წითელი მრავალფერია. მაგრამ შენ ცეცხლივით წითელი უნდა იყო. ცეცხლი ხო წვავს და ამავდროულად აცოცხლებს. კლავს მაგრამ სიცოცხლეს შთაბერავს. იყავი წითელი, როგორც შენი ტუჩები. თუმცა ეს ტუჩებიც არაფერია… სისხლივით წითელი უნდა იყო. იმ სისხლივით, რომელიც შენს, ჩემს და კიდევ უამრავი ადამიანის ძარღვებში ჩქეფს. პირობას დავდებ, წითურ პირობას, მე შენთან ვიქნები იქამდე სანამ იქნები წითელი. ძლიერი წითელი. ღაჟღაჟა წითელი. ვარდივით წითელი, ტიტასავით წითელი. მაგრამ ვარდის სიწითლე, ტიტას სიწითლე ოდესმე ჭკნება. მე მინდა შენი სიწითლე, შენი სილამაზე არასდროს დაჭკნეს.

ერთს გეტყვი, იყავი ფერი წითელი

ერთს გეტყვი..

ყველა ადამიანს თავისი დემონი ჰყავს. მე წარსულის დემონი მყავს ჩასახლებული.. შენ ფიქრის.დემონი შეგიჩნდა. დემონის მოქმედება ყველასთვის სხვადასხვანაირია. ჩემთვის წარსული ცხოვრება დაუვიწყარია. შენთვის ფიქრი აუტანელი. არსებობენ კეთილი და ბოროტი დემონები. ჩემი ბოროტი დემონი წარსულია. კეთილი არ ვიცი, იქნებ არც გამაჩნია. შენთვის კი ბოროტი დემონი ფიქრია. მე მას უბრალოდ ფიფქიას დავუძახებ. რადგან ეს უბრალოდ უწყინარი დემონია, რომელიც შენ განდევნე და მიწაზე დაანარცხე. არა მეგობარო, არ გადანაშაულებ. უბრალოდ ფაქტს ვახსენებ. მაგრამ კეთილი დემონი, ეს უბრალოდ შენი შინაგანი სამყაროა. მე მას წითელ დემონად წარმოვიდგენ, დაახლოებით ისეთ დემონად როგორიც შენი თმებია. დაუმორჩილებელი, შეუპოვარიც, თუმცა მშვიდი. ძლიერი და კეთილმოსურნე. მე, შენს შინაგან სამყაროში, შენს დემონში ენერგიას ვაფასებ. იმ ენერგიას რომელიც გავსებს და შეუპოვარს გხდის.

ხანდახან ვფიქრობ. რამდენი დემონი შეიძლება ჰყავდეს ადამიანს? თუმცა ვიცი შენი ერთი დემონი სად იმალება. ეს შენი წამწამებია, ეს ის წამწამებია, რომლებიც ხიბლავს ბევრს. შენც ხომ მოგწონს ეს დემონი? შეიძლება არც არის დემონი. ხშირად ვკარგავ ზღვარს დემონსა და არსებულს შორის. არსებული ჩვენია, დემონი კი არა. თუმცა დემონიც ჩვენია, მაგრამ მაინც უცხოა.

ხშირად უბრალოდ ჩვენს სხეულთან შეუსაბამოა ეს დემონი. ჩემი წარსული, მთლიანად არის შერწყმული ჩემს არსებობასთან. შენი ფიფქია კი, პირიქით. შენი არსებობისთვის მიუღებელია. მაშინ იქნებ გამცეს ვინმემ კითხვაზე პასუხი, რომელია კეთილი და რომელია ბოროტი? ალბათ არცერთი. საერთოდ რა არის ბოროტება? რა არის სიკეთე? იმედია ამ კითხვაზე შენ გამცემ პასუხს.. თუ შენი დემონი არ შეგიშლის ხელს. ამაზე ხომ უნდა იფიქრო. მაგრამ ხშირად აღარც მაინტერესებს თუ რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება. უფრო ის მაინტერესებს, ვინ გაავლო ეს ზღვარი? ღმერთმა? არამგონია, ისევ ჩვენმა დემონებმა. ისინი ჩვენში არიან, ჩვენით ცხოვრობენ. ერთგვარი სიმბიოზები არიან. ჩვენ ვიარსებებთ მათ გარეშე, ისინი მეეჭვება. შენი ფიფქიაც ასე იქნება, თეთროსანი რომ იქნები , დარწმუნებული ვარ დაფიქრდები. უხეშად , რომ ვთქვათ მოერევი დემონს და დაფიქრდები. შეიძლება ითქვას განდევნი მას..

და ბოლოს ერთს გეტყვი: შენი დემონი კარგია.თუ ბოროტების საზღვარს გადმოვწევთ თუნდაც მარცხნივ.