Category Archives: მოთხრობები

სურათი, ოთახი

ოთახებით მოჭედილ სურათში ვიდექი… უფრო სწორედ სურათებით მოჭედილ ოთახში ვდგავარ, გარშემო მხოლოდ სურათებია, არაფერი სურათების გარდა. ჩემს ყურადღებს ერთი სურათი იპყრობს. მასზე მხოლოდ ორი ადამიანია გამოსახული, ორივე ზურგით დგას. ერთი გოგოა მეორე ბიჭი. თითქოს მეცნობა სიტუაცია, მაგრამ არაფერი მახსოვს.

ახლა სხვა სურათზე გადამაქვს ყურადღება, აქ უკვე ორი ბავშვია გამოსახული, ორივე მხიარულად იცინის, ერთს წითური თმა აქვს. თუმცა სურათზე არ ჩანს. რადგან შავ-თეთრია. თუმცა უბრალოდ ვიცი. საიდან ვიცი? არ ვიცი. უბრალოდ ვიცი, რომ ვდგავარ და სურათებს ვათვალიერებ. ისევ სხვა სურათზე გადამაქვს ყურადღება, აქ მხოლოდ ერთი ადამიანია, რომელიც კუთხეში არის მიყუჟული და ალბათ ტირის კიდეც. ხელში წერილი უჭირავს, ალბათ არც ისე სასიამოვნო საკითხავი იყო წერილი. გულის სიღმეში ტკივილი ვიგრძენი. ღალატი! პირველი აზრი იყო რამაც თავში გამიელვა. თუმცა მაშინვე მიიმალა ეს აზრი.

ახლა სხვა სურათს ვუყურებდი, წყვილი ერთმანეთს ჩახუტებოდა. ვნება და სიყვარული ჩქეფდა სურათიდან. ბიჭი ფეხზე იდგა, გოგო მის წინ მაგიდაზე იჯდა და ორივე ხელი წელზე შემოეხვია. თვალები მიენაბა და მთლიანად ბიჭის სხეულს იყო მიკრული. ბიჭიც იგივე მდგომარეობაში იყო, ოღონდ მისი სახე სიყვარულთან ერთად ტკივილს ასხივებდა. ვინ უყვარდა? ან რა ტკიოდა? აპატია! ახლა მხოლოდ ეს მიტრიალებდა თავში. ისევ იცვლეობდა სურათები. თითქოს გაფუჭებული ფირი მიდიოდა ჩემს წინ. ამჯერად გოგო იჯდა კუთხეში. მის უკან დიდად ეწერა: “აღარ მიყვარხარ! (გატყუებ მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია)”. გული დამწყდა ამ ყველაფერზე. დანაშაული და სინანული! ჯანდაბა. რა აზრები მომდის თავში.

ველოდი სურათის შეცვლას, თუმცა აღარ იცვლებოდა. ვიყავი ასე გაშეშებული ერთი სურათის წინ. სურათის წინ, რომელიც ყველაზე მეტად მანაღვლიანებდა. გოგოს მიმართ სიბრალულს ვგრძნობდი, თუმცა ჩემს წინ კედელი აღიმართა, სახელად ღალატი. თვალები დავხარე და ჩემს ფეხებთან კიდევ ერთი სურათი შევნიშნე, მზი მოძრაობა იყო გამოსახული, მისი მოძრაობა დილიდან საღამომდე. თუმცა ჩასვლისას მეწამული ფერი უფრო მუქი მეჩვენა, სისხლისფერი. თითქოს პულსირებდა და  სისხლი ჩქეფდა. ისევ მაღლა ავიხედე, სურათის ნაცვლად ორი სურათი მომეჩხირა თვალში. ერთი ბიჭის მეორე გოგოსი. ორივე ზურგით იდგა. ორივე გამართული იდგა, თავი მაღლა აეწიათ და ზურგზე ფურცლები ეკრათ., ორივე ფურცელზე ეწერა, მაპატიე!. თუმცა არცერთი არ აპირებდა პატიებას. ალბათ ორივე თავისი გზით წავა. გავიფიქრე ისევ და მინდოდა სხვა სურათი მენახა. ახლა მხოლოდ ერთი სურათი იყო. ბიჭი იყო, თუმცა მარტო არ იყო. გოგოც იყო. თუმცა სხვა გოგო იყო. ალბათ განსხვავებულიც, მინდოდა ის გოგო მომეძებნა, მაგრამ ვერ ვიპოვე. ბიჭის ცხოვრებიდან გამქრალიყო. ბიჭის ზემოთ კი ისევ ტრიალებდა ფურცლების მთელი დასტა. მიუწერელი წერილები! რეებზე ვფიქრობ. ბიჭის ისტორია გრძელდებოდა, უხაროდა, სწყინდა და უყვარდა. ამჯერად უკვე სხვა. გამეღიმა, მიხაროდა. ზურგზე ჩხვლეტა ვიგრძენი, თითქოს რამეს მარჭობდნენ, მოვიხედე, არავი იყო. ზურგზე ხელი მოვიკიდე და ყველაფერს მივხვდი. ეს ბიჭი მე ვიყავი, მე მიყვარდა და ახლაც მი…

– გუგ… გუგაა. გაიღვიძე. სურათების თვალიერებისას ჩაგეძინა. – უპასუხა ვიღაცამ ჩემი დაბნეული მზერის საპასუხოდ.

მუხლებზე დავიხედე სურათების ალბომი მედო. ალბომზე კი ბიჭი იყო, რომელსაც არც უყვარდა არც სძულდა, ის უბრალოდ ძალიან პატარა იყო.

სილურჯე

ცივა, ო როგორ ცივა. ისევ შევდივარ ოთახში, არ ვიცი რა ოთახია. თუმცა ისევ ვიცი, რომ ისევ იქ მელოდება ის. თითქოს დეჟავუ მემართება. თითქოს ვიცი ეს ოთახი, თუმცა მაინც სხვაა. თითქოს მახსოვს ის ყველაფერი მაგრამ მაინც სხვაა. გადავდგი პირველი ნაბიჯი, მეორე და ლურჯკედლებიან ოთახში აღმოვჩნდი. აღარ ბნელა, თუმცა სინათლის წყარო არსაიდან ჩანს. მაგიდა ისევ თავის ადგილზეა, ისევ მეცა ნიკოტინის სუნი, ისევ მეძგერა და თითქოს უკან გადმომაგდო კიდეც. მაგრამ ამჯერად აღარ მეშინია, ვიცი, რომ სავარძლის უკან დამხვდება ის ვინც დამამშვიდებს და გადამეხვევა. მაგრამ მცივა, ვიყინები. კანკალმაც ამიტანა.

ეს ცივი ლურჯი მეძგერა სულში და სხეულიანად ამაკანკალა. ამჯერად უკვე მეშინია და მცივა. ნაბიჯის გადადგმას ვეღარ ვახერხებ. ხელის მტევნებს ვუყურებ, ისიც გალურჯებულა, თითქოს იატაკის სილურჯეზე ქრება კიდეც. ვენები შემივიწროვდა და ხელები დამისკდა.

მეშინია, გაქცევა მინდა, მაგრამ ამის ნაცვლად გულში ჩამდგარი სიცივე, ნაბიჯის გადადგმის საშუალებას არ მაძლევს. თითქოს მივეყინე კიდეც იატაკს ფეხებით. ტუჩებიც აღარ მიმოძრავებს. ვიკეცები და ვცდილობ გაყინული ხელები ტანზე შემოვიხვიო, არაფერი გამომდის. უმწეოდ ვუშვებ ხელებს დაბლა და მუხლებზე დაჩოქილი თავს უკან გადავაგდებ. უდაბნოში დაკარგულ მწყურვალე ადამიანს ვგავარ, თუმცა ახლა სულაც არ მცხელა. მუხლებით იატაკს შევეზარდე და სიცივე სხეულს მიფლეთს. მტანჯავს, კანკალიც აღარ შემიძლია. დაჩოქილი ვოცნებობ,რომ დათბეს. სინათლე თვალს მჭრის, თუმცა არსაიდან ანათებს.

ვცდილობ კანკალი შევწვიტო, მაგრამ უშედეგოდ. თხემით ტერფამდე კანკალს ავუტანივარ, არადა ვიცი, წინ უნდა წავიდე. ადგომა მინდა. არ გამომდის. უფრო მეტად მინდა, მაინც არ გამომდის. ფეხებში ძალა აღარ შემრჩა, ხელებს ვეყრდნობი. და ვცდილობ ავიწიო, თუმცა ხელებითაც ვეკრობი დაწყევლილ იატაკს. ყვრილი მინდა მაგრამ არა!

ვგრძნობ, როგორ ვიძირები და ვგრძნობ როგორ მიმაგრდება სხეული. მთლიანად ვეკრობი იატაკს. ცივს და დაუნდობელს. ლუჯრს და სასტიკს. ლურჯს, რომელიც მიზიდავს და თითქოს მიხმობს კიდეც. თუმცა ჩემი სხეული გაქცევისკენ მომიწოდებს. უმწეო ვარ, ჩვილი ბავშვივით უმწეო და უძლური ვარ.

ახლა უკვე მთლიანი სხეულით იატაკზე ვარ. ვგრძნობ, როგორ მიფარავს სახის ნაწილს ლურჯი, ახლა მეც ოთახის ნაწილი ვხდები. ოთახის, რომელიც ლურჯია. ვეღარაფერს ვარჩევ, მხოლოდ ლურჯი ფერი მიდგას თვალწინ. ალბათ თვალებიც დამეფარა სილურჯით. გულიც თითქოს აღარ მიცემს, სხვისი გულის ფეთქვას ვგრძნობ, ის ჩემზე მშვიდია. ხელის შეხებას ვგრძნობ ზურგზე. თითქოს თბილიც კი არის.

შეხების ადგილიდან ტანში ჟრუანტელი მივლის. სითბოს ვგრძნობ, ეს ჟრუანტელი მთელს სხეულს ედება და ვხვდები, წამოდგომა შემიძლია, წამოვიწიე და გავსწორდი. სწორედ ამ წამს გაქრა ლურჯი ჩემი თვალიდან და მისი ადგილი გოგომ დაიკავა. ძირს ვიხედები, ჩემს გარშემო რკალურად ოთახში წითელი ფერი შემოდის. გოგო იღიმის,თუმცა არაფერს ამბობს. ოთახს ვათვალირებ, აღარ ცივა. ამჯერად დათბა კიდეც. ოთახში ისევ სანთელი ანათებს, და ისევ ვდგავარ მის წინაშე, ისევ მოკლე კესანესფერი კაბა აცვია, კაბა ეკვრის მის სხეულს და ჩემში რაღაც გრძნობას აღვივებს, ვცდილობ შევეხო თუმცა უკან დგამს ნაბიჯს.

იღიმის და პირს ამოძრავებს, მისი დიდრონი და წითელი ტუჩებიდან კი ხმა არ ამოდის, ან მე არ მესმის. ამჯერადაც ვგრძნობ ზურგზე შეხებას, უკან ვიხედები და საწოლში ვწევარ.

– აუუ… ფანჯარა დაკეტე რა ცივა.

ვდგები და ვკეტავ ფანჯარას, ისევ ვუბრუნდები ჩემს საწოლს და ლურჯ გადასაფერებელს, სადაც წითელთმიანი გოგონა წევს, რომელსაც ….

ერთი წამი (თავი II)

დღეები, დღეებს მისდევდა. ყველაფერი გაუფასურდა ჩემს თვალში, ექიმები ყოველდღე მიჩიჩინებდნენ, რომ არ უნდა დამეკარგა ცხოვრების ხალისი და წინ უნდა გამეხედა, თუმცა ჩემი ძმის გარეშე მომავალი არ წამომედგინა, თან ვგრძნობდი, სამუდამოდ სავარძელს მიჯაჭვული ვიყავი. ღამე კოშმარები მესიზმრებოდა, ყოველ ღამე მახსენდებოდა ის ერთი წამი. ის ერთადერთი წამი, რომელმაც ცხოვრება დამინგრია და მეც მიმაყოლა ზედ. ეს კოშმარი კი ყოველთვის ერთნაირად მთავრდებოდა, მე კუბოში ვიწექი და სწორედ ამ დროს მეღვიძებოდა.

ყოველ ღამე ჩემს საკუთარ ოფლში ვცურავდი, ექიმებმა მითხრეს, რომ ტყვია პირდაპირ ხერხემალში მომხვდა, ძვლის ტვინი დამიზიანდა და ფეხები მე აღარ მეკუთვნოდა. აღმოჩნდა, რომ უკვე ოთხი დღე იყო გასული იმ საბედისწერო მომენტიდან. ხანდახან ინფორმაცია მოჰქონდათ. თურმე ომი დასასრულისკენ მიდიოდა. ახლა უკვე მშვიდობით შეგიძლიათ იძინოთო. გვითვლიდნენ შტაბიდან. ამ ყველაფერზე მეცინებოდა და ზურგს ვაქცევდი ხოლმე ამბის მომტანს.

ჩვენი პოლკის უფროსმა დანაპირები შეასრულა. მისი თანაშემწე მეახლა მისი მოსვლიდან მესამე დღეს და პოლკოვნიკის სიტყვა გადმომცა. მისი თქმით რამოდენიმე დღეში მოაგვარებდნენ ოფიციალურ სამზადისს და მზად უნდა ვყოფილიყავი. მეც მზად ვიყავი, ვერსად გავიქცეოდი.

დადგა ის უბედური დღე, იმ დღისით ექიმი მომეხმარა ჩაცმაში, გამოსასვლელი მუნდირი ჩამაცვეს. მკერდზე ახალი მედლები ჩამომკიდეს. ეტლიც მომიგორეს. როდესაც დავინახე, ჩემში რაღაც ჩაწყდა. გული შემეკუმშა და ვიგრძენი თუ როგორ მძულდა ეს ბორბლებიანი ეშმაკის მანქანა.

გარეთ გამომიყვანეს, გარეთ პოლკოვნიკის თანაშემწე მელოდებოდა. სამხედრო სალმის შემდეგ შეძლებისდაგვარად თანაგრძნობის ტონით მომისამძირა. მხოლოდ ახლა შევამჩნია მისი არაბუნებრივი სიარულის მანერა. როდესაც გვერდით ჩამიარა, რომ ჩემს უკან მოქცეოდა და ეტლის ბორბალს ფეხი გაჰკრა შემთხვევით. თითქოს არაბუნებრივად მოექცა გვერდით. თუმცა არ შეუმჩნევია. ხოლო როდესაც მანქანაში ჯდებოდა ფეხები ხელით აათრია და ისე ჩაჯდა. მივხდი, რომ მასაც ჩემსავით კარგად სულაც არ ჰქონდა საქმე.თუმცა ამას ადრინდელი სიბრალულით არ მოვპყრობივარ. ახლა ჩემთვის სულერთი იყო. თავი ალბათ ყველაზე საცოდავიც მეგონა.

სამხედრო ჰოსპიტალი უსიტყვოდ დავტოვეთ. წელი ისევ მტკიოდა, არადა გამოსვლის წინ გვარიანად გამჭყიპეს ტკივილგამაყუჩებლებით. ექიმი მაიმედებდა, რომ ეს ტკივილი მალე გაივლიდა. თუმცა ამატებდა, რომ ჩემი ფიზიკური ტკივლი არაფერი იყო იმასთან შედარებით რისი გავლაც მე მომიწევდა ჩემი დარჩენილი ცხოვრება. მომწონდა ეს კაცი. არ მატყუებდა, ყველა ჩემს გარშემო იმედის მომცემი სიტყვებით მავსებდა, თუმცა მე ვიცოდი, იმანაც იცოდა. ეს ეტლი ჩემი საბოლოო ბედი იყო.

მანქანის ფანჯრიდან ვიყურებოდი, სამხედრო ბაზის გავლის შემდეგ, უკიდეგანო მინდვრები გამოჩნდა, ვრცელი და მწვანე, ზოგგან მზისგან გადაბუგული და გამხმარი, ზოგგან კი პირიქით, ძლიერი და ამაყად მობიბინე. სევდიანად ვუყურებდი ამ სულის ამაფორიაქებელ პეიზაჟებს. ადრე ალბათ ღიმილიც კი მომერეოდა სახეზე, თუმცა თავი გადაყრუებული ბებერი მეგონა, რომელსაც ცხოვრებაში არაფერიარ ახალისებს, რომელსაც სიცოცხლის ძალა აღარ შერჩა და ყოველ საღამოს, ფანჯრის მინის მიღმა უცქერს მზის ჩასვლას.

პოლკოვნიკის თანაშემწე, გაჯგიმული იჯდა წინ, მის გვერდით მძღოლი იყო, რომელსაც ჩვეულებრივი ჯარის ფორმა ეცვა. სახე უემოციო ჰქონდა და მხოლოდ წინ იყურებოდა. მხოლოდ ერთი სიტყვა დასცდა

– მალე მივალთ, სერ!

მე თითქოს არც გამიგია. ამის თქმის შემდეგ მხოლოდ ჩემი ძმის სახე მედგა წინ. მისი ღიმილი და უკანასკნელი ამოსუნთქვა. ყოველ წამს თავიდან გავიცდიდი ამ ყველაფერს. ისევ და ისევ. იგივე ტკივილი და იგივე კოშმარი. თუმცა, როდესაც მივედით შორიდან დავინახე პროცესია, ჩემი ძმა ხის ლამაზ ყუთში ესვენა, ყუთში, რომელსაც ახლა ყველა კუბოს უწოდებს. პატარა ორმოს გვედით ესვენა ჩემი ძმის კუბო. იქვე ადამიანების პატარა ჯგუფი შეჯგუფებულიყო. ასევე მოშორებით ჟურნალისტების ჯგუფი დავინახე, რომელიც უფრო მოზრდილი მეჩვენა.

ხალხი ჩემი მიმართულებით იყურებოდა, პოლკოვნიკის თანაშემწე და მისი მძღოლი გადმოსვლაში მომეხმარნენ. თავს საოცრად დამცირებულად და უმწეოდ ვგრძნობდი. ხალხის ჯგუფს ერთი ადამიანი გამოეყო, ეს ჩემი ძმის საცოლე იყო, რომელსაც სახეზე ფერი აღარ ედო. მხოლოდ მის დანახვაზე შემერია გულში სიბრალული. ვოცნებობდი, რომ ფილმი ყოფილიყო და ეწვიმა. ვოცნებობიდი, რომ ჩემი ცრემლები წვიმას შერეოდა და დაემალა ეს სისუსტე. თუმცა ვერ შევძელი, თავი მაღლა ავწიე და მის მხარზე, ცრემლები მოვაფრქვიე. ჩემი მზერა კი არ სცილდებოდა ჩემს ძმას. ჩემს პატარა ძმას, რომელიც ოცდახუთი წლის განმავლობაში გვერდით მედგა და მუდამ ჩემი ცხოვრებით ცხოვრობდა.

ახლა კი ამ სუსტი გოგოს მხარზე ვტიროდი ჩემი ძმის არყოფნას. იამ(ასე ერქვა ჩემი ძმის საცოლეს) ჩემი საფლავამდე მიყვანა მოითხოვა, პოლკოვნიკის თანაშემწემაც თავაზიანად დაუთმო ადგილი. ახლა ამ სუსტი გოგოს ხელებით ვუახლოვდებოდი მიწაყრილს, რომლის უკანაც ჩემი ძმის ცივი სხეული ესვენა. სხეული დამეძაბა, ტანით წინ მივიწევდი თითქოს. გაქცევა მინდოდა თუმცა…

იამ ძმის კუბოსთან მიმიყვანა. ხალხი მისამძიმრებდა, ზოგი მხარზე ხელს მიტყაპუნებდა და მამხნევებდა. მამაომ დამლოცა და განკურნება მისურვა. შემდეგ წესი აუგო და თითქოს არსაიდან გაჩენილი ოფიცრის ბრძანება გავიგე.

-მოემზადეთ! დატენეთ!ცეცხლი!

-მოემზადეთ!დატენეთ!ცეცხლი!

-მოემზადეთ!დატენეთ!ცეცხლი!

ყოველი ბრაძენების ბოლოს, ჯარისკაცების ათეული ასრულებდა ბრძანებას, “ცეცხლი”. ამით აცილებდნენ ადამიანს, რომელსაც არ იცნობდნენ და ალბათ ვერც ვერასდროს გაიცნობდნენ. თუმცა მათი სახეები სულაც არ გამოხატავდა უცხო ადამიანის დასაფლავებაზე ყოფნით უკმაყოფილებას. ყველას სევდიანი სახე ჰქონდა. თითქოს ყველა იმ კუბოში საკუთარ თავს წარმოიდგენდა.

უკანასკნელი გასროლის შემდეგ ოფიცერმა ბრძანა, რომ ათეული მოწყობილიყო და მიწაში ჩაესვენებინათ საბრალო.

ერთი წამი…

-გვესვრიან.

– როგორღაც თვითონ მივხვდი.

– ყოჩაღ – აქ გიჟივით გადაიხარხარა. წამოიწია, ფანჯარას ორი ნაბიჯით სწრაფად მოსწყდა და საპასუხო ცეცხლი გახსნა.

– გაგიჟდი?! რას აკეთებ დაწექ… – ტყვია პირდაპირ თავში მოხვდა. ღიმილი სახეზე შეჰყინვოდა, მის უკან კედელზე მისივე სისხლის შხეფები დავინახე. წამით ღრიალი მომინდა მაგრამ პირიდან მხოლოდ ხავილი ამომივიდა. იარაღი გამივარდა და კედელს მივეყუდე. უცებ თითქოს დრო გაჩერდა, ყველაფერს წითლად ვხედავდი, დამავიწყდა სად ვიყავი და რატომ. ხელები თავზე შემოვიწყვე და ძირს დავეცი. ცრემლები მომდიოდა, პირველად არ ვნახე სიკვდილი, მაგრამ საკუთარი ძმის სიკვდილმა ჩემში ყველაფერი შეძრა. უცებ არ ვიცი რა დამემართა, ჩემს ძმასთან მივხოხდი, და ვცადე უკან ფანჯრისკენ გამეთრია, უცებ ზურგში ტკივილი ვიგრძენი, მოვტრიალდი და სადღაც შორს თითქოს სარკით მანათებდა ვიღაცა შუქს, მაშინვე მივხვდი სნაიპერმა დამიჭირა. მაშინვე გავითიშე.

– ეს ცოცხალია, მეორეს არ გაუმართლა.

– რა გვარია?

– ვაშაყმაძე, მოიცა… მეორეც ვაშაყმაძეა. მგონი ძმები არიან.

– სამწუხაროა – თუმცა ხმაში არანაირი წუხილი არ იგრძნობოდა.

თვალების გახელა ვცადე, თუმცა არაფერი გამომდიოდა. ზურგი საშინლად მტკიოდა, ვგრძნობდი როგორ მიხვევდნენ ჭრილობას, გარეთ ტყვიების ზუზუნი აღარ ისმოდა. ზურგის ტკივილი კი არ ნელდებოდა, უცებ გამახსენდა, რაც მოხდა.

-ზუ… – მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე. პირში სისხლის გემოს ვგრძნობდი და განძრევა არ შემეძლო.

-რაო? ჩუ ძმაო, ძალა დაზოგე, ჩვენ გიშველით. ყველაფერი კარგად იქნება. სნაიპერის ტყვია მოგხვდა. ყველაფერი დამთავრდა.

-ცენტრს გადაეცით, მესამე რეზუს დადებითი სისხლი მოამზადონ, გადასხმაა საჭირო. – ამის შემდეგ გავითიშე.როდესაც გამოვფხიზლდი ტკივილი აღარ მაწუხებდა, თვალების გახელა ამჯერად მოვახერხე, სინათლემ თვალი მომჭრა, წამოდგომა ვცადე, მაგრამ უშედეგოდ. ვერაფერს ვგრძნობდი. ფეხების გამოძრავებაც არ შემეძლო.

თვალები დავახამხამე, ამჯერად უკეთ დავინახე ყველაფერი. საავადმყოფოში ვიწექი, ჩემს გარშემო თეთრი ფარდები იყო ჩამოკიდებული, ჩემს საწოლს მზის შუქი ეცემოდა, სხივს თვალი გავაყოლე და დიდი ფანჯრები დავინახე, ჩემს უკან. ფანჯრის გვერდით ჩემს საწოლთან კი წვეთოვანი იდგა, მხოლოდ ახლა დავინახე ის უამრავი შნური, რომლებიც ჩემს სხეულში იკარგებოდნენ. ისევ ფარდებისკენ გავაპარე მზერა, ამჯერად იქიდან ექთანი შემოდიოდა, მხოლოდ მის წითელ პომადას მოვკარი თვალი, რომ ისევ გავითიშე.

როდესაც გამეღვიძა, ისევ საწოლში ვიწექი, თუმცა ამჯერად აღარ ვიყავი გაბრუებული, და თითქოს სხეულსაც ვგრძნობდი.წამოდგომა მინდოდა, ხელებს დავეყრდენი და მთელი სხეული წამოვწიე, თუმცა ფეხები… ღმერთო ჩემო, ფეხები არ მემორჩილებოდა. ო, რა ტკივილი განვიცადე იმ წამს, ფიზიკური არა სულიერი. ნელ-ნელა ვხვდებოდი რაც ხდებოდა ჩემს თავს. გული უარყოფდა, თუმცა გონება… გონება ყველაფერს ხვდებოდა.

საწოლიდან ძირს ჩამოვვარდი, წვეთოვანი წაიქცა და საშინელი ხმაურით დაეცა იატაკზე. ჩემს გვერდით საწოლზე ვიღაცამ წამოიყვირა და წამოხტა. ორ წამში ექიმებით გარშემოტყმული ვიყავი, განწირული ვყვიროდი და ვაგინებდი ყველას ვინც მიახლოვდებოდა და ცდილობდა დავემშვიდებინე.

– დამამშვიდებელი გაუკეთეთ!- ბრძანა ვიღაცამ ამ ორომტრიალში.

– მომშორდით, მომშორდით თქვენი… – ამ დროს სიტყვა გამიწყდა, ერთი კი მახსოვს ერთ-ერთ ექიმს ძლიერად მოვადე ყბაში. შემდეგ კი გავითიშე, როდესაც გონზე მოვედი ამჯერად მიჯაჭვული ვიყავი საწოლზე, თუმცა წინააღმდეგობის გაწევა სულაც არ მიცდია, მხოლოდ თავი წამოვწიე და ფეხებს დავხედე. ვცდილობდი გამემოძრავებინა, თუმცა არაფერი გამომდიოდა. თითქოს ვგრძნობდი, როგორ გზავნიდა ჩემი ტვინი ბრძანებას, თუმცა უშედეგოდ. სადღაცას წყდებოდა სადღაც იკარებოდა ეს ბრძანება. და ზურგი ერთ-წერტილში ყრუდ მტკიოდა. ვგრძნობდი, რომ მწყუროდა.

-წყალი, წყალი მომიტანეთ ვინმემ.

ნაბიჯების ხმა გავიგე, ფარდები გადაიწია და ექიმი შემოვიდა, ახალგაზრდა კაცი იყო, ყბა უცნაურად ჩასწითლებოდა. უცნაურად მიყურებდა, თითქოს ნაწყენი ყოფილიყოს ჩემზე. სახეზე დავაკვირდი და გამახსენდა ჩემი გუშინდელი მარჯვენა ჰუკი, ღვარძლიანად ჩამეცინა და გავუღიმე.

-წყალი.

– წყალს დაგალევინებ თუ ხელების ქნევვას მოეშვები, თორემ წინაზე ერთი-ორი ექიმი დაშავდა. – ამჯერად კეთილი ღიმილი გადაეფინა სახეზე. ჩემი სიჩუმე თანხმობადა ჩათვალა და ხელები გამინთავისუფლა( ტანს ქვემოთ არც ვიყავი მიბმული საწოლზე), თავი წამომიწია და წყალი დამალევინა. მადლიერება ვიგრძენი მის მიმართ, ახლა უკვე მრცხვენოდა ჩემი წინა ღამის გამოხდომა.

– ისა.. მაპატიე… გუშინ, რომ. მოკლედ…

-არაუშავს. გამივლის. ახლა მინდა შენი მდგომარეობის შესახებ გესაუბრო. – თითქოს არ მესმოდა მისი ხმა, მხოლოდ ტუჩების მოძრაობას ვხედავდი, ისედაც ვიცოდი რაზე ლაპარაკობდა, მაგრამ არ მინდოდა ამის მოსმენა, ალბათ ამიტომაც არ მესმოდა. – და შენ ჯილდოს გადმოგცემენ, მამაცობისთვის და…

-ჩემი ძმა? ზურა? როგორაა? გადარჩა? – რა ეგოისტი ვიყავი, მხოლოდ ახლა გამახსენდა ჩემი საბრალო ძმა. ძმა, რომელიც მამაცურად იბრძოდა ჩემს გვერდით. ძმა, რომელიც…

– თქვენი ძმა, სამწუხაროდ… – სახეზე დაბნევა დაეტყო, როგორც ჩანს ჯერ კიდევ ახალგამომცხვარი ექიმი იყო და ჯერ არავისთვის ეთქვა, რომ მისი ნათესავი ან მეგობარი აღარ იყო. თუმცა აქაც ზედმეტი იყო სიტყვები. ყველაფერს ვხვდებოდი, ყველაფერი მახსოვდა. თითქოს ისევ ნათლად გამახსენდა ის საშინელი დღე. ჩემი ძმის გიჟური სიცილი და მისი სახეზე შეყინული უკანასკნელი ღიმილი. საწოლზე მოწყვეტით დავეცი. თავზე შემოვიკარი ხელები და ბავშვივით ავტირდი. ის უკანასკნელი იყო ჩემი ნათესავებიდან. ახლა მარტო დავრჩი და მხოლოდ საკუთარი ზურგით უნდა მეთრია ეს სიმძიმე.

ვეღარაფერს ვერ ვამჩნევდი, ჩემს თავში ქაოსი იყო, ვერ ვიგრძენი, როგორ გავიდა ექიმი. როგორ მიდიოდა დრო, როგორ დაღამდა, როგორ გათენდა. მხოლოდ ვიწექი და წინ ვიყურებოდი. ცრემლები თავისით მდიოდა, მე იმ ბრძოლაში მარტო ძმა და ფეხები არ დამიკარგავს. მე იქ საკუთარი თავი და ჩემი ერთადერთი საყვარელი ადამიანი დავკარგე. ზედმეტად მეტი შევწირე, ქვეყანას და ჯარს. იმ წამს თავის მოკვლაზეც არ ვიტყოდი უარს. თუმცა არაფერი გამომდიოდა. ისევ მიმაჯაჭვეს საწოლზე( ერთხელ ვცადე და დამიჭირეს).

სამი დღის შემდეგ დიდი პატივით გადმომცეს ღირსების ორდენი და სპეციალური ჯილდო მამაცობისთვის და თავგანწირვისთვის. პოლკოვნკს, რომელმაც ჯილდო გადმომცა, სახეზე ეტყობოდა, რომ მობეზრებული ჰქონდა, ამ ორდენების და მედლების დარიგება დაჭრილ-დასახიჩრებული ბიჭებისთვის. მეც ჩემი ორდენი გადმომცა, მხარზე ხელი დამიტყაპუნა და გამომიცხადა, რომ ჩემი ძმისთვის განკუთვნილი ორდენებიც მალე გადმოეცემოდა. მე კი მხოლოდ ჩემი ძმის ნეშთის ნახვა მინდოდა. პოლკოვნიკმა მითხრა, რომ აუცილებლად მოაგვარებდა ამ ყველაფერს და ეცდებოდა ჩემი ძმის დასაფლავებას დავსწრებოდი.

ისევ უაზროდ მიდიოდა დრო, ისევ უაზროდ იწელებოდა წამები, სასტიკად მტკიოდა ყოველი წუთის გასვლა და საათი კი ჩემთვის უსასრულობას უდრიდა.

ცხადი?!

ღრმად ჩავისუნთქე, ნიკოტინით გაჟღენთილი, ჰაერი. ოთახში ფეხი შევდგი და მაშინვე დამცხა. არა არ ცხელოდა, უბრალოდ აურა იყო ცხელი. წითელი კედლები, ნარინჯისფერი იატაკი და გაშავებული ჭერი. ოთახის ერთადერთი სინათლის წყაროს, ეულად მობრდღვიალე, სანთელი წარმოადგენდა. ძლიერი შუქი არ იყო, თუმცა თვალი მომჭრა. დამაბრმავა და მაშინვე ვერ დავინახე მთლიანი ოთახი. ერთი ვიცოდი იქ მელოდა ის ვინც მინდოდა. ის ვინც მომწონდა და ვისაც ჩემს გულისსწორად მივიჩნევდი.

პირველ გაუბედავ ნაბიჯს, მეორე მოჰყვა. ჩემს უკან კარი თავისით დაიკეტა, უკან მოხედვა ვერ მოვასწარი, რომ ჩემს მოპირდაპირე მხარეს ორი წითელი წერტილი აენთო. თუმცა შუქს არ ასხივებდა, უბრალოდ ანათებდა, თავისთვის მიმქრალად, თითქოს მზის ჩასვლა ირეკლებოდა ამ თვალებში, დიახ ეს თვალები იყო. შეიძლება მეჩვნებოდა, მაგრამ თვალებს ჰგავდა. მიმზერდა. ეს მზერა გულს მიფლეთდა და თითქოს ჩემს სულს უყურებდა.

ოთახის სინათლეს თვალს ვაჩვევდი, ეს მობრიალე თვალებიც თითქოს აღარ იყო ასე მტრულად ანთებული, თავისიანად მიმიღო. მიცნო, ან უბრალოდ მობეზრდა უნაყოფოდ მზერა სიბნელეში. სანთელი ოთახის შუაში, დიდ ვერცხლის შანდალში იდგა, ეს ვერცხლის შანდალიც ძველებური იყო, როგორც ოთახის თითოეული მონაკვეთი. შანდალი მაგიდაზე იდგა, რომელიც წითური ხისგან იყო შეკრული. ფეხები კარგად იყო დამუშავებული, თუმცა სიძველისგან ცოტა მორყეულიყო. მაგიდაზე შანდლის გარდა სიგარეტის კოლოფი და საფერფლე იდო, რომელშიც ჯერ კიდევ ანთებული სიგარეტი იდო. ეს სიგარეტი ბოლავდა და მთლიან ოთახს ნიკოტინის მძაფრი სუნით ჟღინთავდა.

ოთახში კიდევ იყო რაღაც, თუმცა ვერ ვხედავდი რა… მივუახლოვდი და ერთი ძველებური სავარძელი დავინახე, აქა იქ ზამბარები გამოსჩროდა. ზედ ერთი გოგო გადაწოლილიყო, თითქოს წამოდგომაც ეზარებოდა, ზანტად ახამხამებდა თვალებს, თითქოს გრძელი წამწამებით დახუნძლული თვალები წითლად ანათებდა, თუმცა ეს, როგორც ახლოდან დავინახე, სანთლის ანარეკლი იყო ამ თვალებში.

მინდოდა ხმა ამომეღო, მაგრამ ვერაფერი ვთქვი. ამის გაფიქრება იყო და მივხვდი, რომ არაფერი მესმოდა. ჩემი ნაბიჯების ხმაც კი. “ნეტა რა ქვია?”. გოგონამ თვალები მე მომანათა.მის მზერას გადავაწყდი თუ არა, ნაბიჯი უკან გადავდგი და შევიშმუშნე.

“დამავიწყდა..” მაგრამ ეს მის ტუჩებს არ უთქვამთ. ტუჩებზე დავაკვირდი. დიდი და ლამაზი ტუჩების პატრონი იყო. ისევ ვცადე მეთქვა რამე. მაგრამ არაფერი გამომდიოდა. “რა ხდება კი მაგრამ”.

” არ ვიცი” ისევ მომესმა საიდანღაც. უცებ თავში საშინელმა აზრმა გამიარა, მისი აზრები მესმოდა. მას კი ჩემი ესმოდა. ისევ შევათვალიერე. გრძელი თმა ჰქონდა, მხრებზე ჩამოშლოდა და სანთლის შუქს ირეკლავდა. ფერი ვერ გავარჩიე, მაგრამ მინდოდა წითელი ყოფილიყო. კაბა ეცვა, კესანესფერი და ტანზე მოტკეცილი. ფეხი სწორი და გრძელი ჰქონდა. ფეხსაცმელი არ ეცვა. უცებ ჩემს ფეხზე შევაჩერე მზერა, არც მე მეცვა ფეხსაცმელი, თუმცა არც არაფერი არ მეცვა. შემრცხვა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ გოგონა ვერ ამჩნევდა ჩემს სიშიშვლეს. ვცდილობდი ჩემი სიშიშვლე ხელებით დამეფარა.

” კი მაგრამ სად ვართ? ” გავიფიქრე ისევ.

” არსად, არ ვიცი, სად” ისევ დაღონებული მზერა მომანათა და ამჯერად ხელი დაიდო მკერდზე. თითქოს მისი პულსაცია მესმოდა. არა არ მესმოდა, უბრალოდ ვგრძნობდი. ჩვენი გულები ერთნაირად ძგერდა.

” მე მქვია… მე მქვია… ” კი მაგრამ რა მქვია? გავიფიქრე შეშინებულმა. ვცდილობდი ისევ ოთახი შემეთვალირებინა და მეფიქრა. ერთი წამით ბოლთის ცემაც გადავწყვიტე, თუმცა შევდექი. გოგონა ამ დროს თვალს არ მაშორებდა, ინტერესი გაჩნდა მის თვალებში. ამას მეც ვგრძნობდი, მისი ინტერესი და ჩემი მღელვარება. ისევ მივუბრუნდი მის სახეს ღიმილი გადაჰფენოდა. წამოდგა, ხელი ხელზე მომკიდა და თავისკენ მიმწია. “სახელი? ვის ადარდებს სახელი. სად ვართ? ვის ადარდებთ სად ვართ. აქ ვართ მხოლოდ მე შენ და …”

“სანთელი” გავიფიქრე ისევ.

” სანთელი” დასრულა გოგონამაც.

მომიახლოვდა, თავი მკერდზე მომადო, მისი სხეულის სითბო და მხურვალება ვიგძენი. ისევ დამცხა, თუმცა ოთახში არ ცხელოდა.

ოთახმა შეკუმშვა დაიწყო, თუმცა ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა კედლები. უცნაურად პულსირებდა ყველაფერი. ვგრძნობდი ამ პულსაციას და სუნთქვას ვაყოლებდი. ისევ იგივე გამეორდა. ისევ… და ისევ. ჩვენ კი ვიდექით ასე ოთახში. ორი დაკარგული და გონებადაკრგული ადამიანი. ისევ მცხელოდა… მაგრამ ოთახი ქრებოდა. ყველაფერი ბუნდოვნად ჩანდა. ვცდილობდი, რომ გოგონასთვის ხელი მომეხვია, მაგრამ მხოლოდ ჰაერში გავიქნიე ხელი.

თვალები დავხუჭე, რომ გავახილე ჩემს საწოლში ვიწექი, ძალიან მცხელოდა და ოფლში ვიწურებოდი, წამოვიწიე, საბანი გადავიხადე გადავბრუნდი და ისევ გავაგრძელე ძილი.

მისი აბსტრაქცია VOL. 2

ლუკას დედა დაეხმარა ანკეტის შევსებაში, თავისი ხელით შეუვსო აღელვებულ და დაბნეულ შვილს ანკეტა, შემდეგ ხელში მიაჩეჩა შევსებული ფურცელი და სარეგისტრაციო ფანჯარასთან გააგზავნა.

საგამოფენო დარბაზში სიჩუმე იდგა, ჰაერი თითქოს გამყარებულიყო დაძაბულობისგან. თითოეული ახალგაზრდა შემოქმედი ნერვიულობდა, ყველას უფერული სახე და უემოციო თვალები ჰქონდა. მათი ღიმილიც კი წამიერი იყო. ზოგი შეხტებოდა კიდეც, როდესაც მას თავისი ახლობელი მიმართავდა, რომელსაც აშკარად არ აღელვებდა პატარა მხატვრის ემოცია.

ლუკა და დედამისი, ამ ახალგაზრდა ქალბატონის სახელი არ გვიხსენებია, მას ია ერქვა. ლუკა და ია შესასვლელთან ახლოს იდგნენ, უკვე შემოეტანათ ლუკას ნახატი, ჩამოეკიდათ ისე, რომ ფარდა ფარავდა. მის ქვემოთ კი ლუკას სახელი და გვარი მიამაგრეს. ლუკა უყურებდა ამ ყველაფერს, გრძნობდა როგორ იცვლებოდა მასში აღელვება,  სიხარულით. შიში, სიმშვიდით. და პირიქით. მისი თვალებიც ჩაქრა, როდესაც კედელზე დაკიდებულმა საათმა ათჯერ გაბმით ჩამოკრა ზარი. ეს თითქოს ნიშანი იყო, მაშინვე ოთახი გაივსო ერთნაირ ტანისამოსში გამოწყობილი ხალხით. ეს ის ხალხი იყო, ვინც ლუკას ნახატი დაკიდა. მათ შავი ფრაკები და თეთრი პერანგები ეცვათ. კისერზე კი ყველას შავი ბაფთა დაემაგრებინა. ამ ხალხს უკან შემოყვა ხუთი სხვადასხვანაირად ჩაცმული ადამიანი. აქედან სამი ქალი იყო, ერთი სიგარეტს აბოლებდა და პირდაპირ იატაკზე აფერფლებდა, ყველას ეტყობოდა, რომ გემოვნებიანად ეცვათ. ქალბატონების უკან მომავალი მამაკაცები კი თითქოს ქუჩიდან შემთხვევით იყვნენ შემოღეტებულნი. ერთს დაუვარცხნელი თმა და დიდი წვერი ჰქონდა, მეორეს დახეული ჯინსი და გახუნებული მაიკა ეცვა. იგრძნობოდა მასში, რაღაც ელეგანტურობა, თუმცა პირველი შეხედვით ეს ყველაფერი ქრებოდა. ამ ხუთ (ალბათ მხატვარს) უკან კიდევ ერთი გოგონა შემოყვა, მას ხელში მიკროფონი ეჭირა და მხიარული სახით მიყვებოდა ჟიურის წევრებს.

გოგონა ოთახის შუაგულში დადგა, ჟიურის წევრებს თავი დაუკრა, რომლებიც ფანჯარასთან იდგნენ და უკვე თავიანთ ფიქრებში გართულიყვნენ, ქალი, რომელიც სიგარეტს ეწეოდა ერთ წერტილზე იყო მიშტერებული, სულ დავიწყებოდა სიგარეტი, რომელიც უკვე მთლიანად ჩამწვარი იყო. გოგონამ ჟღერადი ხმით დაიწყო:

– მოგესალმებით, ჩვენ დღეს…

ლუკას არაფერი ესმოდა, მხოლოდ თავის ნახატს უცქერდა. ფიქრობდა, თუმცა ალბათ უფრო გონება გათიშული ელოდებოდა განაჩენს. მისთვის ეს განაჩენი იყო. თუმცა უნდა ვთქვათ, რომ ეს უდიდესი გამოცდილება იყო, რომელსაც იგი თავისი მომავლისთვის შეიძენდა.

– … ახლა კი მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი ჟიურის წევრები. ქალბატონი ნინო თანდაურიძე – მაღალმა და საკმაოდ მდიდრულად ჩაცმულმა ქალმა თავი დაუკრა შეკრებილ საზოგადოებას – ქეთევან ჭიაბერიძე – ეს ის ქალი იყო, რომელიც სიგარეტს აბოლებდა. ერთი ღრმა ნაფაზი ამოარტყა და რგოლები გამოუშვა – ნელიკო მათეშვილი – ეს ახალგაზრდა ქალბატონი იყო, სწორი შავი თმით და ცოცხალი მუქი ფერის თვალებით – გიორგი კახურაშვილი – ეს მამაკაცი იყო გახუნებული მაისურით და დახეული ჯინსით. – გენო ამაშუკელი – ეს კი თმადაუვარცნელი და წვერგაუპარსავი ბიჭი იყო, რომელსაც თითქოს არ აინტერესებდა რა ხდებოდა მის ირგვლივ. – ჟიურის წევრები შეაფასებენ ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდების ნამუშევრებს და შემდეგ დღის ბოლოს გამოვლინდება გამარჯვებული. ჟიურის წევრებს ვთხოვ დაიწყონ შეფასება.

ჟიურის წევრებს აღარ დაუყოვნებიათ. თითქოს ცდილობდნენ მალე მოემთავრებინათ საქმე, რომ თავიანთ მოსაწყენ ცხოვრებას დაბრუნებოდნენ. მათი სახეები სულაც არ გამოხატავდა აღფრთოვანებას, როდესაც ფრაკებში გამოწყობილი მანდატურები ფარდებს გადაწევდნენ ნამუშევრებიდან. ისინი უბრალოდ იდგნენ და ინიშნავდნენ თავიანთთვის ინიციალებს, ან ნამუშევრის სახელს. ლუკას უკვე სახეზე ფერი აღარ ედო. მისი ნამუშევრის გამომზიურების დრო დგებოდა. კისერი დასჭიმვოდა, ყურებს გუგუნი გაჰქონდა და არაფერი ესმოდა. ხელისგულები სულ დასველებოდა და ცდილობდა ერთ ადგილზე გაჩერებულიყო, გრძნობდა, რომ მისი ბედი წყდებოდა. ფიქრობდა, რომ ეს მისთვის ან სრული კრახი ან დიდების მწვერვალი უნდა ყოფილიყო.

და აი ლუკას ჯერიც დადგა. ერთ-ერთმა შავფრაკიანმა გადაწია ფარდა, ლუკას მოეჩვენა, რომ მისი ნახატი ანათებდა. ეს ასეც იყო, დარბაზის სარკმლიდან მზის სხივი პირდაპირ მის ნახატს ანათებდა. ლუკას ეს არ შეუნიშნავს. მისთვის თითქოს ყველაფერი გაქრა, ოთახში მისთვის ორი რამ არსებობდა. თავად ლუკა და მისი ნახატი, რომელიც მის მოპირდაპირე მხარეს ეკიდა. მისი ლურჯი ფერი, მისი წითელი ფერი , მისი ყვითელი და მისი ყველა ის ფერი, რომელიც მისი პორტესტი იყო, ეს ის ფერები იყო, რომლებიც თითქოს ანათებდნენ და მიმართულებას აძლევდნენ. ეს უბრალოდ აბსტრაქცი არ იყო. ეს მისი აბსტრაქცია იყო.

p.s  მიუხედავად იმისა, რომ მეორე თავი პატარა გამოვიდა აუცილებლად შემოგთავაზებთ მესამე თავს, რომელიც დარწმუნებული ვარ უფრო საინტერესო იქნება.

მისი აბსტრაქცია

ოთახი ერთი შეხედვით მიულაგებელი იყო, თუმცა იყო ამ არეულობაშიც რაღაც წესრიგი. სათავგადასავლო წიგნები ერთად “ეყარა”, დეტექტივები ერთად. მუსიკალური წიგნები და ინსტრუმენტი სახელად გიტარა კი ცალკე კუთხეში იყო.

ოთახში ერთი საწოლი, ერთი კარადა, საწერი მაგიდა, ერთი სკამი და ერთი ბიჭი იყო. ბიჭს მშვიდად ეძინა. თუმცა ამ სიმშვიდეშიც იყო რაღაც შეშფოთება. თუმცა ეს შეშფოთება, ხშირად ბედნიერებით იცვლებოდა. ეს ბედნიერება კი სახეზე ღიმილით მთავრდებოდა.

ოთახში, ერთადერთი ფანჯრიდან, მზის სხივები შემოდიოდა. ეს მზის სხივები ალბათ რამოდენიმე წუთში ბიჭსაც გააღვიძებდა. ფანჯარა ზუსტად მის მოპირდაპირე მხარეს იყო. ბიჭს მაინც მშვიდად ეძინა. თუმცა ამ სიმშვიდ… თუმცა რა მნიშვნელობა აქვს. ოთახს დავუბურნდეთ. ოთახი პატარა იყო. თუმცა კარგად იყო მოწყობილი. კედლები მარტივად, თეთრად იყო შეღებილი. თეთრ ფონზე კი ვიღაცას, ხელით დაეხატა ნახატები. ზოგგან წარწერები იყო. გემოვნება და ხატვის სიყვარული იგრძნობოდა. გიტარაც მოხატული იყო. სახელები, ხელმოწერები, საყვარელი ჯგუფის თუ მომღერლის სახელები. ადვილი მისახვედრი იყო თუ ვინ ჩაიდინა ეს “ვანდალიზმი”, თუ ბიჭის ხელებს დავაკვირდებოდით. ხელები აქაიქ საღებავით ჰქონდა მოთხვრილი. ასევე მის საწოლთან არსებული ფუნჯები მეტყველებდა იმაზე, რომ კედლების მოხატვა ახალი დამთავრებული იყო.

კედლის საათი შვიდ საათს უჩვენებდა. სახლის სიმყუდროვეს, მხოლოდ საათის წიკწიკი არღვევდა. ცოტაც და ბიჭის ტელეფონი დარეკავდა. ტანსაცმელიც უკვე შერჩეული იყო. იქვე სკამზე ეწყო. უბრალო კუბოკრული პერანგი და შარვალი. იქვე კედები ეწყო. ისევ მოხატული და ცოტათი დახეულიც. ოთახში სხვა ფეხსაცმელიც იყო თუმცა ალბათ ეს ბიჭის საყვარელი ტანისამოსი იყო. ბიჭს შავი თმა ჰქონდა. გრძელი და სწორი თითები. ამ დროს შეიშმუშნა, თავისი გრძელი თითებით ცხვირი მოიფხანა. თუმცა არ გაღვიძებია. ცხვირი ცოტა კეციანი ჰქონდა და შუაში ცოტა შეწითლებული ჰქონდა. ალბათ რომელიმე გზააბნეული ხე დაეჯა.  ტუჩები თხელი და წითელი ჰქონდა. ტუჩს ზემოთ პატარა შრამი ჰქონდა. ალბათ აქაც რომელიმე გზააბნეული ხე დაეჯახა. თვალის უპეები ჩაშავებული და ცოტა არი იყოს დანაოჭებული ჰქონდა. მისი ასაკისთვის ცოტა არ იყოს უჩვეულოა თუმცა, მთლიან სურათს უხდებოდა. კანის ფერი თეთრი ჰქონდა. გეგონებოდათ მზის შუქი არასდროს ენახ…

ამ დროს მაღვიძარაც ახმაურდა. უკვე რვა საათი იყო. ბიჭი შეიშმუშნა. წამოიწია, გათიშა მაღვიძარა და ისევ გააგრძელა ძილი. თუმცა დიდი ხანი არ დასცალდა. ერთ წუთში ისევ ახმაურდა მაღვიძარა. გეგონებოდათ სპეციალურად იყო დაყენებული ასე. თუმცა ალბათ ასეც იყო. ამჯერად უკვე საბოლოოდ გაახილა ბიჭმა თვალები. მუქი ყავისფერი თვალები ჰქონდა, სევდიანი მაგრამ იმედისმომცემი. ალბათ ეს სულითმებრძოლი ადამიანის თვალები იყო. იმ ადამიანის, რომელაც მომავლის იმედი ჰქონდა. ამ თვალებში იმედის ნაპერწკალი იყო. ეს ალბათ ის ნაპერწკალი იყო რომელიც ოდესმე აგიზგიზდება და დიდ ალად იქცევა.

ბიჭი საწოლიდან წამოიწია, ოთახი მოათვალიერა. ერთ წერტილს გაუჭტერა თვალები. ეს წერტილი კი არა უფრო ნახატი იყო, გაეღიმა. ფეხები მოკეცა და მუხლებს დაეყრდნო. უყურებდა და ღმერთმა იცის რას ფიქრობდა, ან ფიქრობდა თუ არა საერთოდ. ცოტა ხანში წამოდგა, თავი მოიქექა. საათს დახედა მაიკა გადაიცვა და სააბაზანოში გავიდა. იქიდან უკვე მოწესრიგებული გამოვიდა. პირსახოცი მხარზე ჰქონდა გადაკიდებული და ცდილობდა ხელებიდან საღებავის კვალი გაექრო. თუმცა უშედეგოდა. ბოლოს დანებდა “ეჰ… ერთი ამისიც.” ჩაილაპარაკა და ოთახში შებრუნდა. ისევ ნახატისკენ გაექცა მზერა. უბრალო პორტრეტი იყო. განსაკუთრებული არაფერი. ერთი გოგო ეხატა. გოგოს უკან კი უბრალო სიშავე იყო.

დიდი ხანი არ გაჩერებულა პორტრეტთან. შარვალი ამოიცვა. მაიკა გაიხადა და პერანგი ჩაიცვა. ჩაცმის დროს ერთ წერტილში იყურებოდა. შუბლი შეჭმუხნული ჰქონდა. თვალები აფორიაქებული, ტუჩები მოეკუმა და გასთეთრებოდა. ხელებიც ცოტა არ იყოს უკანკალებდა. როდასაც ჩაცმას მორჩა, სამზარეულოში გავიდა. იქ უკვე ქალი ფუსფუსებდა. ფეხის ხმის გაგონებაზე მოტრიალდა. ლამაზი ქალი იყო, თუმცა სილამაზეში ასაკი შეპარვოდა უკვე. თმა ქერად ჰქონდა შეღებილი. შეღებილი იმიტომ, რომ წარბები მუქი ჰქონდა. საოცარი ღიმილი ჰქონდა. ნათელი და სუფთა. ალბათ ასეთი ღიმილით მხოლოდ თავის შვილს უღიმოდა. ბიჭმაც გაუღიმა. თუმცა ამ ღიმილში სევდა უფრო მეტი იყო ვიდრე ეიფორია.

ქალი თავის, სწორ და გრძელ, თითებს მარჯვედ ხმარობდა. ხშირად გადაიწევდა ხოლმე ყურს უკან თმას. ყურზე კი მისი ახალგაზრდული სულის ნიშანი, ოთხგან გახვრეტილი ყური ამშვენებდა. თან რაღაცას ღიღინებდა. ბიჭისთვის ნაცნობი სიმღერა იყო, თუმცა არ უსმენდა. ქალის თვალები ბედნიერებას ასხივებდა. სიამაყეს და სიხარულს.როგორც ყველა  გამოცდილი დიასახლისი, რამოდენიმე საქმეს ერთად აკეთებდა. ოთახში სიმშვიდეს უკვე საჭმლის გემრიელი სუნი არღვევდა. ეს ყველასთვის საყვარელი სუნია. ეს ის სუნია, რომელიც სახლის სიმყუდროვეს გვაგონებს ჩვენს ბავშვობის მოგონებებს გვიღვიძებს და დედის ზურგს გვახსენებს, როდესაც იგი ჩვენს გამოსაკვებად საჭმელს აკეთებს. (დედებო მიყვარხართ, გაფასებთ :* ❤ )

– მზად ხარ? ხომ არ ნერვიულობ. რაც არ უნდა მოხდეს, იცოდე მე შენს გვერდით ვარ. მამაც შენს გვერდითაა… – ამის თქმაზე ქალს თვალზე ცრემლი მოადგა, თუმცა არ მიუქცევია ყურადღება.

– კი დე. არ ვნერვიულობ. მე… მე მჯერა საკუთარი თავის.

– ყოჩაღ ლუკა. ჩაის დალევ?

-კი… დე რო არ მოეწონოთ რა ვქნა მერე?

– არ მოეწონებათ უკეთესს დახატავ. თუმცა ჩემთვის შენ საუკეთესო ხარ. მიდი ჭამე მალე და მეც მოვემზადები. – ეს უთხრა და ჩაი და ბუტერბროთები მიუტანა. თავზე ხელი გადაუსვა და ლოყაზე უჩქმიტა.

ლუკა ცოტა დამშვიდდა. ჭამდა და თან დღევანდელ დღეზე ფიქრობდა. მისთვის ეს პირველი გამოცდა იყო. ახალგაზრდა მხატვართა გამოფენა იყო. ლუკაც ახალგაზრდა იყო, თან მხატვარი. და პირველად გაიტანა თავისი ნახატი სახალხოდ. აქამდე მხოლო დედამ და უახლოესმა სამეგობრომ იცოდა, რომ ხატავდა. ყველას მოსწონდა თუმცა, ლუკა მაინც არ იყო კმაყოფილი. ეგონა, რომ ისინი არ იყვნენ კომპეტენტურები და ვერ აფასებდნენ ისე როგორც საჭირო იყო. მას კრიტიკა უნდოდა. თუმცა არ იცოდა კრიტიკას როგორ მიიღებდა. ფიქრობდა, რომ მტკივნეული იქნებოდა, თუმცა დედამ დაარწმუნა, რომ უნდა ეცადა. ისე ვერაფერს მიაღწევდა. დედამ უთხრა, რომ ეს იქნებოდა მისი ნაბიჯი დიდ მომავალში. ლუკა ფიქრობდა, რომ დედა არ ცდებოდა.  ეს მართლაც სამომავლო ნაბიჯი იყო.

– აბა რა ქენი, დაამთავრე? ნახე… ერთი ლუკმაც არ უჭამია. კარგი წამოდი გზაში შეჭამ რამეს.

– მოვდივარ. მოიცა ნახატს ავიღებ და გამოვალ ეხლავე. – ლუკა მაშინვე გავიდა სამზარეულოდან. ნახატი უნდა აეღო. არ იცოდა რომელი, მაგრამ გადაწყვეტილი ჰქონდა პირველივე რაც ხელში მოხვდებოდა აეღო. კარადა გამოაღო, თვალები დახუჭა. ხელი გაიწვდინა და პირველივე ჩარჩოს მოკიდა ხელი. მაშინვე თვალები გაახილა. ხელში “მისი აბსტრაქცია” შერჩა. ასე დაარქვა ამ ნახატს. ძალიან არ მოსწონდა ეს ნახატი, თუმცა გადაწყვიტა ბედს მინდობოდა. თვლიდა, რომ ეს უბრალო ნახატი იყო. არაფერი განსაკუთრებული. ამიტომ არ მოსწონდა. თუმცა ბევრი იწვალა ფერების შერჩევაზე. მაგრამ მეტს ელოდა. და ამიტომაც დაარქვა “მისი აბსტრაქცია” და არა თუნდაც “თავისი აბსტრაქცია” ოთახიდან გამოვიდა. დედა უკვე ელოდებოდა. მაშინვე შეახვიეს ნახატი ქაღალდში და სახლიდან გავიდნენ. უკვე ცხრა საათი იყო. გამოფენაზე რეგისტრაცია კი ერთ საათში იწყებოდა.

ნახევარ საათში უკვე გამოფენაზე იყვნენ დედა-შვილი.

P.S. გაგრძელება იქნება. 😀

გოგო სახელად ანო

ისევ მისი სადარბაზოს წინ გავჩერდი, ველოდებოდი როდის ჩამოვიდოდა, თმას უკან გადაიყრიდა და ჩემგან მარცხნივ წავიდოდა. 3… 2… 1.. ზუსტად დროზე ჩამოვიდა. თმა უკან გადაიყარა და მარცხნივ გაუყვა გზას. უკან გაყოლას აზრი არ ქონდა. მაინც ვერაფერს ვეტყოდი. თუმცა მაინც გავყევი. მივყვებოდი უკან და ვფიქრობდი:

“საოცარი გოგოა, მშვენიერ თმა, ლამაზი ფეხები. თუმცა ერთი პრობლემა მაქვს, მისი თვალის ფერი ვერ გავიგე. თუმცა სახელიც არ ვიცი. მერა რა მთავარი თვალებია. თუმცა ტუჩებიც არის მთავარი. არა, ტუჩები და თვალი ერთად. ცხვირი? ცხვირიც მთავარია მაგრამ ტუჩები ყველაზე მნიშვნელოვანია, თვალების შემდეგ.

უკვე დიდი ხანია, რაც ყოველ დღე ერთი და იგივე დროს ამ ადგილზე მოვდივარ. რამე უნდა ვქნა. ასე აღარ უნდა გაგრძელდეს. ახლა მივალ და გავიც…”

უცებ გოგოს ჩანთა გაუწყდა და დაუვარდა, როდესაც უკან მობრუნდა და დაიხარა სათვალეც მოსძვრა, ძირს დავარდა და გატყდა. მე არც ისე შორს მივყვებოდი. მაშინვე მივვარდი.

– მოგეხმარებით.

-არა მადლობა. – თავაზიანად მომიშორა მან, ისე რომ არც ამოუხედავს.

– არა მოგეხმარებით.- გავიღიმე მე ამ დროს მანაც ამომხედა და ავიჭერი. მგონი გავწითლდი კიდეც. ცოტა წავბარბაცდი, ხელი ავიქნიე და ძირს მოვჯექი უკანალზე. გოგოს გაეცინა. საოცარი სიცილი ქონდა. მეც სიცილი ამიტყდა. ხელი გამომიწოდა, მეც გავუწოდე ხელი (თუმცა ჩემით წამოვდექი, ძალა არ დამიტანებია).

-მადლობა.-  ხელს არ ვუშვებდი, თან ვოცნებობდი ხელი არ გამოფლიანებოდა ნერვიულობისგან.

– არაფერს. ორივე დავეხმარეთ ერთმანეთს. – ისევ სიცილით მიპასუხა.

-ხოო, რავიცი… – თავი მოვიფხანე მე. ძალიან დაბნეული ვიყავი. – მე აკაკი მქვია.

– სასიამოვნოა აკაკი. – გაიცინა მან ისევ. – უკვე დიდი ხანია ჩემი სადარბაზოს წინ გხედავ. მეზობლები ხომ არ ვართ.

– არა… იცით , მმმ.. მეგობარი ცხოვრობს აქ.

-გასაგებია. ყოველ დღე დაბარებულივით ერთ ადგილას ელოდებით?

– დიახ, დაბარებული ვარ ხოლმე. – გავიღიმე მე.

მანაც გაიღიმა, მგონი მაბრმავებდა. მაგარი ღიმილი ქონდა.

– დღეს სახლში არ იყო უბრალოდ… – ვცდილობდი მისი მიმართულებით წასვლის მიზეზი ამეხსნა. – მერე გამახსენდა, რომ აქეთ მქონდა საქმე.

– გასაგებია, აკაკი.-  ისევ გაიღიმა მან. – ახლა მაპატიეთ. უნდა წავიდე.

– დიახ, რა თქმა უნდა. – ხელი დავუშვი. ძალიან არ მინდოდა ხელის გაშვება.(ხელი არ გამიოფლიანდა) – მეც მანდეთ მოვდივარ.

– კარგით, მარტო სიარული მაინც არ მიყვარს. – შებრუნდა და გზა გააგრძელა.

– ჩანთა დაგრჩათ… თქვენი სახელი?

– უიი.. – მომიბრუნდა, სახეზე შეწითლებული იყო – ანო მქვია.

– სასიამოვნოა, გაფუჭდა ჩანთა? – თან პირველი ნაბიჯი გადავდგი.

– არა, უბრალოდ გაკერვა შეიძლება. – გამომყვა და თან ჩანთას ათვალიერებდა. – სად ცხოვრობს თქვენი მეგობარი? ან რა ქვია ? იქნებ ვიცნობ.

– არამგონია იცნობდეთ. მას… მოკლედ… მას გ…გიორგი ქვია. – ამოვისუნთქე მე შვებით.

– გგიორგი? უცნაური სახელია ორი გ? ჰმ.. – ჩაიფრუტუნა მანდ და ოდნავშესამჩნევად გაიღიმა კიდეც.

(ღმერთო, რა მაგარი გოგო ხარ, გავიფიქრე მე და ღმად ჩავისუნთქე მისი სუნამოს სუნი)

– არა უბრალოდ გიორგი. როგორც აკაკი. – ვუთხარი და თან საკუთარი თავი შემეცოდა. რა სისულელეებს ვლაპარაკობდი.

– ძალიან კარგი. მგონი ვიცნობ ერთ გიორგის.

– მშვენიერია… იცით მე…

– აქეთ მივდივარ მე. იმედია თქვენც აქეთ არ მოდიხართ, თორემ ვიფიქრებ, რომ მომყვებით უკან. – ღიმილით მითხრა მან.

– არა, არა მე მხოლოდ პ…პირდაპირ. – ისევ ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი და ამოვიოხრე.

– კარგით, კარგად აკაკი. იმედია ხვალ თქვენი მეგობარი სახლში იქნება.

– ხოო, მეც მაგის იმედი მაქვს. – თან ჯიბეზე გავიკარი ხელი. სიგარეტი მესაჭირებოდა სასწრაფოდ. – კარგად ანო. – თან სიგარეტი ამოვიღე და გავუკიდე. (ბოლო სიტყვები მგონი გონებაში ვთქვი)

ხელი აიქნია და გზა გააგრძელა. ცოტა ხანი ვიდექი ასე. შემდეგ დავინახე, რომ გზასთან გაჩერდა. მასთან ორ წამში მანქანა გაჩერდა. ბიჭი გადმოვიდა. ჩაეხუტა და აკოცა ანოს. “ფუ ამის… ბედი არ გინდა?” გავიფიქრე მე და სიგარეტი მოვქაჩე. შეყვარებული ყოლია. ასე ვიდექიდა ვუყურებდი, როგორ ეხუტებოდა, გოგო რომელიც მომწონდა, ბიჭს რომელსაც ალბათ ცხოვრების ბოლომდე შევიძულებდი.

მინდოდა დამეყვირა, მინდოდა მივვარდნოდი და გამეგლიჯა ორივე. მინდოდა ნაკუწ-ნაკუწ ამეჩეხა ორივე. “ღმერთო რეებზე ვფიქრობ.” ხელზე სიმხურვალე ვიგრძენი. სიგარეტი ბოლომდე ჩამწვოდა. ისინი კი უკვე წასულიყვნენ. მე კიდევ ღმერთმა იცის რამდენი ხანი ვიდექი ასე. სიგარეტი მოვისროლე. ჩემი გულისცემას დავაკვირდი. საშინლად მიცემდა, თითქოს მართონი მერბინოს. მძიმედ ვსუნთქავდი. მეორე ღერი ამოვიღე. ისევ გავუკიდე, ამჯერად პირიდან გადმომივარდა. ფეხით გავსრისე, ისევ ჯიბეზე დავირტყი ხელი. სიგარეტის კოლოფი ამოვიღე. ხელი მოვაფათურე, ისე რომ შიგნით არ ჩამიხედავს. ხელიში აღარ მომხვდა ღერი. აღარ მქონდა სიგარეტი.

– ფუ ამის… -ხმამაღლა შევიგინე.

– ყოჩაღ შვილო. – მომაძახა გამვლელმა ქალმა. უბრალოდ გავხედე, აღარაფერი მითქვამს. გამოვბრუნდი და თავდახრილი წავედი. თან ვფიქრობდი, მშვენიერი გოგოა. თან რა ტუჩები აქვს. თვალები? რა თვალები? რის თვალები? მისი თვალები ვერ დავიმახსოვრე.

– ფუ ამის… – ერთიც ღვარძლიანად შევიგინე და გზას გავუყევი. სად მივდიოდი, რატო მივდიოდი არ ვიცი. თუმცა ერთი ვიცი. სახელი ანო მიყვარდა. ანოც მიყვარდა. საოცარია. ხშირად მიუწვდომელი უფრო საყვარელია, თუმცა ეს საყვარელიც საშინელია. საზიზღარიც კია. სიყვარული არ იყო ჩემი საქმე. მე უფრო მეგობრობა გამომდიოდა. რამდენი დავკარგე. ვფიქრობდი ჩემთვის და გზას ვაგრძელებდი. თუმცა ჩემი მეორე მე მეუბნებოდა, რომ ბევრი არაფერი დამიკარგავს. ეს ალბათ ჩემი გონების ხმა იყო. გული კი… გული სხვას ამბობდა. გული სიმართლეს ამბობდა. გონება ცდებოდა. ან პირიქით. ხშირად უბრალოდ ორივე ცდება. სიყვარულს არ ვკარგავთ. ადამიანებს კი, რამდენსაც გინდა. ჩემმა მეგობარმა მითხრა ერთხელ, ვინც წასასვლელია თავისი ფეხით წავაო. თუმცა რა შუაშია ეს, როდესაც არც არასდროს მყოლია გვერდით. ალბათ უფრო გონება იყო მართალი. სიყვარული არა ისა. თუმცა რატომაც არა. “გულო გაჩუმდი რა” შევუძახე ჩემ თავს. თავიც მაღლა ავწიე, ახლა უკვე თავისუფალი ვიყავი. თუმცა არასდროს დამავიწყდებოდა, გოგო  სახელად ანო.

თოვლი, სისხლი, ანგელოზი

კარი თითქმის ჩამოვგლიჯე ისე გამოვედი გარეთ, სიგარეტს გავუკიდე და ქუჩას გავუყევი. არავის არ ვაქცევდი ყურადღებას, თუმცა არც არავინ იყო ქუჩაში. ღამე იყო, თოვდა და ციოდა. სიგარეტის ცისფერი კვამლი პირიდან ამოსულ ორთქლს ერეოდა. საოცარი სიმძლავრე იგრძნობოდა ამ ორთლ-ბოლში.

თოვლი თავიდანვე ვერ შევნიშნე. მხოლოდ ფეხქვეშ გათელილი თოვლის ხმით მივხვდი, რომ თოვდა. თავი მაღლა ავწიე. ლამპიონის შუქზე თეთრი ფანტელები ცვიოდა. ხელებზე დავიხედე, გამლურჯებოდა. გათბობა ვცადე. ამ დროს სიგარეტიც შევნიშნე. მიმოვიხედე და ფეხებიდან თოვლი დავიბერტყე. მინდოდა სადმე სკამი მენახა, რომ ჩამოვმჯდარიყავი. ვერაფერი შევნიშნე, ისედაც  არაფერი ჩანდა.

ფიქრებმა გამიტაცა. გამახსენდა რატომ გამოვიქეცი სახლიდან. დამღალეს… აღარ მინდა იმათი ჩხუბის ყურება. მგონი ვერც შენიშნეს. თითქოს შორიდან ვხედავდი მათ სახეებს. წარმოვდიგინე ზიზღით ანთებული თვალები და ყვირილისგან დაჭიმული კისერი. გზა გავაგრძელე, თან მეორე ღერს გავუკიდე. ჩემთვის შვება იყო. მარტოობა, სიგარეტი და თუნდაც თოვლი. რატომაც არა.

მციოდა, მაგრამ არ ვაქცევდი ყურადღებას. გული უფრო მტკიოდა. უცებ რატომღაც გავჩერდი. ზურგში ტკივილი ვიგრძენი, ზურგიდან ტკივილი წინ წამოვიდა, და თითქოს მკერდიდან გამოვიდა. უკან მივიხედე, შორს ადამიანი იდგა. ცალი ხელი ზემოთ აეწია და ჩემსკენ ჰქონდა მოშვერილი. ხელში რაღაც ეჭირა ვერ დავინახე. ისევ წინ გავიხედე, ნაბიჯის გადადგმა მინდოდა, მაგრამ თვალში სითეთრის ნაცვლად სიწითლე მომხვდა. სითბომ დამიარა სხეულში, აღარ მციოდა. ფიქრებიც თითქოს მინელდა. ისეთი ცხელი აღარ იყო, გონება. სითბოც წავიდა ახლა ვცივდებოდი, თუმცა ეს სიცივე უჩვეულო იყო. საკუთარ თავს ვეღარ ვცნობდი, მუხლებზე დავეცი. წამოდგომა მინდოდა, მაგრამ ვერ წამოვიწიე. პირიქით უკან გავიწიე. ახლა წინ ვიღაცის ზურგს ვხედავდი, მუხლებზე იდგა, ახველებდა და სისხლს იფურთხებოდა. უკან მოვიხედე, ისევ იდგა ვიღაც. თუმცა აღარ იდგა, მიახლოვდებოდა. დაყვირება ვცადე, თუმცა არაფერი გამომივიდა. ხმა არ მქონდა. ხელებზე დავიხედე. ხელებიდან ოქროსფერი ძაფები გამომივიდა. ჩემ წინ მდგომს შეუერთდა და ვიგრძენი, რომ ეს ჩემი სხეული იყო. სითბო იგრძნობოდა, თუმცა ესეც მინელდა. მტოვებდა სითბო.

ოქროს ძაფები უკვე მთელი სხეულიდან წამომეზარდა, ძლიერი ბიძგი ვიგრძენი, ჩემს წინ ზეციდან არსება დაეშვა. ოთხი ფრთა ქონდა, სახე არ უჩანდა. მხოლოდ ადამიანის სხეული ჰქონდა. ერთი ხელის მოსმით გაწყვიტა ძაფები, და ტკივილიც გაქრა. ტკივილი შვებამ შეცვალა. აღარც არაფერი მაწუხებდა. მხოლოდ წინ გახედვა მინდოდა. არსებას მივაცქერდი, მინდოდა მეთქვა, მინდოდა დამეყვირა მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი. თუმცა არ მეშინოდა. წამოვდექი და სიმსუბუქე ვიგრძენი. გონებას წასვლა უნდოდა, გულს დარჩენა. თუ გამაჩნდა საერთოდ რომელიმე.თუმცა ვიცოდი, მე ადამიანი ვიყავი და მე მქონდა ნება. მქონდა სურვილი. ვხვდებოდი ჩემს მდგომარეობას, არსება მომიახლოვდა ხელი გამომიწოდა. შევხედე. თვალებში მინდოდა შეხედვა, თუმცა თვალები არ ჰქონდა. ხელს დავხედე თურმე არც ხელი ჰქონია. სითბოს ასხივებდა, თუმცა ამ სითბოში არაფერი იყო ბუნებრივი. ეს არაბუნებრივად თბილი არსება იყო. ხელის აქნევა ვცადე, არაფერი გამომივიდა. არსება მიახლოვდებოდა. და ხელი გამოიშვირა, თუმცა თითები არ ჰქონდა. უბრალოდ ვიცოდი, რომ ხელი იყო. გონება დამცინოდა. ისეთ ინფორმაციას მაწვდიდა რაც არაფერში მჭირდებოდა. ახლა უფრო ძლიერად მომინდა ხელის აქნევა. თითქოს გავმოძრავდი კიდეც. არსებას არ გამოპარვია ეს. თითქოს თავი ჩემი ხელისკენ მიაბრუნა. გონებაში ხმა გავიგე. “რჩები?” მინდოდა მეთქვა კი მაგრამ ყველაფერი განათდა. ტკივილი დაბრუნდა სხეულში, ფიქრებიც გამწარებული ეძგერნენ ჩემს თავს. ჩემს გონებას. ხმები მესმოდა, თუმცა არ ვიცოდი რა ხდებოდა. ხმა მეუბნებოდა : “მიდი შენ შეძლებ ამას, არ დანებდე შვილო” თვალები გავახილე, ზემოდან შუქი დამნათოდა, აღარ მციოდა, მაგრამ სითბოსაც ვერ ვგრძნობდი. მიმოვიხედე ექიმები დამტრიალებდნენ თავს. ახლა ვიცოდი, რომ გადავრჩი. თუმცა რას გადავურჩი ისიც არ ვიცოდი. კუთხეში ის არსება იდგა. თითქოს გამიღიმა, მაგრამ როგორ გამიღიმებდა, პირი არ ჰქონდა…

ტანგო

მტვერი,ოფლი,დაღლილობა,სინანული,ტკივილი, სიყვარული.

-მტვერი?

– ეს უბრალო მტვერი არაა. ეს ბევრად მეტია. ეს სცენის მტვერია. შენი ყოველი მოძრაობისას წარმოქმნილი.ეს ის მტვერია, რომლითად გრძნობ,რომ ცოცხალი ხარ. შეგიძლია ოფლი მოიდინო… შენი სინანული ტკივილს გაატანო. და ამით სიყვარული მოიპოვო.

– ვისი სიყვარული.

-ხალხის სიყვარული. მტვერი, მტვერი უბრალოდ მტვერია სცენის გარეშე. სცენა კი უბრალოდ სცენაა მოცეკვავის გარეშე. ეს ის ადგილია სადაც მე ფრთები ამომდის. ყოველ ჩასუნთქვაზე ფილტვები, ჩემთვის საყვარელი მტვრით მევსება. ყოველ ამოსუნთქვაზე დაღლილობა მეხსნება. ოფლი მომდის, მტკივა, ვნანობ…

– რას ნანობ?

– ვნანობ, რომ მტკივა. თუმცა მაინც მიყვარს. მიყვარს ეს ტკივილი, მიყვარს ეს… სიბინძურე. შენ ალბათ იკითხავ, რა არის ჩემთვის სიბინძურე? ჩემთვის სიბინძურე ის ტკივილია, რასაც ყოველ ნაბიჯზე განვიცდი. ის ტკივილია, რომელიც მუხლჩაუხრელად მამოძრავებს. ეს ის სიბინძურეა, ეს ის ტკივილია რითაც მე ვცხოვრობ. ესაა ჩემი ცხოვრება. ესაა ჩემი ტანგო.

– შენი ტკივილი შენი ტანგოა?

– არა მეგობარო, ჩემი ტანგო ჩემი ტკივილია, და არა პირიქით. მტვერი, მხოლოდ მტვერია. ოფლი, მხოლოდ ოფლია. დაღლილობა, მხოლოდ დაღლილობაა. სინანული, მხოლოდ სინაულია. ტკივილი, მხოლოდ ტკივილია. სიყვარული კი თავად ტანგოა. თუმცა ტანგო არაა სიყვარული. ტანგო ცხოვრებაა. ყოველი ნაბიჯი, ტკივილია. ყოველი მეორე ნაბიჯი სიყვარული. ტანგო ოვაციაა. ტანგო ძალაა, ტანგო შიშია..

– რისი შიშია. თუ ძალაა შიში როგორღაა. ზოგი ამბობს, რომ ტანგოში შეცდომები არ ასებობს, მაშინ რიღასი გეშინიათ?

– არა… ტანგო ცხოვრებაა. თუ ცხოვრებაში შეცდომა არსებობს, მაშინ ტანგოში რატომ არ შეიძლება იყოს? თუ ტანგო ცხოვრებაა, მაშინ მე მეშინია. მაგრამ იცოდე. ტანგო მარტო შიში არაა. იგი თავად სიყვარულია. სიყვარულში კი მთავარი ნაბიჯია. ნაბიჯი საითკენ? წინ. და მხოლოდ წინ. მეტი არსად. ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი, შიშსს ჩაკლავს. და შეცდომას გაპატიებს.

– ყველაზე მეტად რომელი ტანგო გიყვართ?

– ყველაზე მეტად რომელი შეყვარებული გიყვარს?

– არ ვიცი. ალბათ პირველი, რადგან სხვა არც მყოლია.

– მართალი ხარ. პირველი და უკანასკნელი. ტანგო ჩემთვის ერთია. ერთადერთიც. თუ რა თქმა უნდა ცოლს არ ჩავთვლით. იმედია უკან არ მიდგას და არ მისმენს. ეჭვიანობა. ტანგოს მთავარი მინუსია. ტანგოს ტკივილია თავად ეჭვიანობა. ტანგოზე ლეგენდები დადის. ეჭვიანიაო. თუ სხვა ქალი გიყვარს, მან იცის. იგი გრძნობს და არ გაპატიებს.

– მაშინ რატომ ცეკვავთ ტანგოს თუ ცოლი გყავთ?

– იმიტომ, რომ ჩემი ცოლი ჩემი ტანგოა. ჩემი პირველი ტკივილია, ჩემი პირველი სიყვარულია. თუ სიკეთე არსებობს ეს ჩემი ცოლია. თუ ჩემი ცოლია ესე იგი ჩემი ტანგოა.