Category Archives: თეთრი ღამურა

ერთი წამი…

-გვესვრიან.

– როგორღაც თვითონ მივხვდი.

– ყოჩაღ – აქ გიჟივით გადაიხარხარა. წამოიწია, ფანჯარას ორი ნაბიჯით სწრაფად მოსწყდა და საპასუხო ცეცხლი გახსნა.

– გაგიჟდი?! რას აკეთებ დაწექ… – ტყვია პირდაპირ თავში მოხვდა. ღიმილი სახეზე შეჰყინვოდა, მის უკან კედელზე მისივე სისხლის შხეფები დავინახე. წამით ღრიალი მომინდა მაგრამ პირიდან მხოლოდ ხავილი ამომივიდა. იარაღი გამივარდა და კედელს მივეყუდე. უცებ თითქოს დრო გაჩერდა, ყველაფერს წითლად ვხედავდი, დამავიწყდა სად ვიყავი და რატომ. ხელები თავზე შემოვიწყვე და ძირს დავეცი. ცრემლები მომდიოდა, პირველად არ ვნახე სიკვდილი, მაგრამ საკუთარი ძმის სიკვდილმა ჩემში ყველაფერი შეძრა. უცებ არ ვიცი რა დამემართა, ჩემს ძმასთან მივხოხდი, და ვცადე უკან ფანჯრისკენ გამეთრია, უცებ ზურგში ტკივილი ვიგრძენი, მოვტრიალდი და სადღაც შორს თითქოს სარკით მანათებდა ვიღაცა შუქს, მაშინვე მივხვდი სნაიპერმა დამიჭირა. მაშინვე გავითიშე.

– ეს ცოცხალია, მეორეს არ გაუმართლა.

– რა გვარია?

– ვაშაყმაძე, მოიცა… მეორეც ვაშაყმაძეა. მგონი ძმები არიან.

– სამწუხაროა – თუმცა ხმაში არანაირი წუხილი არ იგრძნობოდა.

თვალების გახელა ვცადე, თუმცა არაფერი გამომდიოდა. ზურგი საშინლად მტკიოდა, ვგრძნობდი როგორ მიხვევდნენ ჭრილობას, გარეთ ტყვიების ზუზუნი აღარ ისმოდა. ზურგის ტკივილი კი არ ნელდებოდა, უცებ გამახსენდა, რაც მოხდა.

-ზუ… – მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე. პირში სისხლის გემოს ვგრძნობდი და განძრევა არ შემეძლო.

-რაო? ჩუ ძმაო, ძალა დაზოგე, ჩვენ გიშველით. ყველაფერი კარგად იქნება. სნაიპერის ტყვია მოგხვდა. ყველაფერი დამთავრდა.

-ცენტრს გადაეცით, მესამე რეზუს დადებითი სისხლი მოამზადონ, გადასხმაა საჭირო. – ამის შემდეგ გავითიშე.როდესაც გამოვფხიზლდი ტკივილი აღარ მაწუხებდა, თვალების გახელა ამჯერად მოვახერხე, სინათლემ თვალი მომჭრა, წამოდგომა ვცადე, მაგრამ უშედეგოდ. ვერაფერს ვგრძნობდი. ფეხების გამოძრავებაც არ შემეძლო.

თვალები დავახამხამე, ამჯერად უკეთ დავინახე ყველაფერი. საავადმყოფოში ვიწექი, ჩემს გარშემო თეთრი ფარდები იყო ჩამოკიდებული, ჩემს საწოლს მზის შუქი ეცემოდა, სხივს თვალი გავაყოლე და დიდი ფანჯრები დავინახე, ჩემს უკან. ფანჯრის გვერდით ჩემს საწოლთან კი წვეთოვანი იდგა, მხოლოდ ახლა დავინახე ის უამრავი შნური, რომლებიც ჩემს სხეულში იკარგებოდნენ. ისევ ფარდებისკენ გავაპარე მზერა, ამჯერად იქიდან ექთანი შემოდიოდა, მხოლოდ მის წითელ პომადას მოვკარი თვალი, რომ ისევ გავითიშე.

როდესაც გამეღვიძა, ისევ საწოლში ვიწექი, თუმცა ამჯერად აღარ ვიყავი გაბრუებული, და თითქოს სხეულსაც ვგრძნობდი.წამოდგომა მინდოდა, ხელებს დავეყრდენი და მთელი სხეული წამოვწიე, თუმცა ფეხები… ღმერთო ჩემო, ფეხები არ მემორჩილებოდა. ო, რა ტკივილი განვიცადე იმ წამს, ფიზიკური არა სულიერი. ნელ-ნელა ვხვდებოდი რაც ხდებოდა ჩემს თავს. გული უარყოფდა, თუმცა გონება… გონება ყველაფერს ხვდებოდა.

საწოლიდან ძირს ჩამოვვარდი, წვეთოვანი წაიქცა და საშინელი ხმაურით დაეცა იატაკზე. ჩემს გვერდით საწოლზე ვიღაცამ წამოიყვირა და წამოხტა. ორ წამში ექიმებით გარშემოტყმული ვიყავი, განწირული ვყვიროდი და ვაგინებდი ყველას ვინც მიახლოვდებოდა და ცდილობდა დავემშვიდებინე.

– დამამშვიდებელი გაუკეთეთ!- ბრძანა ვიღაცამ ამ ორომტრიალში.

– მომშორდით, მომშორდით თქვენი… – ამ დროს სიტყვა გამიწყდა, ერთი კი მახსოვს ერთ-ერთ ექიმს ძლიერად მოვადე ყბაში. შემდეგ კი გავითიშე, როდესაც გონზე მოვედი ამჯერად მიჯაჭვული ვიყავი საწოლზე, თუმცა წინააღმდეგობის გაწევა სულაც არ მიცდია, მხოლოდ თავი წამოვწიე და ფეხებს დავხედე. ვცდილობდი გამემოძრავებინა, თუმცა არაფერი გამომდიოდა. თითქოს ვგრძნობდი, როგორ გზავნიდა ჩემი ტვინი ბრძანებას, თუმცა უშედეგოდ. სადღაცას წყდებოდა სადღაც იკარებოდა ეს ბრძანება. და ზურგი ერთ-წერტილში ყრუდ მტკიოდა. ვგრძნობდი, რომ მწყუროდა.

-წყალი, წყალი მომიტანეთ ვინმემ.

ნაბიჯების ხმა გავიგე, ფარდები გადაიწია და ექიმი შემოვიდა, ახალგაზრდა კაცი იყო, ყბა უცნაურად ჩასწითლებოდა. უცნაურად მიყურებდა, თითქოს ნაწყენი ყოფილიყოს ჩემზე. სახეზე დავაკვირდი და გამახსენდა ჩემი გუშინდელი მარჯვენა ჰუკი, ღვარძლიანად ჩამეცინა და გავუღიმე.

-წყალი.

– წყალს დაგალევინებ თუ ხელების ქნევვას მოეშვები, თორემ წინაზე ერთი-ორი ექიმი დაშავდა. – ამჯერად კეთილი ღიმილი გადაეფინა სახეზე. ჩემი სიჩუმე თანხმობადა ჩათვალა და ხელები გამინთავისუფლა( ტანს ქვემოთ არც ვიყავი მიბმული საწოლზე), თავი წამომიწია და წყალი დამალევინა. მადლიერება ვიგრძენი მის მიმართ, ახლა უკვე მრცხვენოდა ჩემი წინა ღამის გამოხდომა.

– ისა.. მაპატიე… გუშინ, რომ. მოკლედ…

-არაუშავს. გამივლის. ახლა მინდა შენი მდგომარეობის შესახებ გესაუბრო. – თითქოს არ მესმოდა მისი ხმა, მხოლოდ ტუჩების მოძრაობას ვხედავდი, ისედაც ვიცოდი რაზე ლაპარაკობდა, მაგრამ არ მინდოდა ამის მოსმენა, ალბათ ამიტომაც არ მესმოდა. – და შენ ჯილდოს გადმოგცემენ, მამაცობისთვის და…

-ჩემი ძმა? ზურა? როგორაა? გადარჩა? – რა ეგოისტი ვიყავი, მხოლოდ ახლა გამახსენდა ჩემი საბრალო ძმა. ძმა, რომელიც მამაცურად იბრძოდა ჩემს გვერდით. ძმა, რომელიც…

– თქვენი ძმა, სამწუხაროდ… – სახეზე დაბნევა დაეტყო, როგორც ჩანს ჯერ კიდევ ახალგამომცხვარი ექიმი იყო და ჯერ არავისთვის ეთქვა, რომ მისი ნათესავი ან მეგობარი აღარ იყო. თუმცა აქაც ზედმეტი იყო სიტყვები. ყველაფერს ვხვდებოდი, ყველაფერი მახსოვდა. თითქოს ისევ ნათლად გამახსენდა ის საშინელი დღე. ჩემი ძმის გიჟური სიცილი და მისი სახეზე შეყინული უკანასკნელი ღიმილი. საწოლზე მოწყვეტით დავეცი. თავზე შემოვიკარი ხელები და ბავშვივით ავტირდი. ის უკანასკნელი იყო ჩემი ნათესავებიდან. ახლა მარტო დავრჩი და მხოლოდ საკუთარი ზურგით უნდა მეთრია ეს სიმძიმე.

ვეღარაფერს ვერ ვამჩნევდი, ჩემს თავში ქაოსი იყო, ვერ ვიგრძენი, როგორ გავიდა ექიმი. როგორ მიდიოდა დრო, როგორ დაღამდა, როგორ გათენდა. მხოლოდ ვიწექი და წინ ვიყურებოდი. ცრემლები თავისით მდიოდა, მე იმ ბრძოლაში მარტო ძმა და ფეხები არ დამიკარგავს. მე იქ საკუთარი თავი და ჩემი ერთადერთი საყვარელი ადამიანი დავკარგე. ზედმეტად მეტი შევწირე, ქვეყანას და ჯარს. იმ წამს თავის მოკვლაზეც არ ვიტყოდი უარს. თუმცა არაფერი გამომდიოდა. ისევ მიმაჯაჭვეს საწოლზე( ერთხელ ვცადე და დამიჭირეს).

სამი დღის შემდეგ დიდი პატივით გადმომცეს ღირსების ორდენი და სპეციალური ჯილდო მამაცობისთვის და თავგანწირვისთვის. პოლკოვნკს, რომელმაც ჯილდო გადმომცა, სახეზე ეტყობოდა, რომ მობეზრებული ჰქონდა, ამ ორდენების და მედლების დარიგება დაჭრილ-დასახიჩრებული ბიჭებისთვის. მეც ჩემი ორდენი გადმომცა, მხარზე ხელი დამიტყაპუნა და გამომიცხადა, რომ ჩემი ძმისთვის განკუთვნილი ორდენებიც მალე გადმოეცემოდა. მე კი მხოლოდ ჩემი ძმის ნეშთის ნახვა მინდოდა. პოლკოვნიკმა მითხრა, რომ აუცილებლად მოაგვარებდა ამ ყველაფერს და ეცდებოდა ჩემი ძმის დასაფლავებას დავსწრებოდი.

ისევ უაზროდ მიდიოდა დრო, ისევ უაზროდ იწელებოდა წამები, სასტიკად მტკიოდა ყოველი წუთის გასვლა და საათი კი ჩემთვის უსასრულობას უდრიდა.

თეთრი ღამურა

ჩვენ ადამიანები მღრნელებს ვგავართ. გვეშინია დიდი სივრცეების, უფრო ზუსტად კი თაგვები ვართ. გვეშინია ზემოთ ავიხედოთ , და დავინახოთ ის რაც არც ჩანს. გვეშინია გარეთ გავიდეთ, სუფთა ჰაერი ჩავისუნთქოთ და ვთქვათ ” მე თავისუფალი ვარ”.

მაგრამ ყველა არ არის ასე. არსებობენ ადმიანები რომლებიც არ არიან თაგვები. მე მათ ღამურებს ვეძახი. უფრო თეთრი ღამურები არიან. გარეთ იხედებიან, უკან იყურებიან, არ ეშინიათ. მაგრამ მე არ ვარ ასე. თუმცა მე ვიბრძვი

. მინდა დავაღწიო თავი ხაფანგებს. მინდა გამოვძვრე და თავი არ დავკარგო. ეს ტომი და ჯერი არაა. მე ის თაგვი არ ვარ. ეს რეალური ცხოვრებაა. რეალური ხაფანგებია. მე დარწმუნებული ვარ ერთ დღეს ეს შავი ბიჭი. გავთეთრდები. და ალბათ ფრთებიც ამომივა. შეიძლება ახლა ამ წამსაც ამომდის ფრთა, მაგრამ ვერ ვგრძნობ ამასა. ეს გრძნობა ჩემშია ჩაკლული. უბრალოდ ბევრ რამეზე ვართ დამოკიდებული. გვეშინია. შაოლინის ბერები ამბობენ, რომ ერთ გურუს დაუტოვებია ამქვეყნიური გრძნობები და ღრუბელზე ფეხი დაუდგამს. მეც ეს მინდა. დავტოვო ყველაფერი ჩემს უკან და წინ გავიხედო. არა მაღლა ავიხედო. გავთეთრდე და ვიქცე თეთრ ღამურად. რომელიც დააღწევს თავს ყველა ხაფანგს. და იქნება უფრო ძლიერი ვიდრე სხვა.