მთვარისფერი

უბრალო შავი ყუთი იყო, არაფერი განსაკუთრებული… მეწამულ წითელზე წითელი და მუქ შავზე მუქი. თითქოს ჩრდილზე შავი იყო, მზე კი საოცრად აცხუნებდა. მზის სხივები თითქოს შენს შიგნით გადიოდა და მის თითოეულ სხივს, მწვავე ნაღველი მოყვებოდა.
ყუთს არაფერი ეკარებოდა. უბრალოდ იდო თავისთვის. მყარი ჩანდა, მაგრამ უტეხი. საკეტი არ ჩანდა, მაგრამ გახსნა შეიძლებოდა. თუმცა რას ვამბობ, უბრალოდ ყუთი იყო. შავი ყუთი.
დავინახე, როგორ ეჯაჯგურებოდნენ, გახსნა უნდოდათ. ის კი მყარად იდგა. მე კი თითქოს მის შიგნით ვხედავდი. მწარე ქვითინი ისმოდა.
-და… მააა…ნე..ბეთ…..!
სხვები კი სიყვარულს ეფიცებოდნენ. შორიდან ვუყურებდი. მისი გახსნის მცდელობას ვერც გავივლებდი თავში. ჩემთვის ზედმეტად მიუწვდომელი იყო. ის ძლიერი და მყარი ჩანდა. მე სუსტი და მერყევი. თავი დავხარე და უბრალოდ გავაგრძელე გზა. ყუთი ისე ჩამოვიტოვე არც შემიხედავს მეორედ.
მივდიოდი და გზის მეორე მხარეს გრაფიტი შევნიშნე. უბრალოდ ძაღლი იყო მულტფილმიდან. წავბორძიკდი და წავიქეცი. გინება მომინდა , მაგრამ ჩემს წინ ყუთი შევნიშნე. ამაყი, შავი ფერის მზერას არ მაცილებდა. მე ენის ბორძიკით სალამი მინდოდა მეთქვა. საკუთარ თავში ვერ ვპოულობდი ძალას, რომ რამე მეთქვა… შემდეგ კი უბრალოდ გრაფიტისკენ ხელი გავიშვირე და თავჩაღუნულმა წავიდუდუნე.
-მოგიხდებოდა.
გაოცებული და გამჭოლი მზერა მოხვდა ჩემს, თავჩაქინდრულ თავს.
გზა მინდოდა გამეგრძელებინა მაგრამ:- ცუდი არ იქნებოდა. – იყო პასუხი.
ხმა მქონდა დაკარგული. მხოლოდ თავის დაქნევა მოვახერხე.
-მე კი ის მომიხდებოდა. – მეორედ გავიშვირე თითი. კედელზე ხის რტოები ეხატა. უბრალოდ ხის რტოები.
– მე კი ვარდები მინდა.
გვერდით მივუჯექი. მისი სიშავე გავინახევრე. შევიგრძენი მთელი სხეულით რას გრძნობდა და რას ფიქრობდა. თითქოს მხარი დამადო თავზე და მისი სუნთქვა ჩემი გახდა. უბრალოდ კარგი იყო. ახლა შავიც აღარ მეჩვენებოდა. საკუთარი მწვანე ფერი მიიღო. მე კი ისევ ის დავრჩი. ვიჯექი და ვუსმენდი მის არამონოტონურ სუნთქვას.
სუნთქვაში ვხედავდი მის ტკივილს და მის მღელვარებას. მეც მასთან ერთად მტკიოდა. მეც დავიწყე სუნთქვა. ვიგრძენი, რომ ყუთმაც მოისმინა, ჩემი სუნთქვა. უფრო და უფრო ღრმად ვსუნთქავდი. და უფრო მეტად შევიგრძნობდი მზეს და მის სხივებს. თუმცა მზე არ ჩანდა. მხოლოდ წვიმდა. წვიმაში კი საკუთარ ანარეკლს ვხედავდით. ორი ყუთი იყო მხოლოდ… ერთი მწვანე მეორე მთვარისფერი.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s