შადენფროიდე

არაფერს არ ვაკეთებდი, ქუჩაში ვიდექი მციოდა და მაწვიმდა. დაბოღმილი ვუყურებდი დაორთქლილ ფანჯრებს. წარმოვიდგენდი, როგორ სვამდნენ ცხელ ჩაის. ხანდახან შენს ფანჯარასაც გამოვხედავდი. გელოდებოდი. შენც არ მიყვარდი ამ წამს. მხოლოდ სიგარეტი მათბობდა. აი მაშინ მივხვდი. თუთუნი არასდროს გიღალატებს! გამეცინა და ერთიც მაგრად მოვქაჩე.  შენს სადარბაზოსთან ხე იდგა. ალბათ ერთადერთი შენს უბანში.

საოცარი მსგავსება ვიგრძენი. ისიც იდგა, იმასაც სციოდა და იმასაც აწვიმდა. გაღლეტილი, ორი ფოთოლი შერჩენოდა. ყვითელი და თანაც უკვე გამხმარი. მეც ორი ღერი მქონდა. მას ყავისფერი სამოსი ეცვა. მე მუქი ლურჯი და ცისფერი კეტები. ისევ მეცინებოდა. უცებ წარმოვიდგინე ის მშვენიერი სურათები, რომლებიც შემოდგომას ეძღვნებოდა. “გავარტყი თქვენს სურათებს!”. გამოდით გარეთ. აი აქაა ნამდვილი შემოდგომა. აი აქ იპოვით შემოდგომას. ყვითელი არა ლურჯი! ნაცრისფერია შემოდგომა. ნაცრისფერი ხალხო. წვიმა, ქარი, ტალახი. არა არც ნაცრისფერია. ყავისფერია.

გალუმპული და დაბოღმილი უკვე ადგილზე ვცეკვავდი. ყავისფერზე ცხელი ყავა გამახსენდა, რომელიც ასე მძულდა. კიდევ ერთი მცენარე, რომელიც სითბოსთან და სილამაზესთან ასოცირდება. “გავარტყი თქვენ სილამაზეს!” მგონი უკვე ვყვიროდი.

ქუჩაში გამვლელებს ზიზღიან სახეს ვახვედრებდი. გულში მიხაროდა. ისედაც უჟმურ ხასიათს, კიდევ უფრო ვუუჟმურებდი! ღმერთო რა ბოროტი ვიყავი იმ წამს! შადენფოიდე! საიდან გამახსენდა დღემდე არ ვიცი.

გარშემო ვიხედებოდი და ვეძებდი თუნდაც ერთ ლამაზ წერტილს. ისევ შენს ფანჯარას გავხედე და ქვის ძებნა დავიწყე გარშემო. წითელ-ყვითელი ფარდები გეკიდა სახლში! შემოდგომა მოსულა შენთანაც. “გავარტყი შენი ფარდის ფერებს!”. მე ჩემი შემოდგომა მიყვარდა. ალბათ მარტო მე ვხედავდი ამ ტალახიან და წვიმიან შემოდგომას ასეთს. და არა წითელს-ყვითელს და ბარაქიანს, როგორსაც სკოლაში გვასწავლიდნენ. ზამთარი ცივია და თეთრი, შემოდგომა ბარაქიანი და წითელ-ყვითელი, გაზაფხული ლამაზი და მწვანე, ზაფხული ცხელი და …. წადი თქვენი. გავარტყი თქვენს განათლების სისტემას! ზამთარი ცივია და სველი, შემოდგომა ცივია და სველი, გაზაფხული ცივია და სველი, ზაფხული კიდე ცხელი და მაინც სველი! ურნა მაინც დადგან სადმე რა უბედურებაა. (უკვე აღარ მძულდა, ახლა აღშფოთებული ვიყავი) გავარტყი თქვენნაირ მერიას! ძირს მოვისროლე უკვე ჩამწვარი სიგარეტი და გამიხარდა. კეთილიც ხომ უნდა ვყოფილიყავი. მეეზოვეებს საქმე გამოვუჩინე. მთლად უსაქმოდ არ იწოწიალებენ ქუჩაში.

უკვე ვღმუოდი ისე მციოდა, თავში აზრები მერეოდა და ფეხები მეყინებოდა. ამ დროს გამოჩნდი შენ. შენც ყვითელი საწვიმარი გეცვა. ოოოხ! ამოვიოხრე და წამოვიწიე.

–  გაიყინე?

– კი!!

– მანქანაში რატომ არ დამელოდე. თუ ფეხით ხარ!

სწორედ ამ წამს დაუკრა ჩემს თავში მუსიკამ! თითქოს შენს უკან კამერას გავხედე და მხრები ავიჩეჩე.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s