ბალახხარი

ჩვენს სსოფელს გარშემო ტყე ერტყა. თურმე ამ ტყეზე უამრავი ლეგენდა დადიოდა. როდესაც პატარა ვიყავი, პაპაჩემი ხშირად მიყვებოდა ამ ლეგენდებს. მშვენიერი ზღაპრები იყო ძილის წინ. ყოველთვის მშვიდად მეძინებოდა და ხშირად მეც ვიღებდი ამ ზღაპრებში მონაწილეობას. თურმე ადრე ტყეს ბალახხარს ეძახდნენ.

მოხუცი ხშირად თვალცრემლიანი ახსენებდა ხოლმე ტყის სახელს. ხშირად მიკითხავს, თუმცა პასუხი არასდროს მიმიღია. სევდიანი ღიმილით და კეთილი თვალებით თავზე ხელს გადამისვამდა, რომელიც მუშაობისგან გამაგრებულიყო, თუმცა თბილი და საოცრად მოსიყვარულე ხელი იყო.

ჩემი საყვარელი ზღაპარი კი მითურიყურშას შესახებ იყო. ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ ოდესმე შევხვდებოდი, ხშირად მინადირია სიზმარში, მასთან ერთად. მე მშვილდით, მითურიყურშა კი საუცხოო ყნოსვით, ვიყავით შეიარაღებულნი.

ბალახხარის შემოგარენში ხშირად ვსეირნობდი ხოლმე, ვაგროვებდი სოკოს ან რკოს.უკვე დავიწყებულ ზღაპრებს აღარც ვიგონებდი. ადრე ბალახხარი,ახლა უკვე ჩვეულებრივ ტყედ იქცა, რომლის სახელიც სადღაც გონების კუნჭულში ვიცოდი, თუმცა აღარ ვიგონებდი. ტყე კი თითქოს მეძახდა, მაგრამ ბავშვი აღარ ვიყავი, და აღარც ტყეს ვუსმენდი. ახლა კი მინდა მოგითხროთ რა გადამხდა იმ საბედისწერო დილას, როდესაც გადავკვეთე საზღვარი ბალახხარისა.

მაშინ ახალგაზრდა ჭაბუკი ვიყავი, მკლავღონიერი და მხარბეჭიანი. წვერი ახალი ამოსული მქონდა და ჩემი ულვაშით ხშირად ვიწონებდი თავს სოფლის გოგოებთან. რომლებიც ჩემს დანახვაზე ჩუმად კისკისებდნენ ხოლმე.

წინა დღისით მთელი დღე წვიმდა. გადაწყვეტილი მქონდა დილით ვწვეოდი ტყეს. ნადირობის სურვილი მკლავდა. დილით მხარზე შემოვიგდე მშვილდ-ისარი, წელზე კი ძველი მაგრამ საიმედო ხანჯალი შემოვირტყი. ჯერ კიდევ ბნელოდა, თუმცა სასიამოვნო იყო დილის ჰაერის შესუნთქვა.

ტყის შემოგარენში სასიამოვნო სიგრილე იყო, მშვილდი შევამადე და ნაბიჯი გადავდგი. შემოგარენი საკუთარი ხუთი თითვით ვიცოდი. მალევე დავადექი ტახის კვალს, წინ მივიწევდი და თითქოს ვგრძნობდი კიდეც, რომ სამსხვერპლო ახლო იყო.

მალე მივაგენი საკბილოს, თითქოს უკვე შემწვარი ხორცის სუნიც მცემდა. ტახი მდინარიდან წყალს სვამდა. მშვილდი მოვჭიმე და გავინაბე, შესაფერის მომენტს ველოდი. თითქოს სიგნალი იყოსო, საიდანღაც ორბის ხმა მოისმა. ტახმაც თავი ასწია. თითქოს გაქცევა დააპირა და მეც ამ დროს გავუშვი ხელი ისარს. სახეზე გამარჯვებულის ღიმილი გადამეკრა სახეზე. სანამ ისარი მიზანს მიაღწევდა კვლავ გაისმა ორიბის ყივილი. ზევიდან სწრაფად ეშვებოდა ორბი, რომელსაც კლანჭებში ლეკვი მოექცია. თითქოს წინასწარ დათქმულიაო, ჩემი ისარი ორბს ფრთაში მოხვდა, ისარმა შეანელა ორბის ვარდნა. წყლისკენ გაისროლა და მდინარეში ჩააგდო.

გაოცებული ვიყავი. მხოლოდ ერთი წამოვიყვირე. ” შემეწიე დალი” და მაშინვე მდინარისკენ გავვარდი. მდინარეში შევვარდი. მკლავები მძლავრად მოვიქნიე და დინებაში წყალზე ამოტივტივებული ფრთებისკენ გავწიე. მარჯვენა ხელი ფრთას ჩავავლე, მარცხენა,კი დიდ ქვას მოვკიდე. ორბი იღლიაში ამოვიდე და ნაპირისკენ გავცურე. ღონემიხდილი ზურგზე გავგორდი. ხელით ისევ მოვსინჯე ორბი. ფრთა შემდეგ ნისკარტს მინდოდა შევხებოდი მაგრამ, ჰოი საოცრებავ. სად იყო ნისკარტი. ხელი სველ ბეწვს შევახე. მაშინვე წამოვხტი. “ღმერთებო ივერიისა!” შევძახე გაოცებულმა. ხელში ფრთოსანი ლეკვი მეჭირა. თვალის შევლება და ჩემი გულის წასვლა ერთი იყო.

სახეზე სისველე ვიგრძენი, თვალები გავახილე და დაფჩენილი ხახა დავინახე. სანამ მეძინა დათვი მომდგომოდა. დუჟმომდგარი პირი გაეღო და ყურისწამღებად დამიღიალა ზემოდან. ვცდილობდი არ მემოძრავა. ხელით ხმალი მოვსინჯე. ველოდებოდი როდის შემომიტევდა ეს ვეება არსება. უცებ რატომღაც, უფრო საზარლად დაიღმუვლა და თავი მარცხნივ მიაბრუნა. ელვისებურად ვიმოქმედე. ხანჯალი პირდაპირ ყელში შევურჭე. წამოვხტი და მაშინვე თავი მოვკვეთე, ერთი ძლიერი დარტყმით. სისხლით ვიყავი მოთხვრილი და ღრმად ვსუნთქვავდი. მხოლოდ ახლა შევნიშნე, დათვს თურმე პატარა, ფრთიანმა ლეკვმა გაუფანტა ყურადღება. თათზე ჯერ კიდევ ეჯაჯგურებოიდა, თავისი პატარა კბილებით.

ტყის კიდემდე ვათრიე დათვი. მხოლოდ ტყის საზღვართან ჩამოვჯექი და დანამული შუბლი შევიმშრალე. ლეკვი უკან მომყვებოდა. ახლა ჩემს ფეხებთან ეძინა. ჩემს ნანადირევს ვუყურებდი და სიამაყით ვივსებოდი. თავი და ტანი განცალკევებული და წითლად შეღებილი. ლეკვს კი ისევ ეძინა, ღმა ძილით. გონებაში წარმოვიდგინე, თუ როგორ შეხვდებოდნენ სხვა მონადირეები ამ ამბავს. მათი თვალების წარმოდგენისას სახეზე ღიმილი გადამეფინა.

ცას შევყურებდი და ღმერთებს მადლობას ვწირავდი. სასიამოვნო სიო ქროდა, მხოლოდ უკნიდან ტოტების მტვრევის ხმა ისმოდა. მე კი,ტრანსში მყოფმა,ვერაფერი შევნიშნე. მე დალის მივმართავდი. მახსოვს მადლობა გადავუხადე, რომ მითურიყურშა მაჩუქა. სწორედ ღმერთის საჩუქარი შეიძლებოდა ყოფილიყო, ეს საოცარი არსება. ტუჩები ოქროსფერი, თვალები მთვარისებრი, ბეწვი თეთრი და ფაფუკი. ძლიერი და სწრაფი. ყველა მონადირის საოცნებო მეძებარი და ნამდვილი მეგობარი იყო. სწორედ ამ არსებისკენ დავიხედე და დავინახე, რომ ტყისკენ მიბრუნებულიყო და უღრენდა სიბნელეს, საიდანაც ორი მეწამული თვალი მომჩერებოდა. შორიდანაც მესმოდა, ქშენა. უცებ მთვარის შუქი დაეცა ამ ადგილს. ადგილზე გავშეშდი. ტყის სიღრმიდან მწვანე ხარი მოჩანდა. სიმაღლით ორ მეტრზე ნაკლები არ იქნებოდა. ჩლიქები ღრმად ესობოდა რბილ მიწაში, ძლიერი ტანით კი გარშემო ყველაფერს ამტვრევდა. იგი ჩემს წინ გაჩერდა. მითური უკან იხევდა და ჩემს მარჯვენა ფეხს ამოეფარა. წითელი თვალები თითქოს წვავდა. მისი ცხელი სუნთქვა სახეზე მცემდა. ყოველ წამს ველოდი, რომ რქებზე წამოვეგებოდი, რომლებიც თითქოს სწორედ ამისთვის მიეცა დალის მისთვის.

განძრევაც ვერ მოვასწარი. მწვანე ხარმა ელვისებური მოძრაობით შემომიტია და ჩემი რქებზე წამოგება უნდოდა. ტკივილი არ მიგრძვნია, თუმცა ვერც ვერაფერი ვიგრძენი. გავიგე მხოლოდ სულისშემძვრელი ღმუილი. თვალები გავახილე. რქა ზუსტად,ჩემს მკერდთან,რამოდენიმე მტკაველის იქით გაჩერებულიყო. ხარი კი უკვე მთელი ძალით ეხეთქებოდა უხილავ კედელს. ჩემს ფეხებთან სინათლე შევნიშნე. ასოები თეთრად ციალებდა. ” არა ხარ ღირსეულ”. ხარს უკვე ზურგი შეექცია ჩემთვის. კუდის ქნევით ბრუნდებოდა დაბურულ ტყეში. გონება მკარნახობდა, რომ ეს იყო”ბალახხარი”.

  *   *  *

ბარბალე უკვე ზემოდან დამყურებდა, როდესაც სოფელში შევედი. მივდიოდი დამწუხრებული, თუმცა გამარჯვებული. არავისთვის გამიმხელია მწვანე ხარის შესახებ. პატარა ბავშვებმა, ჩემს სახლში მისვლამდე მიიტანეს ამბავი. “ცალი ხელით დათვის ტანს მოათრევს, ცალით თავს” “დათვისკბილა მოდის, თურმე მითურიყურშა დაუჭერია” ბჭობდნენ მოხუცები. მე კი მივდიოდი და მხოლოდ ჩემი სახლი მედგა თვალწინ.

მრავალი წელი გავიდა მას შემდეგ, მე უფრო გამოცდილი და ძლიერი მონადირე გავხდი. ტყეში კი ყოველთვის იმ იმედით შევდიოდი, რომ ახლა მაინც ვიყავი ღირსეული. თუმცა არასდროს შემხვედრია მწვანე ხარი. ამ შემთხვევამ შემცვალა. ადრე მხიარული და თავმომწონე, ახლა ჩაკეტილი და უხეშიც გავხდი. მხოლოდ ტყისკენ მიმიწევდა გული. მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა გონებაში:”მე უნდა გავხდე ღირსეული”.  თუმცა ახლა, მრავალი საუკუნის შემდეგ, ვფიქრობ, რომ სულაც არ ვიყავი ღირსეული. მაშინ როდესაც კვლავ გადავეყარე ხარს. ადრე თუ ძალა მეგონა ღირსება, ახლა გონებაა ჩემი ღირსება. რომელსაც აღარ შეუძლია ძველებურად მუშაობა. თუმცა აღარც მკლავი შემრჩა ძლიერი. დამრჩა მხოლოდ მოგონებები. მოგონებები სადაც ვიყავი ვახტანგი და ვიყავი დავითი. ხან გორგასალი, ხანაც აღმაშენებელი. ვიყავი ერეკლეც. თუმცა არა პატარა კახი. მაგრამ სანამ გავხდებოდი ვახტანგი, დავითი ან ერეკლე,ვიყავი ერთი უბრალო მონადირე. მონადირე, რომელსაც ჰყავდა ერთგული მეგობარი და მონადირე, რომელიც მწვანე სისხლით შეიღება.

ღირსების ძებნაში, მრავალი წელი გავატარე. მითური, რომელიც წამითაც არ მომშორებია, ჩემსავით ძლიერი და სწრაფი იყო. ამაყი მებრძოლი იყო. ჯიხვს ორ ნახტომში იჭერდა. მე კი ერთ ისარზე მეტს არ ვხარჯავდი ნადირის გასაგმირად.

“უკვე ღირსეული ვარ”. მაგიჟებდა ეს აზრი. გაგიჟებული დავეხეტებოდი ტყეში. ნადირი აღარ მეკარებოდა, თითქოს  ჩემს სუნს ცნობდნენ. მხოლოდ მითური იყო ჩემი თანამგზავრი. მხოლოდ მისი იმედი მქონდა, მას კი ალბათ ჩემი.  იმ დღეს ძლიერი ქარი ქროდა. ალბათ იწვიმებდა კიდეც. თავშესაფარს ვეძებდი. თავშესაფრის ნაცვლად კი ტრიალ მინდორზე გავედი. იქამდე იქ არასდროს ვიყავი ნამყოფი. გარშემო ყველაფერი მწვანედ ხასხასებდა. შორიდან კი ყველაზე მუქად მოჩანდა მწვანე ხარი. თითქოს ამდენი წლის შემდეგ, პირველად ამოვისუნთქე მშვიდად. სიხარულის ყიჟინა დავეცი და ისარი გავტყორცნე. წითელი თვალები, მართლაც წვავდა. ხარმა ერთი შეხედვით ჰარში ააორთქლა ისარი. ხმლის ჯერი იყო.

ღმერთების საკადრი ბრძოლა იყო. მითური, რომელიც თითქოს ხვდებოდა, ჩემი გულის ნადებს არ ჩარეულა. თავდაუზოგავად ვიბრძოდი. ხარიც არ მაკლებდა. ჩემი ხმალი და მისი რქები. ჩემი მუშტი და მისი ჩლიქები. პირველად მე დავჭერი, თავზე ღრმა ჭრილობა მივაყენე, შემდეგ კი ფეხში დამჭრა. ბალახხარი დაუნდობელი იყო. მძლავრი რქებით ჰაერში ამაგდო. თუმცა მე დაუმარცხებელი ვიყავი. ქვემოთ ვარდნისას მოვასწარი ხმლის თავში ჩასობა.

მწვანე ბალახზე ვიწექი გულაღმა. სახეზე გამარჯვების ღიმილი დამთამაშებდა. თუმცა ვგრძნობდი, რომ ვკვდებოდი. მითური მომიახლოვდა. თათები მწვანე სისხლში ჰქონდა მოსვრილი. ხარის თავიდან გამოდენილი სისხლი კი თითქოს ცოცხალი იყო. ბოლოს ერთ ადგილას შეიკრა. იქიდან კი ლამაზი ქალწული გადმოვიდა. შიშველი იყო, თუმცა მისი სილამაზე ადამიანს ყოველგვარ ბილწ აზრებს უკარგავდა. წამოდგომა მეწადა, თუმცა ვერ შევძელი. ქალწული მომიახლოვდა. ჩემს გვედით, მუხლებზე დაიჩოქა. გრძელი შავი თმა, მუხლებზე სცემდა. თეთრი კანი კი თითქოს სინათლეს ასხივებდა. ამის შემდეგ კი აღარაფერი მახსოვს, როდესაც გავიღვიძე აღარსად იყო მწვანე მდელო. აღარც ჭრილობა მქონდა. მხოლოდ მწვანე სისხლით ვიყავი შეღებილი. მითური არსად ჩანდა. რამოდენიმე დღე ვეძებდი თუმცა უშედეგოდ. დაბნეული და მეგობრის დაკარგვით შეწუხებული სოფელში დავბრუნდი. ისევ ვერ გავბედე ვინმესთვის მომეყოლა ბალახხარზე.  ისევ ჩავიკეტე საკუთარ თავში. თუმცა მეგობრის პოვნას ყოველდღე ვცდილობდი. გადიოდა წლები, მე კი ასაკი არ მეტყობოდა. ძალა კი ისევ ისეთი მქონდა. რა მოხდა იმ დღეს არ ვიცი. თუმცა გული მიგრძნობდა, რომ ერთგულმა მეგობარმა ჩემს გამო სიცოცხლე გაწირა. სიცოცხლე, რომელმაც უკვდავება მაჩუქა.

1 thought on “ბალახხარი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s