რეალობა????

ხანდახან გონება საფერფლესავით მევსება. ათასი სახის ნაგვით მაქვს სავსე. ზემოთ სიგარეტის ნამწვავია. ქვემოთ ფერფლი. ფერფლი დიდხანს რჩება გონებაში. ხოლო ის ნაგავი, რომელსაც სიგარეტი ქვია, ხშირად მივარდება გონებიდან.

ყოველ დილით ვდგები და ისევ ვარღვევ წინა დღისით დადებულ პირობას, რომ აღარ მოვწევ. ყოველ დილას ვდებ პირობას, რომ უფრო ადრე დავიძინებ. თუმცა ყოველ საღამოს ირღვევა ეს ყველაფერი. ყოველდღე ვუახლოვდები სიკვდილს და ყოველი დღე სიბნელის შიშით მთავრდება. სასაცილოა. ადამიანს იმისი ეშინია, რისი გარღვევაც ხელის ერთი მოსმით შეუძლია. მეც შემიძლია დავარღვიო სიბნელე, თუმცა არ მინდა. თითქოს სადღაც გონების ერთ ადგილას ჩაბუდებული მაქვს, რომ არ ღირს ამის გაკეთება. თითქოს ვიღაც მკარნახობს, რომ უნდა მეშინოდეს.

არის საღამოები, როდესაც არ მეშინია. ამ დროს უბრალოდ მარტო არ ვარ. ჩემი აზრით, სიბნელის შიში მარტოობაა. სიბნელე გვაგრძნობინებს ჩვენი სხეულის თითოეულ ნაწილს და ვგრძნობთ, რამდენად მარტოები ვართ. რამდენად უსუსურები და დაუცველები ვართ. სიკვდილის და სიბნელის შიში ერთმანეთს ძალიან ჰგავს. ორივე ჩვენი ცხოვრების აჩრდილია. ყოველთვის უკან დაგვდევს და თითქოს შიგნიდან გვჭამს. მე მათ ყვავებს ვეძახი. (რომანტიკოსების გავლენაა).

ერთი “ბიჩოკი” გადავაგდე ჩემი საფერფლედან. მეორის ჯერი დგება. თუმცა სანამ მეორეზე გადავალ კიდევ ერთ ღერს მოვუკიდებ.

ვფიქრობ, რომ ზედმეტად ვიზღუდებით მწეველები. ყველა გარშემო თანასწორობაზე საუბრობს, როდესაც ჩვენ ვინც ვეწევით გვზღუდავენ. გვიშლიან იქ მოწევას სადაც, რატომღაც ვიღაც ტვინიკოსმა დაასკვნა, რომ არ შეიძლება მოწევა. არა არ ვგიჟები ამ ჩვევაზე თუმცა ვერ ვხვდები, სუნთქვას რატომ არ უშლიან არამწეველებს. ხშირად ზოგი მწეველი სიგარეტით სუნთქავს. ბევრს არ ვითხოვ, უბრალოდ გაგვიშვით. საკუთარი შეზღუდვებიც გვეყოფა. რომელიც ყოველ დილით იწყება. ალბათ ყველა (მათ შორის მეც) ყოველ დილას ერთიდაიგივე პირობას დებს, რომ აღარ მოწევს დღის განმავლობაში. მაგრამ ეს უბრალოდ ჩვევაა. უნებისყოფოებს გვეძახიან. აბა სცადონ და მთელი დღე ნებისყოფიანად ქაჩონ ეს “ძაღლისგაგდებული” სიგარეტი. თუმცა ვაღიაროთ. არც კი ვცდილობთ.

ისევ მოვისროლე ერთი “ბიჩოკი”. რა დამღლელია ეს გრძნობებისგან დაცლა. ყველაზე არასასიამოვნო პროცესია. თუმცა ერთი რამ მახარებს ხოლმე. მიხარია როდესაც ჩემს დაწერილს ვინმე კითხულობს. თუნდაც არ მოეწონოს. წაიკითხეთ. იქნებ რამე მეშველოს და უფრო ხშირად ამოხეთქოს ხოლმე გრძნობებმა. დაძლიოს ეს მკვლელი მელანქოლია, რომელიც სხეულს თითქოს გარედან შემოჰკვრია და განძრევის საშუალებას არ მაძლევს. არა მე არ ვწუწუნებ, არც უკმაყოფილო ვარ ყოფით. პირიქით, ვფიქრობ, რომ ეს რეალობაა. და ამას უნდა შევეგუოთ. რა საჭიროა იმასთან ბრძოლა, რაც მოგვწონს. ხშირად ვფიქრობ, ხოლმე ამაზე. ვუსმენ ხალხს და თითქოს დაღწევა უნდათ იმ რეალობიდან, რომელშიც მთელი ცხოვრება გალიეს. თუ უკმაყოფილო ხარ სხვა რეალობა მოირგე და შეეშვი წუწუნს. ეს ყველაფერი ზემოთხსენებული არ იყო წუწუნი. პირიქით მიხარია, რომ ასეა. ცხოვრება თუ უინტერესოა არის მასში რაღაც მიმზიდველი.

ხშირად არ მესმის ვინ დაადგინა რა არის საინტერესო და რა უინტერესო. თუ მე ვცხოვრობ ამ რეალობაში მაშინ როგორ არის ეს უინტერესო. ჩემთვის სულაც არაა ჩემი ცხოვრება უინტერესო. ყოველი ჭიქა ჩაი, ყოველი ღერი სიგარეტი, ყოველი ახალი ადამიანი, რომელსაც გავიცნობ ჩემთვის სიხარულის მომტანია. თუმცა არა, სიგარეტი არ მახარებს ხოლმე მაინცდამაინც.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s