ბედობა

2 იანვარი 00:00, სიგარეტი, კომპიუტერი, კოკა-კოლა. ჯანდაბაა… ისევ იგივე უნდა დამებედოს? თუმცა რატომ მხოლოდ ეს? დღისით კაი დღე მექნება. ის უნდა ვნახო… ვინ ის? რავიცი ერთია რა. უბრალოდ რაღაცნაირად კარგად გამახსენდება ეს დღე. ახალი წელია მაინც. თუმცა ბევრიც არ მახსოვს პირველი იანვრის ღამიდან. თუმცა ვიცი,რომ გავერთე. ამას ჩემს ტელეფონში მესიჯები, სურათები და დაღლილ დაქანცული სახე მეუბნება.

რატომღაც მჯერა, რომ 2 იანვარი ჯადოსნური დღეა. ახალი წლის მეორე დღეა. ყოველთვის ახალი წლის მესამე დღედ მეჩვენებოდა ბედობა. 🙂 სულელური ბავშვური წარმოდგენა იყო ალბათ. ახლა ვხვდები, რომ მესამე კი არა უფრო მეტია. პირველი დღეა. დასაწყისია. ხოდა მეც ვიწყებ. რას ვიწყებ? თავიდან ცხოვრებას. სიგარეტის მოწევას დავანებებ თავს, აღარ დავლევ(კოკა-კოლას). წვერის გაპარსვას დავიწებ… კაი კაი ვიტყუები. ვიქნები ის რაც ვარ. თუმცა თუ ჩემს ცხოვრებაში მოხდება გარკვეული ცვლილებები მზად ვარ მეც ხელგაშილილი შევეგებო ამ ყველაფერს. მაგრამ წინასწარ მეზარება. ან უბრალოდ მინდა ვიყო ის რაც ვარ.

ისევ ბედობაზე ვფიქრობ. რას მომცემს მე ეს დღე? თუმცა მე რას მივცემ ამ დღეს, ისიც საფიქრალია. 2014 წელი მახსენდება. შავი წელი იყო ჩემთვის. ბევრი ტკივილი, სიხარულიც იყო. მაგრამ ტკივილი ახლაცაა. ერთი წლის შემდეგაც. საშინელებაა. თუმცა ვუმკლავდები. ცხოვრებას თავს არ დავუხრი და წინ დავიწყებ ყურებას. მოთხრობასაც დავწერ ალბათ, ოდესმე. თუმცა რაც მთავარია დავწერ, აღარც გაგიხსენებ. თუმცა როგორ არ გაგიხსენო. მაგრამ მაინც. დაგივიწყებ და სხვას შევიყვარებ. ამას შენ ჯინაზე არ გავაკეთებ. ამას ისე ჩემთვის ვიზამ. ჩემი ბედნიერი კუთხე მინდა მქონდეს გულის ნაწილში. იმ გულის ნაწილში, სადაც საპირისპირო სქესისთვის არის ადგილი. თუმცა მოგონებებში დარჩები. მაგრამ ოდესმე უკვე მინდა, რომ სახეზე ღიმილით გამახსენდე. ისევ ბედობა. ისევ შენზე ვფიქრობ.

მორჩა წარსული. მომავალზეა ფიქრი საჭირო. და ვიყურები კიდეც წინ. გზა ნათელი არაა. მზის ჩამავალი შუქი მიშლის ხელს წინ გახედვაში. წინ ჰორიზონტზე მხოლოდ წითელ ცას ვხედავ. წითელი ცა ვარსკვლავებითაა მოჭედილი. უკან მთვარე მომყვება. ეს მოგონებების ნაცრისფერი მთვარეა. შეიძლება ეს მთვარე ოდესღაც მე ვიყავი. ცივი და მიუკარებელი. ძლიერი თან ამავდროულად სუსტი. ვიღაცის შუქი მჭირდებოდა. ერთ დღესაც მივიღე მე შუქი. ეს მზის შუქი იყო. თუმცა დავბრმავდი, ახლა სწორედ ეს ჩამავალი მზე მიშლის ხელს წინ გახედვაში. მაგრამ მზეს მხოლოდ 24 საათი აქვს თავიდან ამოსასვლელად. ეს 24 საათი მჭირდება. ახლა 2 იანვარია 00:00 ვნახოთ ხვალ ამ დროს რა იქნება. მაინტერესებს მზე რა მდგომარეობაში იქნება. გილოცავთ ყველას ახალ წელს. ❤

2 thoughts on “ბედობა

დატოვე კომენტარი